fbpx
იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი: იტალიაში გასულ ერთ დღე-ღამეში 1431 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 760 ადამიანი

კორონავირუსის ახალი სტატისტიკა იტალიაში ასეთია: 83 049 მოქმედი პაციენტი, გუშინდელთან შედარებით ინფიცირებულთა ზრდა 2477-ით (წინა დღეს +2937); მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა – 115 242 (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით). სულ გამოჯანმრთელდა 18 278 ადამიანი, 1431-ით მეტი, ვიდრე გუშინ (გუშინდელი დღიური ზრდა +1118); „კოვიდ-19“-ისგან გარდაცვლილია 13 915 პაციენტი, 760-ით მეტი, ვიდრე გუშინ.

აღსანიშნავია, რომ იკლებს ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვი – ინფიცირებულთა 61% შინაიზოლაციაშია, მათთან დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. გასულ ერთ დღე-ღამეში ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი 137-ით გაიზარდა (წინა დღეს  +211-ით); რეანიმაციაში მხოლოდ 18 პაციენტი მოათავსეს, – ასეთი მონაცემები გააცნო საზოგადოებას ტრადიციულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო დაცვის სამსახურის უფროსმა ანჯელო ბორელიმ.

ამასთან, მილანმა 30 აპრილამდე დაკეტა ერთ-ერთი კრემატორიუმი, ლამბრატე, „მეტისმეტად ბევრი გარდაცვლილის გამო“. დღეს ლომბარდიის მთავარი ქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის მარტში მილანში გარდაცვალების შემთხვევები 75%-ით გაიზარდა 2018 და 2019 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ( 2020 წლის მარტში გარდაიცვალა 2155 ადამიანი, 2019 წელს – 1224, 2018 წელს კი – 1206).

რომის სპალანცანის ინსტიტუტიდან კარგი ამბებია – გამოჯანმრთელდა და გაეწერა 180 პაციენტი, სულ უფრო იზრდება გამოჯანმრთელების შემთხვევების და იკლებს ახალი პაციენტების რიცხვი.

ამასთან, სამწუხაროდ, გაიზარდა კორონავირუსული ინფექციის გამო ექიმთა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა – ამ დროისთვის გარდაცვლილია 69 ექიმი, მთლიანობაში კი 10 ათასამდე მედიცინის მუშაკია ინფიცირებული. დაავადებული მედიკოსების თითქმის 2/3 ქალია.

ვატიკანში კორონავირუსით ინფიცირების მე-7 შემთხვევა დაფიქსირდა.

* * *

დღეს პავიაში COVID-19-ით დაავადებულ რამდენიმე პაციენტს ექსპერიმენტული მკურნალობა ჩაუტარეს გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმით. დონორები გახდნენ ექიმები – ცოლ-ქმარი Pieve Porto Morone-დან, რომლებიც პავიის პროვინციაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტები იყვნენ. ისინი  გამოჯანმრთელდნენ და თავიანთი სისხლი გაიღეს, რომელიც ანტისხეულებს შეიცავს კორონავირუსის წინააღმდეგ. პლაზმოთერაპიის ექსპერიმენტი პავიის პოლიკლინიკაში ჩატარდა.

* * *

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ იტალიის სერია A-ს საფეხბურთო ჩემპიონატი შესაძლოა 20 მაისს განახლდეს. შეგახსენებთ, რომ 2019-2020 წლების სერია A-ს ჩემპიონატი კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეწყდა. ადრე მისი განახლების სავარაუდო თარიღად იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში 3 მაისი დაასახელეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close