საქართველოსაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა, 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა. გუშინ ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებული იყო კორონავირუსით ინფიცირების 134 შემთხვევა, შესაბამისად, ერთ დღე-ღამეში ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ყველაზე დიდი ზრდაა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ.

ბოლო 2 შემთხვევა რუსთავში დაფიქსირდა. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

„რუსთავში ოთხ დადასტურებულ ფაქტს მიემატა ორი ახალი შემთხვევა. ვადასტურებ, რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი კავშირების და კლასტერის შესახებ ჯერ ამ წუთამდე ჩემთვის ცნობილი არ არის და როგორც კი გახდება შესაძლებელი, ჩვენ დამატებით დეტალურ ინფორმაციას ამ შემთხვევებთან დაკავშირებით მოგაწვდით“, – განაცხადა „მოამბეში“ ჩართვისას ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთ-ერთი ინფიცირებული თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმია. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ეროვნული ბანკის იმ თანამშრომლის მეუღლეა, რომელსაც კორომავირუსი ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა.

​საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა დღეს კორონავირუსი. აღნიშნული ინფიცირება მოხდა მეუღლის მხრიდან და არ მომხდარა პაციენტის მხრიდან. აღნიშნული ინფიცირების წყარო წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერს. ახლანდელი მდგომარეობით, ჩვენი ექიმი გადაყვანიალია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ექიმს სიმპტომები დაეწყო გუშინ. მისი ბოლო მორიგეობა იყო 31 მარტს. მისი სიმპტომების გამოვლენიდან გასულია რამდენიმე დღე და რეალურად, დაინფიცირების რისკი მასთან მყოფი თანამშრომლებისთვის არის დაბალი, თუმცა ჩვენ, პრენევციული ზომებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციაში გადავიდეს ყველა ის პირი, ვისთანაც მას ჰქონდა კონტაქტი. მორიგე პერსონალი არის თვითიზოლაციისა და საკარანტინო პირობებში გადასული, ხოლო აღნიშნული ექიმი აგრძელებს მკურნალობას შესაბამის დაწესებულებაში“, – განაცხადა სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის ყველა კონტაქტი დადგენილია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საქართველოში ამ დროისთვის COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი.

ავსტრიის მოქალაქე 2 პაციენტი ავსტრიაში სპეცრეისით დააბრუნეს, შესაბამისად, საქართველოში მოქმედი პაციენტების რაოდენობა 125-ს უდრის.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ეპიდემიის პიკურ ფაზაში გადასვლა აპრილის შუა რიცხვებიდანაა მოსალოდნელი.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close