საქართველოსაზოგადოება

რა ხდება ევროპის აეროპორტებში და როგორ დახვდნენ სამშობლოში პანდემიის გამო დაბრუნებულ ქართველებს

მომიტრიალდა ექიმი და მითხრა: უცხოეთში ხალხი იხვეწება ტესტები რომ გაუკეთონო და ჩვენ თქვენ გეხვეწებით პირიქითო

ირაკლი ანდრიაძე – ესპანეთში მცხოვრები ქართველი:

„გრძელი პოსტები არ მახასიათებს მაგრამ ეს რომ არ დავწერო, არ გამოვა. გუშინ ჩამოვფრინდი ესპანეთიდან. ბოლო 15 დღის განმავლობაში ისეთი ცუდი სიტუაციაა, არანაირი პრევენციული პროდუქტი აფთიაქში არ გხვდება: ბამბა, სპირტი, პირბადე, ხელთათმანი, ხელის დეზინფექტორი. ხალხი თავის თავის იმედზეა დარჩენილი სახლებში გამოკეტილი – ერთადერთი საკვები იშოვება სუპერმარკეტებში. მოკლედ ბევრი რომ არ ვწერო, როგორც იქნა დავტოვე ესპანეთი და ჩამოვაღწიე თბილისის აეროპორტში.. ჩამოვედი თუ არა: 1. ყველა მკაცრად შეგვამოწმეს 2.კუსტარული პირბადეები გადაგვაგდებინეს და სამედიცინო პირბადეები გვაჩუქეს 3. ხელები დეზინფექტორით დაგვბანეს და სამედიცინო ხელთათმანები ჩაგვაცვეს 4. ავტობუსში სანამ ჩავსხდებოდით, სკამებზე ყველას საკვები დაგვახვედრეს და საირმეში ძალიან კარგ სასტუმროში კარანტინში გამოგვიშვეს. ვინც არ იცის, რა ხდება ესპანეთში, იტალიაში ან ზოგადად ევროპის აეროპორტებში, შეიძლება ვერ მიხვდეს რამხელა კონტრასტებზე ვსაუბრობ, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ყველას ქედი გვაქვს მოსახრელი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც 24 საათიან რეჟიმში ესე დაუღალავად მუშაობს და არ აძლევს ვირუსს გავრცელების საშუალებას. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა“.

ანა ყიფიანი – „პირდაპირი ჩართვა“ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, სადაც ამ წამს მომივიდა Covid-19 ზე უარყოფითი პასუხი.
მაგრამ.. შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ გუშინდელი გრძელი დღის შესახებ.

გუშინ საღამოს ჩამოვფრინდით თბილისში (არ დავიწყებ ეხლა მოყოლას როგორი სანახავი იყო პარიზი: დახურული ლუვრი, დახურული პარკები, ცარიელი ქუჩები და უკიდეგანო რიგები მარკეტებთან…)

აეროპორტში შესვლისთანავე დავინახე უზარმაზარი ქაოტური რიგი პასპორტის კონსტროლის ზონამდე. სადღაც ბოლოში კი „თეთრ სკაფანდრებში“ ჩაცმული ხალხის სილუეტებს ვხედავდი, რომლებიც მანამდე მხოლოდ ფილმებში მყავდა ნანახი. რაღაც მომენტში წუწუნის და დაღლილობის შეგრძნება დამეუფლა, რადგან მივხვდი, რომ ისედაც დაღლილზე, კიდევ რამოდენიმე საათი მომიწევდა ლოდინი თვითიზოლაციაში გადაყვანამდე.

ჩემი რიგი რომ მოვიდა – შემრცხვა. დავინახე დაღლილობისგან გადამწვარი ექიმების სახეები – რომლებიც ცდილობდნენ რამოდენიმეჯერ გადაემოწმებინათ ყველასთვის სიცხე, გაეცათ ყველასთვის პასუხი. პოლიციელები – რომლებიც ცდილობდნენ მაქსიმალურად დაეცვათ წესრიგი და დაგვხმარებოდნენ.

ორჯერ გაგვიზომეს სიცხე, ყოველ ჯერზე სხვადასხვა ციფრებს გვიჩვენებდა, რადგან აპარატი ვერ ასწრებდა „გაგრილებას“, იმდენად დიდ რაოდენობა ხალხზე უწევდათ გამოყენება. ჰქონდათ რამოდენიმე ვერცხლისწყლის თერმომეტრი, მაგრამ ბევრნი ვიყავით და აურაცხელ დროს მოითხოვდა ყველასთვის სიცხის გადამოწმება და გვითხრეს, რომ ყველას კლინიკაში წაგვიყვანდნენ.

ისევ დაღლილობის და თითქოს გაღიზიანების შეგრძნება დამეუფლა და ვთხოვე ექიმს მაინც გადაემოწმებინა ჩემი ტემპერატურა (რადგან დაბალი მაჩვენებელი მქონდა) და გავეშვი პირდაპირ თვითიზოლაციაში, კლინიკის გარეშე… ზოგი ტიროდა, ზოგი ილანძღებოდა…

მაგრამ ისევ შემრცხვა… მომიტრიალდა ექიმი და მითხრა: უცხოეთში ხალხი იხვეწება ტესტები რომ გაუკეთონო და ჩვენ თქვენ გეხვეწებით პირიქითო… შემრცხვა და გავჩუმდი.

ჩვენს ავტობუსს ესკორტი მოაცილებდა(5 პოლიციის მანქანა). ჰოსპიტალში დაგვხვდნენ ისე, როგორც შეეძლოთ…. ყველა თავისი თავის მაქსიმალურს აკეთებდა….

წინადადება , რომელიც 17.03.2020 ის ლეიტმოტივად დამრჩება მთელი ცხოვრება იქნება: „ვემსახურებით სამშობლოს, რითიც შეგვიძლია… გაგვიგეთ ჩვენც და დაგვეხმარეთ“…!!!!!!!!!

გმადლობ ყველას, ვინც ემსახურებით სამშობლოს!!
განსაკუთრებული პატივისცემა ექიმებს, დედაჩემის თამადობით)

P. S.
წინ საკარანტინე პერიოდია და განმეორებითი ტესტები! დარჩით სახლში, ვისაც შეგიძლიათ და დაეხმარეთ ერთმანეთს!!!“ – წერს ანა ყიფიანი

ანუკი ბიწაძე – „კარანტინი; უდიდესი მადლობა საქართველოს მთავრობას!

მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც თბილისის აეროპორტში დაგვხვდა, იმის ფონზე, რომ ისე გავიარეთ ესპანეთის საზღვარი და მერე ესპანეთიდან ჰოლანდიის, რომ საერთოდ არავის შევუმოწმებივართ; თურქეთის მხრიდან საზღვრების ჩაკეტვის გამო მოგვიწია მადრიდიდან ამსტერდამში გადასვლა და ჰოლანდიიდან საქართველოში უკან დაბრუნება; ცოტა ხნის წინ ჩამოვფრინდით, გავიარეთ შემოწმება, გაგვისინჯეს ტემპერატურა, რადგან წითელი ზონიდან ვიყავით, მოგვიწია სავალდებულო კარანტინი; რა თქმა უნდა, 100%-ით მზად ვიყავით ამისთვის; სპეციალური ავტობუსით გადმოგვიყვანეს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში; თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია აღჭურვილია სპეციალური ფორმებით; არის ძალიან კარგი პირობები, კართან დაგვიტოვეს საკვები (ცხელი, ცივი, ხილი, სასმელი), სასტუმროს იცავს საპატრულოს ორი ეკიპაჟი; გვიმოწმებენ ტემპერატურას; სავარაუდოდ, დაგვაკვირდებიან რამდენიმე დღე და თუ სიმპტომები არ გვექნება, გაგვიშვებენ თვითიზოლაციაში; ჩემი აზრით, საქართველომ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მიიღო ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე…“ – წერს ანუკი ბიწაძე.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close