იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსით 431 ადამიანი გარდაიცვალა – ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 19 მარტის შემდეგ
ანდრეა ბოჩელი მარტო მღერის მილანის დუომოში - Music For Hope
იტალიაში 19 მარტის შემდეგ ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ლეტალობის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დღეს, 12 აპრილს დაფიქსირდა – გასულ ერთ დღე-ღამეში 431 ადამიანი გარდაიცვალა (19 მარტს – 427) და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 19 899-ს მიაღწია.
ამ დროისთვის მთლიანობაში იტალიაში 102 253 მოქმედი პაციენტია (1984-ით მეტი, ვიდრე გუშინ). რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტთა რაოდენობა მე-9 დღეა იკლებს, ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 3343 პაციენტია მოთავსებული, 38-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ. მათგან 1176 – ლომბარდიაშია. მოქმედი პაციენტებიდან 71 063 მსუბუქი სიმპტომებით სახლის პირობებში მკურნალობს.
გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ იტალიაში 156 363-ს მიაღწია, გასულ ერთ დღე-ღამეში გამოვლინდა კიდევ 4092 შემთხვევა (50 ათასი ტესტის, იგივე „ტამპონის“ შედეგად).
მცირდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ლომბარდიაში – გასულ 24 საათში გარდაიცვალა 110 ადამიანი (გუშინ ეს მაჩვენებელი იყო 273).
ასეთი მაჩვენებლები წარადგინდა დღეს სამოქალაქო დაცვის სამსახურმა ტრადიციულ საღამოს პრესკონფერენციაზე.
დღეს იტალიაში აღდგომის კვირადღეა, თუმცა კათოლიკური ეკლესიისთვის ეს მთავარი დღესასწაული პომპეზურობის გარეშე აღინიშნა გასაგები მიზეზების გამო.
პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ქვეყნის მოსახლეობას აღდგომა ფეისბუქიდან მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანა მალე შეძლებს შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსვლას ერთობლივი ძალისხმევით.
აღდგომის კვირა დღეს, ქალაქის და საკათედრო ტაძრის მიწვევით, მსოფლიო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავი ანდრეა ბოჩელი მილანის დუომოდან სოლო კონცერტს მართავს ადგილობრივი დროით 19:00 საათიდან – მარტო გრანდიოზულ ტაძარში.
ნიკო აბაშიშვილი
Music For Hope
კომენტარები