ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა საქართველოში, ერთი მათგანი 15 წლის მოზარდია
ამირან გამყრელიძე: მომავალ 3-4 დღეში კიდევ გვეყოლება გამოჯანმრთელებული პაციენტები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს დღეს 4 ახალი პაციენტი დაემატა და კორონავირუსის შემთხვევები 44-მდე გაიზარდა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სამი ახალი შემთხვევა არის არა ევროპული წარმოშობის, არამედ ეს არის ოჯახი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმოგზაურა, ანუ „ეს არის ახალი კლასტერი“.
მინისტრის თქმით, ყველა პიროვნება, რომელიც ამ ოჯახთან კონტაქტში იმყოფებოდა, იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის.
სამივე ინფიცირებული ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოშია მოთავსებული. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი აცხადებს, რომ სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ეს ადამიანები 14 მარტს შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. ოჯახური შემთხვევაა. საბედნიეროდ, გამოავლინეს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ისინი ნამყოფი არიან საზღვარგარეთ, 11 მარტს ჩამოვიდნენ და თავისივე ინიციატივით გავიდნენ თვითიზოლაციაში და ვიცით, საიდან არის წყარო. ასევე, ვიცით კონტაქტების შესახებ. მინიმალური კონტაქტები არსებობს. ისინი, საბედნიეროდ, კარგად არიან.
სიმპტომებიდან გამოხატული იყო ტემპერატურის ზომიერი მატება, ამ შემთხვევაშიც, მკურნალობის ფონზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. მათ შორის არის არასრუწლოვანი, 15 წლის. რამდენიმე ქვეყნის გავლით ისინი მოგზაურობდნენ და რამდენიმე აეროპორტიც გამოიარეს“, – განაცხადა კახა იშხნელმა.
მისივე თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სხვა პირები არ იმყოფებიან.
დილით ჯანდაცვის მინისტრი მეოთხე საეჭვო შემთხვევაზე საუბრობდა აჭარაში. სამწუხაროდ, ეჭვი გამართლდა და პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ დღეს საღამოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ინფიცირებულს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს, თუმცა საზღვარზე შემოსვლის შემდეგ მისი ყველა ნაბიჯი და ურთიერთობა იყო გაკონტროლებული.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებულია.
როგორც ცნობილია, საქართველოს ჯერჯერობით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი ჰყავს – 50 წლის მამაკაცი, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის იყო კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საქართველოში და პირველი სწორედ ის გამოჯანმრთელდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალი დღეების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები კიდევ იქნებიან.
მისი განმარტებით, სტანდარტია, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში ტესტმა კორონავირუსზე ორჯერ უნდა აჩვენოს უარყოფითი შედეგი.
„…არ მინდა, რომ შევცდე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მომავალ 3-4 დღეში ჩვენ კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით პრობლემურია 4 პაციენტი:
„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე 44 პაციენტიდან პრობლემური რჩება ოთხი პაციენტი. ჩვენი ორი პაციენტი ასაკოვანი ქალბატონები, ორი ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაში, იქაც არის ორი პრობლემური პაციენტი. ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპზე, დინამიკაში რომ გითხრათ, გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ ამ პაციენტებთან ასაკის და თან არსებული დაავადებების გამო, მათთან მოსალოდნელი არის დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია.
რაც შეეხება საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიისთვის მზაობას და მთავრობის მიერ განხორციელებულ ახალ ღონისძიებებს:
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის სწრაფი ტესტების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამხრეთ კორეასთან და მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, სამხრეთ კორეისგან 200 ათას ტესტს ელოდებიან .
„გუშინ საღამოს შედგა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი. ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო საჩუქრად ათასი ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში და ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება იმ პიროვნებების ტესტირება, რომლებზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში. ასევე, წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს. შესაბამისად, შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ ამ მიმართულებითაც მიიღონ მომსახურება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.
კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 მარტიდან სრულად შეწყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, ასრულებს „საქართველოს ავიახაზები“ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით.
ამასთან, საზღვარგარეთიდან როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე კარანტინში განთავსდება. ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ლარსის, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მიმდებარედ დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, უკეთესად მართოს ვითარება.
ამასთანავე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიხურება საცალო ვაჭრობის ყველა ობიექტი, გარდა გატანის სერვისებზე მომუშავე კვების ობიექტებისა, სურსათის ობიექტებისა, ასევე, საკოლმეურნეო ღია ბაზრობების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების და საბანკო სერვისების მიმწოდებელი ობიექტებისა.
ამასთან, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, მშობლებს შეეძლებათ, სახლში წაიღონ ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში ბავშვთა კვებისთვის ბაღებში უნდა გამოყენებულიყო.
ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიქმნება ე.წ. გადაუდებელი მიღების ცენტრი, სადაც პაციენტების საგანგებო მიღება მოხდება. პაციენტებმა, რომლებიც ექიმთან ვიზიტის საჭიროებას ხედავენ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ, საიდანაც, შესაბამისი კვლევის შემდეგ, მათ საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ.
„რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის, მობილიზებულია კლინიკის მთელი პერსონალი, მზად ვართ ამ გამოწვევისთვის“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა თეა თავართქილაძემ.
თავართქილაძის თქმით, დღესაც სასწრაფო დახმარებას რესპუბლიკურ კლინიკაში მიყავს შესაბამისი ეპიდანამნეზის პაციენტები, რომელთაც აქვთ მაღალი რისკი, ხდება მათი შეფასება და საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით – კარანტინში, თვითიზოლაციაში ან კლინიკაში.
რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, გაიზარდა ემიგრანტების რიცხვი, რომელთაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ. ეს მოქალაქეები საბერძნეთში, ესპანეთში, გერმანიასა და იტალიაში იმყოფებიან.
სამწუხაროდ, გუშინ ცნობილი გახდა ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქის, 74 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც, ოფიციალური ინფორმაციით, ქრონიკული დაავადებებიც აწუხებდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ უცხოეთში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, არ არის მძიმე.
„უცხოეთში 20-მდე მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი. საბედნიეროდ, მათი უმრავლესობის მდგომარეობა არ არის მძიმე. ისინი მკურნალობას აგრძელებენ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა მათგანთან, ისევე როგორც ჯანდაცვის დაწესებულებებთან კავშირში და კოორდინაციაში იმყოფებიან ჩვენი საკონსულო დაწესებულებები. საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ოპერატიული დახმარების აღმოჩენის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა საელჩო და საკონსულო სამსახური საზღვარგარეთ იმყოფება 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე და მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებთან“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
„ყველა ეს შემთხვევა მკაცრად არის აღრიცხული. ჩვენ ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ვართ კომუნიკაციაში. ყველა ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ აღრიცხული გვყავს, არის თვითიზოლირებული, რადგანაც ევროპის ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პიროვნება დაინფიცირებული და აქვს თუ არა სიმპტომები, საავადმყოფოები მათ სახლის პირობებში უწევენ რეკომენდაციას. ამიტომ ყველა მათგანს ჩვენ დავაკავშირებთ დაავადების კონტროლის ცენტრთან, რომ უკვე თბილისიდან მიიღონ მათ ჩვენი სპეციალისტებისგან შესაბამისი რეკომენდაცია კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინკონსულტაციები დაიწყო – პირველი ასეთი კონსულტაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის იტალიის დროით 17:00 საათზე გაიმართა საელჩოს გვერდზე: https://www.facebook.com/ambasciatadigeorgia/
21 მარტს ონლაინკონსულტაციები ესპანეთში, ხოლო 22 მარტს საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიმართება.
მომდევნო კვირის გრაფიკი ორშაბათს, 23 მარტს გამოქვეყნდება.
1tv.ge-ს მასალების მიხედვით
კომენტარები