მსოფლიოსაზოგადოება

რუსეთში კორონავირუსის გამო პირველი პაციენტი დაიღუპა

79 წლის ქალს ქრონიკული დაავადებები აწუხებდა

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი მოსკოვის N2 ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. ეს კორონავირუსის პირველი მსხვერპლია რუსეთში. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

მედიკოსების ინფორმაციით, ქალს ქრონიკული დაავადებები აწუხებდა, სუნთქვის უკმარისობის გაძლიერების გამო პაციენტს რეანიმაციაში კომპლექსურ თერაპიას უტარებდნენ, თუმცა ექიმების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და იგი პნევმონიით გარდაიცვალა ძალიან მწვავე თანმდევი პათოლოგიების ფონზე, როგორიცაა: გულის იშემიური დაავადება, მეორე ტიპის დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და სხვ.

კორონავირუსის გამო პირველი ლეტალური შემთხვევა რუსეთში მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დაადასტურა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში ინფიცირებულთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა, 30 ახალი ინფიცირებული ბოლო 2 კვირის განმავლობაში ევროპულ ქვეყნებში იმყოფებოდა. 16 მარტიდან მოსკოვში სკოლებსა და საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.

რაც შეეხება რუსეთში კორონავირუსის გავრცელების მხრივ არსებულ სიტუაციას, მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ინტერნეტრესურსის  стопкоронавирус.рф მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის რუსეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია SarsCoV2-ით ინფიცირების 199 შემთხვევა (მათგან 52 გასულ 24 საათში დაფიქსირდა), 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის საფრთხის გამო 16 მარტიდან დროებით შეჩერდა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ. აგრეთვე, აღინიშნა, რომ შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close