ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

როგორ ცხოვრობს საფრანგეთი საგანგებო სიტუაციის პირობებში – ანა ჯალაღანია ტულუზიდან (ვიდეო)

„მე მაინც მგონია, რომ მარტო შავ კვალს არ დატოვებს ეს ყველაფერი და უკეთესობისკენ შეიცვლება სამყარო...“

ანა ტულუზაში ცხოვრობს თავის ფრანგ რჩეულთან – ჟან ბატისტთან ერთად და ამჟამად, როგორც მილიონობით ფრანგი, სახლშია თვითიზოლაციაში, მხოლოდ აფთიაქში და პროდუქტის შესაძენად თუ გამოვა, ისიც მცირე ხნით… თუმცა რამდენიმე დღის წინ ანას და ჟიბეს (ასე ეძახიან შემოკლებით ჟან ბატისტს) შესაძლებლობა მიეცათ, მანქანით გაევლოთ დაცარიელებული ქალაქის მონატრებულ ქუჩებში და ჩვენი საიტისთვის ვიდეოებიც გადაეღოთ – საქმე ისაა, რომ ანა სისხლის დონორია და პერიოდულად სისხლს აბარებს. ახლაც შეტყობინება მოუვიდა საავადმყოფოდან, რომ სისხლის ჩასაბარებლად მისულიყო. ამჯერად ეს კარგი საბაბი აღმოჩნდა „დროებითი თავისუფლების“ მოსაპოვებლად…

საფრანგეთში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, მძიმე სიტუაციაა კორონავირუსის გავრცელების მხრივ. ამ დროისთვის SARS-CoV2-ით ინფიცირების 70 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 8 ათასს აჭარბებს. რა რეჟიმში ცხოვრობს ქვეყანა და მისი სიდიდით მეოთხე ქალაქი, ტულუზა – ჩვენი მკითხველი ანა ჯალაღანიას ინტერვიუდან  შეიტყობს.

ანა, გინდა, რომ ფრანგების ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფდეს, ხომ? 🙂 ხუმრობა იქით იყოს და, რატომ და როდის გადაწყვიტე, რომ სისხლის დონორი გამხდარიყავი?

არც მახსოვს, რატომ, საიდან გამიჩნდა ამის სურვილი, მაგრამ ერთი სული მქონდა, 18 წლის როდის გავხდებოდი, რომ წავსულიყავი და სისხლი ჩამებარებინა…

მაშინ ნიცაში ცხოვრობდი?

კი, ნიცაში ვცხოვრობდი უკვე (ანა მე-15 წელია, საფრანგეთში ცხოვრობს – რედ.). უფრო სწორად, 18 წლისა თბილისში გავხდი, ჩამოსული ვიყავი დასასვენებლად 2008 წლის ზაფხულში – აგვისტოში ვარ დაბადებული. ომის პერიოდში ბევრგან მივედი, მით უმეტეს, რომ დიდი საჭიროება იყო სისხლის, მაგრამ საქართველოში უარი მითხრეს, ალბათ ძალიან გამხდარი რომ ვიყავი, იმიტომ. ნიცაში რომ დავბრუნდი, პირველი რაც გავაკეთე, ის იყო, რომ სისხლის ჩასაბარებლად წავედი. თან იშვიათი ჯგუფი მაქვს, მეორე უარყოფითი, მოთხოვნა დიდია და მესიჯი მომდის ხოლმე ან მირეკავენ, როცა უკვე სამი-ოთხი თვე გადის და ისევ შემიძლია ჩავაბარო სისხლი.

ჟან ბატისტიც დონორია? შენ აიყოლიე?

კი (იცინის). ისედაც აბარებდა ხოლმე, როგორც ვიცი, მაგრამ ჩემთან ერთად უფრო ხშირად უწევს.

ტულუზაში წახვედით თუ სადმე სხვაგან?

კი, ტულუზაში. ქალაქის ცენტრში ვიყავით საავადმყოფოში. ზოგჯერ თვითონ მოდიან მოძრავი ლაბორატორიებით, ამჯერად ჩვენ წავედით მანქანით, თან კარგი მიზეზი გვქონდა, რომ გავსულიყავით სახლიდან.

კლინიკამ გადმოგიგზავნათ რამე საბუთი?

მე თვითონ დავწერე, რა მიზეზითაც მივდიოდი. აი, ამ ვიდეოში ჩანს, მანქანასთან რომ მოდის პოლიციელი ახალგაზრდა ქალი, გვეკითხება, რა მიზეზით მივდივართ, ქაღალდს ვაჩვენებ და ქაღალდზე წერია: „აუცილებელი დახმარება სუსტი ადამიანისთვის“ – ბიუროში მითხრეს, რომ ასე უნდა დამეწერა. თან დამადასტურებელი მესიჯიც მქონდა, სადაც მივდიოდით.

მოგვიყევი, რა რეჟიმში ცხოვრობთ კორონავირუსის პანდემიის პირობებში საფრანგეთში და კონკრეტულად თქვენს ქალაქში? როგორ და როდის დაიწყო ყველაფერი, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ თავიდან ფრანგებს, ახლა რა ხდება, იმავეს ფიქრობენ, თუ შეიცვალეს აზრი?

საფრანგეთში ახლა უკვე ყოველ საღამოს ამაზე ლაპარაკობენ, უკვე თვეზე მეტია, თუმცა 15 მარტს მუნიციპალური არჩევნები იყო დაგეგმილი და არ გადაიდო, პირველი ტური მაინც ჩატარდა. ხუთშაბათ საღამოს (12 მარტი) გამოაცხადა პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაცია და სკოლები, უნივერსიტეტები დახურა, მაგრამ თქვა, რომ კვირას არჩევნებზე აუცილებლად მოდით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ უსაფრთხოდ იყოთო. რაღაც მხრივ, ამასაც ვაბრალებთ, რომ  დააგვიანეს რეაგირება და ასე გავრცელდა ვირუსი, იმიტომ რომ არჩევნები იყო და არ უნდოდათ ალბათ პანიკური სიტუაცია, თან ვფიქრობ (და ჩემსავით ბევრი ფიქრობს), რომ არ უნდოდათ, რეკლამებში ჩადებული ამხელა თანხა ფუჭად დაკარგულიყო…

მოკლედ, პარასკევს, ჩვეულებრივ, სამსახურში მივედით (ანა ტულუზის ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში, Airbus-ში მუშაობს პროექტების მენეჯერად – რედ.), მანამდე რამდენიმე დღით ადრე გაგვაფრთხილეს, რომ ნოუთბუქები ყოველ საღამოს სახლში წაგვეღო, რადგან არ ვიცოდით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. კვირას მოგვწერეს, რომ ორშაბათს (16 მარტს) არავინ მოხვიდეთო. ახლა სახლიდან ვმუშაობთ… მაგ დროს უკვე არა მარტო სკოლები და უნივერსიტეტები, სასტუმროები, რესტორნები, კინოები, მაღაზიები (პროდუქტის მაღაზიების გარდა), ყველანაირი შეკრების ობიექტები, ყველაფერი დაიკეტა, წარმოებებიც გაჩერდა…

სახლიდან რომ მუშაობთ, ჩვეულებრივ გიხდიან ხელფასს?

გააჩნია სექტორს. მე, ჩვეულებრივ, ასპროცენტიანი ხელფასი მაქვს, მაგრამ ვინც ფიზიკურად ვეღარ მუშაობს და კომპანია აღარ უხდის, სახელმწიფომ შეუნარჩუნა ხელფასის 80 პროცენტი.

პრეზიდენტმა მაკრონმა ბევრჯერ გაუსვა ხაზი, რომ რაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ვირუსის გავრცელებაო. საფრანგეთში ბევრია, ვინც თავისი ფირმა გახსნა და თავის საქმეს აკეთებს, მათაც 70 პროცენტი თუ დაეკარგათ თავიანთი შემოსავლის, სახელმწიფო დახმარებას აღმოუჩენს.

ანუ არა გაქვს უფლება გარეთ გახვიდე რაიმე სერიოზული მიზეზის გარეშე, ხომ?

ავტორიზაციის გარეშე არ შეგვიძლია გარეთ გასვლა. ფურცელზე ვწერთ სახელს, გვარს, მისამართს… ერთი საათით გასვლის უფლება გვაქვს დღეში ან პროდუქტის საყიდლად, ან ექიმთან თუ მივდივართ, მაგრამ არა – ამ ვირუსის სიმპტომებით. კორონავირუსის სიმპტომების შემთხვევაში სახლიდანვე კეთდება ტელეკომუნიკაცია, თუ მძიმე ფორმებში არ გვაქვს, ექიმთან არ უნდა მივიდეთ. ალბათ ყველგან ასეთი მითითებებია. თუ სახლიდან მუშაობა არ შეგიძლია, ამ შემთხვევაში სამსახურმა უნდა გააკეთოს ცნობა, ჩვეულებრივი ფურცელი არ არის საკმარისი… ან ვინმეს დასახმარებლად, ან ცხოველის გასაყვანად და ბავშვების გასასეირნებლად შეგვიძლია დღეში ერთხელ გასვლა.

ანა და ჟიბე ტულუზაში, 2019 წლის ზაფხული

ეს ტექნიკურად როგორ ხდება, ინტერნეტით?

თუ ამოპრინტერების საშუალება არ გვაქვს, ხელით უნდა დავწეროთ ფურცელზე დრო – რომელი საათიდან რომელ საათამდე გავდივართ და ეს ფურცელი უნდა ვაჩვენოთ, როცა პოლიცია გაგვაჩერებს. ხელს თვითონ ვაწერთ.

თავიდან ზოგი ამბობდა, რაში მჭირდება ეს ფურცელი, ვინ მიაქცევს ამას ყურადღებასო. პირველ ორ დღეს აფრთხილებდნენ, რომ ეს არის აუცილებელი, ჯარიმას არ წერდნენ, მერე უკვე დაიწყეს. 35 ევრო იყო პირველად ჯარიმა და ახლა უკვე 150 ევრომდეა გაზრდილი პირველივე დარღვევაზე. წინა კვირაში უკვე 400 ათასამდე დარღვევა იყო დაფიქსირებული. ახლა სასკოლო არდადეგები დაიწყო, ამიტომ კიდევ უფრო გაამკაცრეს კონტროლი, ადამიანები აგარაკებზე რომ არ წავიდნენ და ვირუსი უფრო არ გავრცელდეს ყველგან.

შეზღუდვების ზომები როდემდეა?

თარიღს არ გვეუბნებიან. რომ გამოაცხადეს, მაშინვე თქვეს, მომავალ განცხადებამდეო. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა: მინიმუმ 15 აპრილამდე ეს მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ არ ვიცით, ჩვეულებრივ ცხოვრებას როდის დავუბრუნდებით. იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ ყველა ერთად, ერთ დღეს არ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს, ეს მოხდება რეგიონების მიხედვით, თანდათან, იმიტომ რომ საფრანგეთში ჩრდილოეთში ბევრად უფრო მოდებულია ეს ვირუსი, ბევრად მეტი დაინფიცირებულია, საავადმყოფოები გადავსებულია,  ფიზიკურად ვეღარ იტევს პაციენტებს, უკვე დაიწყეს გერმანიაში გადაყვანა, როგორც ვიცი… ჩრდილოეთშია ეპიცენტრი.

კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიიდან და საფრანგეთიდან გერმანიაში 100-ზე მეტი პაციენტი გადაიყვანეს სამკურნალოდ და კიდევ აპირებენ გადაყვანას…

თავიდან იტალიაში ბევრად უფრო აგრესიულად დაიწყო ვირუსმა გავრცელება და მალევე მოუწიათ არჩევანის გაკეთება, ვის დაუთმობდნენ რეანიმაციულ საწოლს და ვის არა. რა თქმა უნდა, 90 წელს გადაცილებულებს და ხანდაზმულებს უკვე ყურადღებას ვეღარ აქცევდნენ, სამწუხაროდ. საფრანგეთში მაშინ ამბობდნენ: „ჩვენ ასეთ სიტუაციამდე არასოდეს არ მივალთ, როგორ მოუვიდათ ასეთი რაღაც?!“ მე ვფიქრობ, რომ დღეს იგივე სიტუაციაა საფრანგეთშიც – სამწუხაროდ, უწევთ არჩევა. გუშინ რეპორტაჟი გადიოდა პირველ არხზე ზუსტად ამაზე, რომ 85 წლამდე იყო პაციენტი მამაკაცი, ექთანი გამოვიდა ოთახიდან და ამბობდა, რომ ფიზიკურად ვეღარ ჩავრთავთ სასუნთქ აპარატზე, იმიტომ რომ ბევრი უფრო ახალგაზრდა პაციენტი გვყავსო. ასეთი სიტუაცია, როგორც ვთქვი, უფრო ჩრდილოეთშია.

სამხრეთში შემთხვევები ნაკლებადაა?

სამხრეთში უფრო ნაკლებია, მაგრამ მაინც არის. იმდენად გადატვირთული არ არის სამხრეთის საავადმყოფოები, როგორც ჩრდილოეთში და უკვე რამდენიმე დღეა დაიწყეს მატარებლით პაციენტების ჩამოყვანა სამხრეთში.

შენი გადასახედიდან, როგორ შეაფასებდი, რამდენად ძლიერია საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა, თუ გაქვს ამაზე ინფორმაცია?

სისტემა აწყობილია, გვაქვს ყველანაირი დაზღვევა, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. ანუ ყველას აქვს მინიმუმ 70-პროცენტიანი დაზღვევა, დანარჩენი არის დამატებითი დაზღვევები. სამსახურიც იხდის ცალკე ფულს, რაც ანაზღაურებს თითქმის ყველანაირ დანახარჯს. კარგად აწყობილი ჯანდაცვის სისტემაა, მაგრამ სანამ კორონავირუსი გავრცელდებოდა, მანამდე იყო ექიმების და ექთნების გაფიცვა… პრობლემა ის არის, რომ ძალიან ცოტაა მომსახურე პერსონალი, ძალიან ცოტა ექიმია. სწავლის სისტემა არის იმდენად გართულებული და იმდენი ხანი უნდა ისწავლოს ადამიანმა, ექიმი რომ გამოვიდეს, რომ სურვილი ეკარგება… ძალიან ბევრი კონკურსი უნდა გაიარონ. რთულია ამ სფეროში მოხვედრა, ძალიან მონდომებული უნდა იყოს ადამიანი. უკვე არის სოფლები და პატარა ქალაქები, სადაც ექიმი პენსიის ასაკის რომ ხდება, შემცვლელი აღარ ჰყავს და ასეთი დასახლებები უექიმოდ რჩებიან.

პროდუქტის მაღაზიებში რა ხდება?

თავიდან, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინ, არანორმალური რიგები დაიწყო, პანიკა იყო, მაგრამ მერე გამოაცხადეს, რომ ჩვეულებრივ მოხდებოდა მომარაგება. ყველა მაღაზიაში ცდილობდნენ, აერიდებინათ თავიდან ხალხის ამხელა შემოსევა, აცხადებდნენ, რომ არანაირი საშიშროება არ არის, რომ ხვალ მაკარონი არ გვქონდეს, ან ტუალეტის ქაღალდი არ იყოს. ადრე ყოველდღე მოდიოდა მარაგი და ავსებდნენ, ახლა 2-3 დღეში ერთხელ მოაქვთ… ზოგჯერ არის, თუ გვიან მიხვალ, შეიძლება რაღაც პროდუქტი არ იყოს, მაგრამ მეორე დღეს შემოაქვთ. დღეს, მაგალითად, მაღაზიაში რომ ვიყავით, კვერცხი და ასეთი რაღაცები აღარ იყო, მაგრამ ხვალ დილით რომ წავიდე, ჩვეულებრივ იქნება…

დიდ სუპერმარკეტებში დილის საათებში ახლაც არის რიგები, რადგან დილით ბევრი მიდის პროდუქტის საყიდლად. მაღაზიის სივრცის შესაბამისად უშვებენ შიგნით მყიდველებს, ჰიგიენას და დისტანციას მაქსიმალურად იცავენ.

სადეზინფექციო საშუალებები და პირბადეები ალბათ არც თქვენთან არის აფთიაქებში…

არა, არსად არ არის და პირიქით, ისიც გვითხრეს თავიდან, თუ გაქვთ პირბადეები, მოგვიტანეთ და ჩააბარეთ აფთიაქებში, ისეთ ადამიანებს გადავცემთ, ვისაც უფრო სჭირდება, ვიდრე თქვენო. რამდენიმე მქონდა სახლში, დედაჩემმა მოიტანა თავიდან, ეს ამბები რომ დაიწყო… წავიღე აფთიაქში და ჩავაბარე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს? შენ მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ავტობუსი მოძრაობს.

კი, მუშაობს, მაგრამ თითქმის ცარიელია, იმიტომ რომ გაჩერებებზეც დგანან და ამოწმებენ, ფურცელი თუ გაქვს, სად მიდიხარ, რატომ მიდიხარ… ხშირი კონტროლია. ავტობუსებში, გუშინ რაც ვნახე, 2-3 ადამიანი იჯდა. თვითონაც ერიდებიან ადამიანები.

ეს ვიდეო ანამ გადაიღო ტულუზის ცენტრალურ ქუჩებში დაახლოებით საღამოს 6 საათზე, როცა, ჩვეულებრივ, პიკის საათი იყო ხოლმე. 

წარმოება გაჩერდა?

არის ფირმები, სადაც თუ დამსაქმებელს შეუძლია თანამშრომლებს შეუქმნას სანდო და უსაფრთხო სიტუაცია, იქ არის დაშვებული მუშაობა… მე ვმუშაობ ახლა „ერბუსისთვის“ – თვითმფრინავების მშენებელი კომპანიაა, ტულუზაში ნომერ პირველი დამსაქმებელია. ორი კვირა გაჩერებეული იყო ყველანაირი მშენებლობა, 31 მარტიდან ისევ ამუშავდა. ინსპექტორი მოდის, რომ შეამოწმოს, თუ ყველაფერი არის იმისთვის, რომ ადგილზე  ვირუსი არ გავრცელდეს. მინიმალურამდეა შემცირებული მომუშავეთა რაოდენობა. ნაწილი დღის პირველ  ნახევარში მუშაობს, ნაწილი – დღის მეორე ნახევარში, 2 ჯგუფად არის დაყოფილი, წითელ და ლურჯ ჯგუფებად – ერთმანეთს რომ არ შეხვდნენ ადამიანები. ყველა კარი ღია უნდა იყოს, ხელის დეზინფექტორები ყველგან დააყენეს, ხელთათმანები, დამცავები… თვითონ დამსაქმებელმა უნდა შექმნას სიტუაცია, მაგრამ თუ ადამიანი დაცულად ვერ გრძნობს თავს, შეუძლია უარი თქვას სამსახურში სიარულზე. ჯერჯერობით ყველას არ გვავალდებულებენ – მე უფრო ადმინისტრაციულ მხარეს ვმუშაობ და ჯერჯერობით ჩვენი სამსახურში დაბრუნება არც ყოფილა განხილვის საგანი, მაგრამ ვინც ფიზიკურად თვითმფრინავების მშენებლობაზე მუშაობს, ის ადამიანები უკვე დადიან სამსახურში.

ქართველ ემიგრანტებთან თუ გაქვს ურთიერთობა? არალეგალები რა მდგომარეობაში არიან, თუ იცი?

ძალიან ბევრი დარჩა უმუშევარი. ვინც არიან არალეგალურად, მაგრამ მათი საქმე განხილვის პროცესშია, ასე თუ ისე, მაინც შედარებით უკეთეს სიტუაციაში არიან. ქუჩაში არავინ დარჩენილა, ეს ვიცი; „სოციალი“ ვისაც ჰყავს, საჭმელსაც ურიგებენ, კვირაში ერთხელ მიაქვთ, სახლთან უტოვებენ, რაც ძირითადი საკვებია – მაკარონი და ასეთი რაღაცები – ყურადღების ქვეშ არიან, მაგრამ ისინი, ვისაც საბუთები არ აქვს და არც არის განხილვაში მათი საკითხი, არალეგალურად მუშაობდნენ და უმუშევრები დარჩნენ, არ ვიცი, რამდენ ხანს გაძლებენ ასეთ სიტუაციაში და როგორ უმკლავდებიან ამ ყველაფერს…

წარმოიდგინეთ, მარტო საფრანგეთში იმდენი არის ასე უსაბუთოდ და უარაფროდ, არ ვიცი, საელჩო რამდენს მოეხმარება და რამდენს მოახერხებს, არ მაქვს ასეთი ოჯახების შესახებ ინფორმაცია.

შენი მეგობრები, ნაცნობები, ვისაც უკავშირდები ხოლმე?

ყველანი, ასე თუ ისე, ვუმკლავდებით… ვისაც ბავშვები ჰყავს, მათთვის ცოტა უფრო ძნელია, მაგრამ სკოლიდან აქვთ დავალებები, აკეთებენ მაქსიმუმს, რომ რაც შეიძლება დააკავონ ბავშვები და ვართ ასე გაურკვეველ სიტუაციაში, იმიტომ რომ არ ვიცით, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ყველაფერი.

საფრანგეთში რამე პროგნოზს თუ აკეთებენ?

ამბობენ, რომ ჯერ პიკამდე არ მიგვიღწევია. თვითიზოლაციამ გამოიღო შედეგი, მაგრამ, როგორც ამბობენ, ჯერ არ მივსულვართ მაქსიმუმამდე. ერთ-ორ კვირაში ელოდებიან ამ მაქსიმუმს, მაგრამ დაწევის პროგნოზი ჯერ არ ჩანს.

საფრანგეთში რამე კვლევების შესახებ თუ იცი, ან ვაქცინის, წამლის… ფრანგების რეკომენდაციაა მალარიის წამალი, როგორც ვიცი, რომლითაც თბილისშიც მკურნალობენ. თუ გაქვს ინფორმაცია?

მაგის რეკომენდაციაზე ბევრი ილაპარაკეს, მაგრამ ეს წამალი არ იყო დიდ რაოდენობაზე ტესტირებული და ბევრმა ექიმმა უარყო. იყვნენ ადამიანები, ვინც კარგი შედეგი აჩვენა და ნიცის მერი, მაგალითად, მაგ წამლით გამოვიდა მდგომარეობიდან, თვითონ თქვა ამის შესახებ, მაგრამ ბევრმა ექიმმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველას ეს წამალი ვერ უშველის და შედეგი არ იყო დამოწმებული ლაბორატორიულად.

ახლა ვიცი, რომ მუშაობენ ნიღბების წარმოებაზე, რომ მაქსიმალურად ყველას დაურიგონ, სასუნთქ აპარატებზეც, რომ რეანიმაციაში საკმარისად იყოს… ჯერჯერობით ვაქცინაზე ლაპარაკიც არ არის, იმიტომ, რომ ძალიან დიდი დრო უნდა კვლევას. საუბრობენ ასევე ტესტებზე. მასობრივად არ კეთდება ტესტები და საფრანგეთის რიცხვები, რაც ვრცელდება, არის იმათი მაჩვენებლები, ვისაც ტესტი ჩაუტარეს, მაგრამ მასობრივად ტესტები არ ჩატარებულა საფრანგეთში, იმიტომ რომ ფიზიკურად არა აქვთ საკმარისი რაოდენობა.

კათოლიკური აღდგომა მოდის, აღდგომასთან დაკავშირებით რა განცხადებები კეთდება?

ტაძრები პირველივე დღეს დაიკეტა, როგორც კი სკოლები დაკეტეს. მაშინვე აგვიკრძალეს ტაძრებში სიარული. რამდენიმე კვირაა ვიდეოთი ატარებენ ეკლესიებში ლოცვებს. არც განუხილავთ ის ფაქტი, რომ ეკლესიები გაეღოთ სააღდგომოდ, ან ხალხი დაეშვათ იქ. ჩვეულებრივ, ალბათ ასე გაგრძელდება. საერთოდ, ბევრად უფრო ნაკლებად ეკლესიურები არიან ფრანგები, ვიდრე იტალიელები და ნაკლებად მედიატიზირებულია ეკლესიური სფერო საფრანგეთში.

ანა, როგორც ვიცი, შენი ოჯახის წევრები – და-ძმა და დედ-მამაც საფრანგეთში ცხოვრობენ. ახლა სად არიან, როგორ არიან?

ჩემები ნიცაში არიან: დედა, მამა, ჩემი და-ძმა; ჩემს ერთ დას ორი ბავშვი ჰყავს, მეორე დას – სამი და მეოთხეზეა ორსულად. ერთი და ტულონში ცხოვრობს და დანარჩენები ნიცაში არიან. კარგად არიან, ყველანი სახლში არიან. ჩემი ძმა რესტორანში მუშაობდა მონაკოში და სანამ პრეზიდენტი მაკრონი გამოაცხადებდა საგანგებო მდგომარეობას, მანამდე ერთი კვირით ადრე რესტორანმა გადაწყვიტა დაკეტვა პრევენციის მიზნით, იმიტომ, რომ მონაკო იტალიასთან ახლოს არის. ჩემებს ინტერნეტით ვეკონტაქტები ყოველდღე.

მოკლედ, ასეთი სიტუაცია გვაქვს, უნდა გავუძლოთ…

მე მაინც მგონია, რომ მარტო შავ კვალს არ დატოვებს ეს ყველაფერი და უკეთესობისკენ შეიცვლება სამყარო…

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

ანა ჯალაღანია: „დედაჩემი გმირია, რომელსაც ვცდილობ ყოველდღე მადლობა გადავუხადო“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close