ჩინეთში წელიწადში 10 მილიონ ძაღლს და 4 მილიონ კატას ჭამენ
შენზენი არის პირველი ქალაქი ჩინეთში, რომელმაც გარეული ცხოველების ჭამა აკრძალა და რეგულაციაში კატისა და ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვაც ჩართო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
გამოცემა საერთაშორისო ჰუმანური საზოგადოების სპეციალისტ, ექიმ პეტერ ლიზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ერთ წელიწადში ჩინეთში 10 მილიონ ძაღლს და 4 მილიონ კატას ჭამენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს გარკვეულ პროვინციებს ეხება. ჩინელების უმრავლესობას ძაღლის ხორცი არ გაუსინჯავს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, აზიის ქვეყნებში წელიწადში, საშუალოდ, 30 მილიონ ძაღლს კლავენ.
ქალაქ შენზენში მიღებული გადაწყვეტილებით, იკრძალება როგორც ძაღლისა და კატის ხორცის გაყიდვა, ისე საკვებად გამოყენება. გადაწყვეტილება ძალაში პირველი მაისიდან შევა. გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა კი ახალი კორონავირუსის პანდემია გახდა, რომელიც, როგორც ცნობილია, ველური ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენებამ გამოიწვია.
„ძაღლებმა და კატებმა დაამყარეს უფრო ახლო შინაური კონტაქტი ადამიანებთან, ვიდრე სხვა ცხოველებმა. ძაღლის, კატის და სხვა შინაური ცხოველის ხორცით კვებაზე უარი თქვეს სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ჰონკონგსა და ტაივანში“, – წერია განცხადებაში, რომელიც ქალაქ შენზენის მთავრობამ გაავრცელა.
ამ პროცესების პარალელურად, ჩინეთმა დაამტკიცა, რომ კორონავირუსით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ დათვის ნაღველი ეფექტიანია. აღნიშნული მეთოდით მკურნალობა ტრადიციული ჩინური მედიცინის ნაწილია.
amerikiskhma.com
კომენტარები