მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად უპრეცედენტო შეზღუდვებს აწესებს

გერმანიის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად უპრეცედენტო შეზღუდვებს აწესებს. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, სკოლები, რესტორნები და მეორეხარისხოვანი ბიზნესები დაიხურება, იკრძალება სადღესასწაულო და რელიგიური შეკრებები, საზღვრები კი ნაწილობრივ იკეტება. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„მსგავსი ზომები ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა მიღებული, მაგრამ ამ დროისთვის ეს აუცილებელია“, – განაცხადა მერკელმა.

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, ბანკები, საფოსტო ოფისები, მიტანის მომსახურება და სილამაზის სალონები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ქვეყნის მასშტაბით ათასობით სკოლა და საბავშვო ბაღი დაიხურა, მოქალაქეები კი შეძლებისდაგვარად სახლებიდან იმუშავებენ.

კორონავირუსთან ბრძოლაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების თანადგომაა საჭირო, განაცხადა კანცლერმა მერკელმა და მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან შეზღუდვების და წესების ახალი ნორმები, რათა კორონავირუსის SARS-CoV-2-ის გავრცელებას ხელი შეუშალონ. გამოცხადებული ზომების შესრულებაში მთავარი როლი ფედერალურ მიწევს და კომუნებს აკისრიათ. კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ მიღებული ზომების შესრულება „გაკონტროლდება“.

„ხალხის შეგნების იმედი მაქვს. უსარგებლოა სკოლების დახურვა, თუ მოსწავლეები აქეთ-იქით დაიწყებენ სიარულს“, – დასძინა მერკელმა.  

ამ დროისთვის გერმანიაში SARS-CoV-2-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 7689-ს მიაღწია, გარდაიცვალა 20 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 67.

გუშინ გერმანიის ფედერალური მიწა ბავარია (ტერიტორიის ფართობით ყველზე დიდი გერმანიის ფედერალურ სუბიექტებს შორის) კატასტროფის ზონად გამოცხადდა, რადგან 15-16 მარტს, ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 886 და გარდაცვალების ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გერმანიამ საზღვრები დაკეტა მეზობელ ქვეყნებთან. მიმდინარე კვირიდან, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე, შეწყდა საგანმანათლებლო პროცესი.

გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა სწორედ ბავარიაში, მიუნხენთან ახლოს მდებარე ქალაქში იანვრის ბოლოს დაფიქსირდა. 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავიურსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა მსოფლიოში 185 ათასს აჭარბებს (ჩინეთში – 81058, იტალიაში – 27980, ირანში – 14991), გარდაიცვალა 7330 პაციენტი (ჩინეთში – 3230, იტალიაში – 2158, ირანში – 853), გამოჯანმრთელდა 80236 (ჩინეთში – 68798, იტალიაში – 2749, ირანში – 4996).

ევროპაში ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ესპანეთი – 11279, გარდაიცვალა 499, გამოჯანმრთელდა 1028 ადამიანი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close