გერმანიის ქალაქ ლაიფციგის (საქსონია) აეროპორტში რამდენიმე საათის წინ ჩაფრინდა იტალიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი, რომელმაც გერმანიაში COVID-19-ით დაავადებული პაციენტები ჩაიყვანა. იტალიამ გერმანიას დახმარება თავად სთხოვა.
DW-ს ინფორმაციით, გერმანიაში, სავარაუდოდ, სულ მცირე, 8 იტალიელი პაციენტი ჩაიყვანეს. საქსონიის ფედერალური მიწის პრეზიდენტის, მიხაელ კრეჩმერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანიას სხვების დახმარებაც შეუძლია.
კრეჩმერის ინფორმაციით, იტალიელი პაციენტების ნაწილს დრეზდენის (საქსონიის დედაქალაქი) საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მოათავსებენ, ნაწილს – ლაიფციგის კლინიკა „ჰელიოსში“. „ჩვენ ევროკავშირში ვიმყოფებით და ამიტომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა პეტრა კეპინგმა.
ამ დროისთვის COVID-19-ის გავრცელების მასშტაბი ყველაზე საგანგაშო იტალიაშია, მით უფრო, რომ ძალიან მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო მონაცემებით (24 მარტი, 14:30 თბილისის დროით), იტალიაში დაავადდა 63 927 ადამიანი, მათგან 6 077 გარდაიცვალა, განიკურნა 7432.
გერმანიაში ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადდა 29 056 ადამიანი, მათგან 123 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 453. გერმანიაში, ინფიცირებულთა რაოდენობასთან შეფარდებით, პროცენტულად გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დაფიქსირებული.
ნინო ხოშტარია
კომენტარები