მსოფლიომედიცინა

კორონავირუსთან ბრძოლაში გამოცდილ ჩინელ სპეციალისტთა ჯგუფი რომში ჩაფრინდა (ვიდეო)

ჩინელებმა იტალიაში 30 ტონაზე მეტი ტვირთი - დანადგარები, სამედიცინო და დამცავი მასალები ჩაიტანეს

გუშინ, 12 მარტს, გვიან საღამოს შანხაიდან რომში  ჩაფრინდა ჩინელ მედიკოსთა 9-კაციანი ჯგუფი იტალიელი კოლეგებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და დახმარების აღმოსაჩენად. ამის თაობაზე რაინიუსი იტყობინება.

ჩინელმა ექიმებმა იტალიაში ჩაიტანეს 30 ტონაზე მეტი აუცილებელი სამედიცინო და დამცავი მასალები, აგრეთვე, სპეციალური სარეანიმაციო დანადგარები.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ლი ჟუნჰუამ თქვა, რომ იტალიას ამჟამად ყველაზე მეტად სამედიცინო მასალები და ეპიდემიასთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარება სჭირდება.

როგორც უკვე ვწერდით, ეს გადაწყვეტილება 2 დღის წინ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის შედეგად იქნა მიღებული.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ამ ჟესტს ჩინეთის მხრიდან „სოლიდარობის აქტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ იტალია შეძლებს გაუმკლავდეს ვირუსს ისევე, როგორც ეს ჩინეთმა მოახერხა.

12 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსისგან 1016 ადამიანი გარდაიცვალა, მთლიანობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 15000-ს გადააჭარბა.

რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყანაში სიტუაცია დღითიდღე უმჯობესდება. 13 მარტის დილის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ით გამოწვეული გარდაცვალების 7 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის, 6 – უჰანში), გამოვლინდა ინფიცირების მხოლოდ 8 შემთხვევა – ამის თაობაზე ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი იუწყება. ამასთან, ამავე უწყების ცნობით, ჰუბეის პროვინციაში, ადმინისტრაციული ცენტრის – უჰანის გარდა, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად ითვლება, უკვე ზედიზედ მე-8 დღეა ინფიცირების ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება.

ნიკო აბაშიშვილი

ჩინელი ექიმების ჯგუფი იტალიელ მასპინძლებთან ერთად რომის აეროპორტში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close