ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო ადგილობრივი დროით 14:30 სთ-ზე, სპეციალური სატელევიზიო მიმართვისას, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ესპანეთის მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრად ზრდის გამო მიიღო – ბოლო ერთი დღის განმავლობაში ესპანეთში ახალი ვირუსული ინფექციით 36 ადამიანი გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 120-ს მიაღწია, ინფიცირებულია 4209 ადამიანი – ათასით მეტი, ვიდრე წინა დღეს და 7-ჯერ მეტი, ვიდრე კვირას.
პედრო სანჩესის თქმით, მომდევნო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი შესაძლოა 10 ათასამდე გაიზარდოს.
მადრიდის რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია დარეგისტრირებული, დღეს ქუჩები, მაღაზიები, კაფეები ცარიელია. დაიკეტა ბარები, რესტორნები, მაღაზიები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული დაწესებულებები და ა. შ. – სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა.
ბასკების ქვეყანაში, ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რეგიონში, გუშინ დილიდან გამოცხადდა ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა, რაც ბასკეთის პრეზიდენტის, ინიგო ურკულუს თქმით, რეგიონს საშუალებას მისცემს, სწრაფად გამოაცხადოს კარანტინი, თუ ეს აუცილებელი გახდება, მოახდინოს ადამიანების ევაკუაცია და შეზღუდოს ზოგიერთ რაიონთან კავშირი.
11 მარტს კატალონიის ხელისუფლებამ ბლოკადაში მოაქცია 4 ქალაქი სოფელ იგუალადის (მდებარეობს ბარსელონიდან ჩრდილოეთით, 49 კმ-ის მანძილზე) გარშემო მას შემდეგ, რაც ამ რაიონში ინფექციამ იფეთქა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები