ინტერვიუ

იტალიის ეკონომიკა თვეში 100 მილიარდ ევროს დაკარგავს წარმოების შეჩერების გამო – ექსპერტი

კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად მთავრობის მიერ მიღებული ახალი შეზღუდვების გამო იტალიის ეკონომიკა თვეში 100 მლრდ ევროს დაკარგავს, – განაცხადა ორშაბათს, 23 მარტს მეწარმეთა ასოციაცია Confindustia-ს პრეზიდენტმა ვინჩენცო ბოჩიამ. ამის შესახებ „ფორბსის“ იტალიური გამოცემა წერს.

ახალი წესები, ფაქტობრივად, „ომის ეკონომიკის“ სტადიაზე გადასვლას ნიშნავს, წარმოების სექტორის ობიექტთა 70% დაიკეტება, – განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, 22 მარტს, საღამოს პრემიერ-მინისტრმა კონტემ ახალი შეზღუდვები გამოაცხადა: ქვეყანაში ყველა საწარმოს მუშაობა გაჩერდა, სტრატეგიულ საწარმოთა გარდა, აგრეთვე, დაიკეტა ყველა სავაჭრო დაწესებულება, ღია ბაზრობების ჩათვლით, აფთიაქების და პროდუქტების მაღაზიების გარდა.

უფრო ადრე მიღებული შეზღუდვებით კი იტალიის ხელისუფლებამ მოქალაქეებს აუკრძალა გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე (უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გამოკლებით), გააუქმა ყველა მასობრივი ღონისძიება, მიტინგები, რელიგიური მსახურებები მრევლის მონაწილეობით და საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები; შეჩერდა სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. გაჩერებულია ყველა გასართობი ცენტრი და საზოგადოებრივი კვების ობიექტი, დაიკეტა ოპერები, თეატრები, პარკები, ბაღები, აიკრძალა ყველანაირი სპორტული აქტივობა და ფიზიკური ვარჯიში გარეთ იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ადამიანი თავის სახლთან ახლოს მარტო ვარჯიშობს… მოქალაქეებს რეკომენდაცია მიეცათ, მინიმუმამდე დაიყვანონ სოციალური კონტაქტები.

სამწუხარო პროგნოზის თანახმად, ქვეყანა მრავალმილიარდიან ეკონომიკურ ზარალს მიიღებს ტურისტების არარსებობის და წარმოებისა და ექსპორტის მოცულობების შემცირების გამო.

22 მარტის საღამოს მონაცემებით, კორონავირუსისგან იტალიაში 5476 ადამიანი გარდაიცვალა, მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევებმა კი 59 138-ს მიაღწია.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close