fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 7500-ს გადააჭარბა

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 9362-მდე გაიზარდა, რაც 1036-ით მეტია, ვიდრე გუშინ

იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 7503-ს მიაღწია – გასულ ერთ დღე-ღამეში 683 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. სხვა მაჩვენებლები კი მცირედით იმედისმომცემია:  ერთ დღე-ღამეში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1036-ით გაიზარდა – სულ  9362 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ახალი ინფიცირებულების რაოდენობაც შემცირდა.

ახალი სტატისტიკა სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრესკონფერენციაზე 25 მარტს, საღამოს კომისარ ბორელის ნაცვლად საზოგადოებას მისმა მოადგილემ აგოსტინო მიოცომ გააცნო – როგორც გამოცემა „ანსა“ წერს, კომისარმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მაღალი სიცხე მისცა და სახლში წავიდა. მას კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს, რომლის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბორელიმ რამდენიმე ხნით ადრეც ჩაიტარა ტესტი, როდესაც სამოქალაქო დაცვის სამსახურის 12 თანამშრომელს კროავირუსი დაუდგინდა, თუმცა მაშინ მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

იტალიაში COVID-19-ით დაავადებული 3489 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, 93-ით მეტი, ვიდრე გუშინ (მათგან 1236 – ლომბარდიაში). ეს რიცხვი – 93 – ორჯერ და მეტად ნაკლებია, ვიდრე გუშინ და გუშინწინ და ასევე იმედის მომცემია.

გარდაცვლილთა და  და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 74 386-ს მიაღწია და თუ ინფექციის გავრცელება მკვეთრად არ შემცირდა (რაც ნაკლებად მოსალოდნელია), 2-3 დღეში იტალია ამ მაჩვენებლითაც გაუსწრებს ჩინეთს.

დადებითი ტენდენცია ის არის, რომ უკვე მესუთე დღეა, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები მცირედით, მაგრამ პერმანენტულად იკლებს: 3491 – გასულ ერთ დღე-ღამეში, სამშაბათს – 3612, ორშაბათს – 3780, კვირას – 3957.

ექსპერტების აზრით, მკაცრი შეზღუდვების ზომების რეალური შედეგები 4 აპრილიდან უნდა გამოჩნდეს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის, რანიერი გუერას თქმით, იტალიაში კორონავირუსის გავრცელება პიკს უახლოეს დღეებში, მიმდინარე კვირაში მიაღწევს და შემდეგ დაიწყება კლება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close