fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

კორონავირუსი: კრიტიკული თარიღი საბერძნეთისთვის, ახალი ვაქცინა და ელექტრონული სამაჯური დამრღვევებისთვის

მონაცემებს, თუ როდის მიაღწევს ეპიდემია პიკს და რამდენი მსხვერპლი იქნება დაავადება Covid-19-ის შედეგად საბერძნეთში, ბოლო დროს  ჩატარებული ანალიზის მიხედვით ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა წარმოგვიდგენს.

გაზეთ Ta Nea-ს თანახმად, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის გუნდმა გამოიყენა ადგილობრივი და საერთაშორისო მონაცემები შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ასევე, ასაკთან დაკავშირებული ანალიზი იტალიაში, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში, ყოველდღიურად მსხვერპლის პროგნოზირების მოდელების შემუშავების მიზნით. რაც შეეხება საბერძნეთს, ცნობილი „მრუდი“, როგორც ჩანს, პიკს 21 აპრილს აღწევს, როდესაც საშუალოდ დღეში 13 ადამიანი გარდაიცვლება.

ასევე, ამავე მონაცემების თანახმად  ჩანს, რომ საბერძნეთში დაღუპულთა რაოდენობამ  მაისის ბოლოს შეიძლება 450-ს გადააჭარბოს. როგორც აღნიშნავენ, დღეიდან 13 დღე გვაშორებს პანდემიის „მწვერვალს“. იმავეს ვარაუდობდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი პროფესორი სოტირის ციოდრასი და სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ხარდალიასი, რომლებიც სისტემატიურად აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ შემდეგი ორი კვირა ყველაზე კრიტიკული იქნება Covid-19-ის შეჩერებისთვის ბრძოლაში.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საბერძნეთში განიხილება, არის ელექტრონული სამაჯური მათთვის, ვინც საკარანტინო წესებს არღვევს, რათა დამნაშავეების კონტროლი იყოს!

„თუ წესები არ იქნება დაცული, მაშინ მთავრობა მიიღებს ზომებს საყოველთაო  ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, თუნდაც ელექტრონული სამაჯურები იყოს საჭირო“, – თქვა ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა.

სოტირის ციოდრასმა ისაუბრა, აგრეთვე, ამერიკელი მეცნიერების ახალი ძალისხმევის შესახებ, რომლებიც ამბობენ, რომ არსებობს ვაქცინის მიღების წარმატებული გზა.

აიოვას და ჯორჯიის შტატების უნივერსიტეტების მკვლევარებმა შეიმუშავეს ვაქცინა, რომელიც მთლიანად იცავს თაგვებს Mers-ის სასიკვდილო დოზისგან. როგორც ცნობილია, Mers-იც კორონავირუსის ჯგუფის ვირუსია და COVID-19-ის დაავადების გამომწვევი SARS-CoV2-ის „ახლო ნათესავია“.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სპეციალისტების ვაქცინის მხოლოდ ერთჯერადმა დოზამ სრულად გამოაჯანმრთელა კორონავირუს MERS-ის მაღალი დოზით დასნეულებული თაგვები.

როდესაც გაანალიზდა ვაქცინით გამოწვეული იმუნოსუპრესია, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იმდენი ანტისხეული წარმოიქმნება, რამდენიც დამცავი T- უჯრედებისთვის არის საჭირო. ამასთან, ანტისხეულების რეაქცია შედარებით სუსტი იყო, რის გამოც, ექსპერიმენტის მიხედვით, მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ ვაქცინის დამცავი მოქმედება ხელს უწყობს T-უჯრედების ზემოქმედებას მღრღნელების ფილტვებზე.

ნინო ბაჯელიძე

p. s. ახლახან განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის (19:00 თბილისის დროით) საბერძნეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1884 შემთხვევაა დადასტურებული (52 შემთხვევა გასულ 24 საათში დაფიქსირდა), გარდაიცვალა 83 ადამიანი (+2 გუშინდელს შემდეგ; მილიონ კაცზე გარდაცვალების 8 შემთხვევა), გამოჯანმრთელდა 269.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close