იტალიასაზოგადოება

იტალია: რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მე-10 დღეა იკლებს

გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა

იტალიაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა მე-10 დღეა სტაბილურად იკლებს, გასულ 24 საათში მათი რაოდენობა კიდევ 83-ით შემცირდა და ამჟამად რეანიმაციის პაციენტთა რიცხვი 3260-ია, მათგან 1143 ლომბარდიის საავადმყოფოებშია მოთავსებული.

20 ათასს გადააჭარბა ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით გარდაცვალების შემთხვევებმა – გასულ 24 საათში 566 ადამიანი დაიღუპა კოვიდ-19-ით (გუშინ ეს მაჩვენებელი 431 იყო) და სულ მსხვერპლთა რიცხვი ამ დროისთვის 20465-ს შეადგენს (ამ მაჩვენებლით იტალია მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება, სადაც უკვე დაღუპულია 22 850 ადამიანი, 745-ით მეტი, ვიდრე გუშინ ამ დროისთვის).

ჩატარებული 45 ათასამდე ტესტის შედეგად იტალიაში ინფიცირების 3153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (ჯამში – 159 516), გამოჯანმრთელდა 35 435 პაციენტი, 1224-ით მეტი, ვიდრე გუშინ. ეს მონაცემები გახდა ცნობილი დღეს სამოქალაქო დაცვის სამსახურის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ წავალთ ამ ზაფხულს პლაჟზე, – განაცხადა იტალიის კულტურის მინისტრის მოადგილემ ლორენცა ბონაკორსიმ, – ჩვენ ვმუშაობთ ამაზე“. მან განმარტა, რომ სამეცნიერო-ტექნიკურ კომიტეტთან ერთად მუშაობენ „დისტანცირების შესაძლებლობაზე“, ამ დროისთვის სწავლობენ ზომებს, როგორ შეიძლება განვითარდებს „ტურიზმი სიახლოვეს“ (“turismo di prossimità”), რომელიც უპირატესობას ანიჭებს სოფლებს, ვიდრე ხალხმრავალ ზონებს. მან, აგრეთვე, ისაუბრა „მესამე ფაზაზე“: „მოდით, [ამაზე] დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუშაობა“, – აღნიშნა მან.

ვენეტოს რეგიონის (ვენეცია) ხელისუფლება ზოგიერთ შეზღუდვას აუქმებს – ამის თაობაზე დღეს რეგიონის პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ განაცხადა. კერძოდ, იხსნება 200-მეტრიანი შეზღუდვა ფიზიკური აქტივობისათვის, როდესაც ადამიანს აკრძალული ჰქონდა სპორტული ვარჯიშისას სახლს 200 მეტრზე მეტი მანძილით მოშორებოდა, თუმცა მოქალაქეებმა ფიზიკური ვარჯიშები ძველებურად მარტო უნდა შეასრულონ, კომპანიონ(ებ)ის გარეშე.

არავითარი პიკნიკი და მწვადი დღესასწაულებზე (25  აპრილს – გათავისუფლების დღე და პირველ მაისს – მუშათა საერთაშორისო დღე, აგრეთვე, კათოლიკური დღესასწაული, წმინდა იოსების დღე). შესაძლებელია ისინი აღინიშნოს მხოლოდ შინ, ოჯახის წევრებთან ერთად, სტუმრების გარეშე, სახლში ან ეზოში – მათ შემთხვევაში, ვისაც კერძო სახლი აქვს ეზოთი, განაცხადა ლუკა ძაიამ.

იტალიელი ტენორის, ანდრეა ბოჩელის სააღდგომო კონცერტი პირდაპირი ტრანსლაციისას და შემდეგ, ვიდეოჩანაწერით 25 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოისმინა. 12 აპრილს, საღამოს 7 საათზე ანდრეა ბოჩელიმ მილანის ცარიელ საკათედრო ტაძარში იმღერა. „მუსიკა იმედისთვის“ – ასე ერქვა ამ მართლაც სულშიჩამწვდომ ნახევარსაათიან კონცერტს. თავად მომღერალმა აღნიშნა, რომ პროგრამისთვის მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური ნაწარმოებები აირჩია არა იმიტომ, რომ კონცერტი აღდგომას ჩატარდა, არამედ იმიტომ, რომ იმედოვნებდა, რომ მისი შესრულება ერთგვარი საერთო ლოცვა იქნებოდა.

ნიკო აბაშიშვილი

ამ გრაფიკულ სურათზე, რომელიც „ანსამ“ გამოაქვეყნა, მწვანე ნაწილში ნაჩვენებია ინფიცირების შემთხვევების ჯამური რაოდენობის ზრდა თებერვლის ბოლოდან დღემდე; ქვედა, ვარდისფერ ნაწილში – აქტიური (მოქმედი) პაციენტების რაოდენობის დღიური ზრდის მაჩვენებლები. გასულ 24 საათში, მაგალითად, მოქმედი პაციენტების რაოდენობა 1363-ით გაიზარდა (ინფიცირების 3153 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 566 ადამიანი გარდაიცვალა, 1224 – გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, მოქმედი პაციენტების რაოდენობა 1363-ით გაიზარდა: 3153-566-1224=1363).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close