იტალიასაზოგადოება

იტალიის ახალი სტატისტიკა: გასულ დღე-ღამეში 2795 ადამიანი დაინფიცირდა, 175 გარდაიცვალა

კორონავირუსმა იმსხვერპლა 118-ის 47 წლის ოპერატორი ბერგამოდან; მთავრობა ახალ დეკრეტზე მუშაობს

იტალიაში ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული 17 750 პაციენტია, რაც 2795-ით მეტია, ვიდრე გუშინ. მთლიანობაში კი ინფიცირების შემთხვევებმა 21 157-ს მიაღწია – ახალი მონაცემები ცოტა ხნის წინ წარადგინა კომისარმა ანჯელო ბორელიმ ტრადიციულ საღამოს პრესკონფერენციაზე. ამის შესახებ Ansa წერს.

გასულ ერთ დღე-ღამეში იტალიაში 175 პაციენტი გარდაიცვალა და მთლიანობაში ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 1441-ს შეადგინა – გუშინდელთან შედარებით (250) გარდაცვალების შემთხვევებმა იკლო. რეანიმაციაში ჰოსპიტალიზებულია 1518 ადამიანი – 190-ით მეტი, ვიდრე გუშინ. 17750 შემთხვევიდან 8372 პაციენტი საავადმყოფოებშია მოთავსებული დაავადების სიმპტომებით, 7860 კი სახლის პირობებში იმყოფება.

გუშინ საღამოს Papa Giovanni XXIII-ის ჰოსპიტალში Covid-19-ისგან გარდაიცვალა 118-ის ტექნიკური ოპერატორი ბერგამოდან. იგი 47 წლის იყო.

მთავრობა ახალ დეკრეტზე მუშაობს ეკონომიკური ზომების მისაღებად კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციოდ. ბევრ სხვა საკითხთან ერთად ერთ-ერთია გადასახადების შეჩერების თემა, რათა საწარმოებს და იტალიურ ოჯახებს საგანგებო პირობებში ცხოვრება შეუმსუბუქდეთ. გამოცემა წერს, რომ მინისტრთა კაბინეტი ახალი დეკრეტის მისაღებად ხვალ (15 მარტი) დილით შეიკრიბება.

ჩინელ ექიმთა ჯგუფი, რომელიც რომში 12 მარტს გვიან ჩავიდა იტალიელი კოლეგების დასახმარებლად, დღეს რომის სპალანცანის ინსტიტუტში იმყოფებოდა. ისინი გაეცნენ პაციენტების მდგომარეობას, მკურნალობის მიმდინარეობას და მაღალი შეფასება მისცეს იტალიელი ექიმების პროფესიონალიზმს და თავდადებას. მათ მოინახულეს იტალიის პირველი პაციენტები – ჩინელი ცოლ-ქმარი, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ, თუმცა ჯერ ისევ სპალანცანიში იმყოფებიან. ჩინელმა სპეციალისტებმა იტალიელ ექიმებს კორონავირუსთან ბრძოლის თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

„მთავარია, დროულად გამოვლინდეს დადებითი შემთხვევები და სწრაფად ვუმკურნალოთ მათ; გამოვიყენოთ საკარანტინო ზომები, რათა რაც შეიძლება სწრაფად შევაჩეროთ ინფიცირება. ეს ზომები მიიღო ჩინეთმა და ვფიქრობთ, რომ იტალიაც ატარებს ამ ზომებს, – განაცხადა სპალანცანიში სტუმრობისას ჩინელი ექიმებიდან ერთ-ერთმა, – ეს ჩვენი გამოგონებული არ არის, ეს საერთაშორისო ზომებია, რომლებსაც ყველა ქვეყანა ეთანხმება მსგავსი საგანგებო სიტუაციების დროს“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close