მსოფლიოდღის თემა

შიშის ეკონომიკა: როგორ შეცვლის კორონავირუსი ბიზნესს და მომხმარებლებს

კორონავირუსის ეპიდემიამ შეიძლება მსოფლიოში მთელი ინდუსტრიები და კომპანიებისა და მომხმარებლების ქცევის მოდელები შეიცვალოს. ონლაინ შოპინგზე გადასვლა შეიძლება გრძელვადიან ტენდენციად იქცეს, ისევე როგორც თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა.

გლობალურ ეკონომიკაზე უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც COVID-19-ის ეშინიათ, ვიდრე კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა. შიში ადამიანების ქცევას ცვლის. ის ცვლის მათაც, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. ვირუსის შიში გლობალურ ეკონომიკაში შეცვლის მიწოდებასა და მოთხოვნას. მიწოდებაზე გავლენას ახდენს ჩინეთში წარმოების შეჩერება, რაც გლობალურ წარმოებას ამცირებს. დღეს ჩინეთის წილი მსოფლიო გადამუშავების ინდუსტრიაში დაახლოებით 25%-ს შეადგენს. 2003 წელს, როდესაც SARS მძვინვარებდა, ჩინეთის შესაბამისი მაჩვენებელი მხოლოდ 11% იყო. დღეს ჩინეთი – ეს რგოლია მიწოდების გლობალურ ჯაჭვში. ასე რომ, ჩინეთში წარმოების შეჩერება შეამცირებს მსოფლიოში ეკონომიკურ აქტივობას და ასევე იმოქმედებს მიწოდების ქსელში მომუშავე სხვა კომპანიებზეც.

ზოგიერთი ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩინეთში მუშაობის შეჩერების გავლენის შემცირებას, მაგრამ სრულად არ აანაზღაურებს მას. ტექნოლოგიებს შეუძლიათ რამდენიმე პრობლემის შემსუბუქება. დასაქმებულთა გარკვეული რაოდენობა სახლიდან მუშაობას შეძლებს, მაგალითად, ეკონომისტები. ანუ გლობალური ეკონომიკის ნაწილს შეუძლია კარანტინშიც კი იმუშაოს. მართლია, ეს არ გააუქმებს უარყოფით ეფექტს, მაგრამ მისი შესუსტების საშუალებას კი მოგვცემს.

და რა ემართება მოთხოვნას? შიშმა გარკვეულ სერვისებზე მოთხოვნა შეამცირა. ჩინეთში (და არა მარტო ჩინეთში) ადამიანები აღარ დადიან სავაჭრო ცენტრებში, კინოთეატრებში და ა. შ. მოგზაურობაზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში დაეცა. ამავე დროს, ონლაინ ვაჭრობა ზოგიერთ ადგილებში სულ უფრო მზარდი ხდება, ხოლო მოთხოვნა ონლაინ კომპიუტერულ თამაშებზე ჩინეთში წინა წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.

ადამიანებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სახლებში იმყოფებიან თავიანთ ოჯახთან ერთად, რაღაცით გართობა სჭირდებათ. ონლაინ ეკონომიკა მათ შესანიშნავად ართობს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება არსებულ ვითარებასა და SARS-ის პერიოდს შორის. ონლაინ შოპინგის ზრდა შეამცირებს ეპიდემიის გავლენას მოთხოვნილებაზე. მთლიანობაში ეფექტი ჯერ კიდევ უარყოფითია, მაგრამ ის უფრო სუსტია, ვიდრე წარსულში – ამაზონის, ნეტფლიქსისა და ონლაინ თამაშების წყალობით. მოთხოვნაზე ამა თუ იმ კომპანიის გავლენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რითი ვაჭრობს ის. ძვირადღირებული ბრენდები ყველაზე მეტად ზარალდებიან. მათ პროდუქციას ადამიანები პირადად ყიდულობენ და არა ინტერნეტით. ფუფუნების საგნებისთვის მაღაზიაში წასვლა ყიდვისგან მიღებული სიამოვნების ნაწილია, მაგრამ საბაზო პროდუქტებისთვის ონლაინ შესყიდვებზე გადასვლამ შეიძლება გრძელვადიანი სახე მიიღოს.

განვითარებად ბაზრებზე კორონავირუსის ეფექტი რესურსებზე მოთხოვნილების შემცირებაში გამოიხატება. ისეთ ნედლეულზე, როგორიცაა სპილენძი, მოთხოვნის შემცირება შეიძლება დაბალანსდეს წარმოების განახლების შემდეგ. მომავალში ეს „დაგროვილი“ მოთხოვნა ფასებს დაეხმარება. ენერგორესურსებთან დაკავშირებით კი ყველაფერი არც ისე მარტივია. გაუქმებული ფრენა გაუქმებულად დარჩება. ჩინეთი ნედლეულის მსხვილი და არც ისე ეფექტიანი მომხმარებელია. ჩინეთის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის 1 აშშ დოლარით შემცირებას უფრო მძიმე შედეგები ექნება რესურსების გლობალურ მოთხოვნაზე, ვიდრე, ვთქვათ, დიდი ბრიტანეთის მშპ-ის ანალოგიურ შემცირებას.

ეპიდემიის საერთო შედეგი, სავარაუდოდ, გლობალური ინფლაციის შემცირება იქნება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ნედლეულზე შემცირებული მოთხოვნილება იწვევს მასზე ფასების შემცირებას. მომსახურებაზე შემცირებულმა მოთხოვნამ (მაგალითად, სასტუმროებზე) ასევე შეიძლება გამოიწვიოს მათი ფასების შემცირება, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში მაინც.

კორონავირუსს შეუძლია გრძელვადიანი ცვლილებები შეიტანოს ეკონომიკაში. იმედი გვაქვს, რომ ვირუსი რამდენიმე კვირაში დაიწყებს დასუსტებას. და როდესაც ეპიდემია ჩაცხრომას დაიწყებს, ვირუსის წინაშე შიშიც შემცირდება, მაგრამ არსებობს სამი აშკარა გრძელვადიანი დასკვნა.

პირველი: გამოვლენილია გლობალური მიწოდების ქსელების სუსტი წერტილი. ტექნოლოგიის განვითარებამ წარმოებას უკვე უბიძგა ლოკალიზაციისკენ. ნიუ-იორკში მდებარე ფაბრიკა, სადაც რობოტები მუშაობენ, ცვლის შანხაიში მდებარე ქარხანას, სადაც ადამიანები მუშაობენ. წარმოების მომხმარებელთან უფრო ახლოს განთავსება ემისიას ამცირებს. ლოკალიზაციის ეს პროცესი უკვე ბუნებრივად ვითარდებოდა. მიწოდების ქსელის მოშლა კი ამ პროცესს დააჩქარებს. ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიის შემდეგ მიწოდების ხაზების „გადაწყობასთან“ ერთად ინვესტიციები შეიძლება გაიზრდოს.

მეორე: ადამიანებს, რომლებმაც ახალ პირობებში დისტანციურად დაიწყეს მუშაობა, შეიძლება ეს პროცესი მოეწონოთ. კომპანიები უცებ აღმოაჩენენ, რომ თანამშრომლები სახლიდანაც მშვენივრად აკეთებენ თავიანთ საქმეს. სამუშაო ჩვევების შეცვლა შეცვლის მოთხოვნილებას საოფისე უძრავ ქონებაზე, ტრანსპორტირებასა და ტექნოლოგიებზე.

მესამე გრძელვადიანი ეფექტი არის ონლაინ მაღაზიების რაოდენობის ზრდა. ეს აქამდეც კარგად იყო განვითარებული, მაგრამ ადამიანებმა, რომლებიც ეპიდემიის ეპოქაში შეეჩვივნენ ონლაინ მაღაზიების მომსახურებას, შეიძლება აღარ მოისურვონ ძველ მეთოდზე დაბრუნება პანდემიის დასრულების შემდეგ. თუ სტატისტიკა ონლაინ გაყიდვებს ჯეროვნად არ შეაფასებს, მაშინ სამომხმარებლო ხარჯები შეიძლება უფრო ნაკლები მოგვეჩვენოს, ვიდრე რეალურად იქნება.

პოლ დონოვანი, Forbes-ის კონტრიბუტორი

თარგმნა თამარ ქავჟარაძემ

წყარო: https://www.forbes.ru  

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close