ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად – საქართველოს მთავრობა
306 ინფიცირებული - „ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება...“
საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის პიკის ფაზაშიშედის.
„15 აპრილის მონაცემებით, უკვე ქვეყანაში გვყავს 306 დადასტურებული შემთხვევა კოვიდ-ინფიცირებისა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და ასევე, მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, რა კავშირებიც უკვე ახალ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. ჩვენ, პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და, ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე მკაცრდება შეზღუდვები და დღეიდან, საღამოს 9 საათიდან იკრძალება თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან გასვლა და ამ ქალაქებში შესვლა. ამასთან, მთავრობის დადგენილებით დაშვებულია გამონაკლისები.
გარდა ამისა, მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, 10 მაისამდე გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა, რომელიც 21 აპრილს უნდა ამოწურულიყო.
საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ყველა დაწესებული აკრძალვა და შეზღუდვა, „მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ სახლები, დავრჩეთ სახლში და ამით დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება“.
წყარო: radiotavisufleba.ge
კომენტარები