იტალია: ინფიცირების 1145 ახალი შემთხვევა, 223 გარდაცვლილი
გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 81 წელზე მეტია, უმეტესად მამაკაცები იღუპებიან
იტალიაში ამ დროისთვის COVID-19-ით დაავადებულია 5065 პაციენტი, გასულ ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა – 1145 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემცირდა გარდაცვალების შემთხვევები – 36 (წინა დღეს – 49 ). მთლიანობაში ამ დროისთვის კორონავირუსის გამო 223 ადამიანია გარდაცვლილი. რეანიმაციაში 567 პაციენტია მოთავსებული (359 ლომბარდიაში) – 105-ით მეტი, ვიდრე გუშინ; გამოჯანმრთელდა 589 ადამიანი (გასულ დღე-ღამეში – 66). მთლიანობაში იტალიაში ახალი კორონავირუსით 5883 ადამიანი დაინფიცირდა, – ასეთია კომისარ ანჯელო ბორელის მიერ დღის ბოლოს პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი სტატისტიკა.
ახალ ინფიცირებულთა შორის არის სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ლაციოს რეგიონის პრეზიდენტი ნიკოლა ძინგარეტი – ამის თაობაზე მან დღეს თავად განაცხადა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
იტალიის ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის პრეზიდენტის, სილვიო ბრუზაფეროს ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 81 წელზე მეტია, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პათოლოგიაც ჰქონდათ, 80%-ს კი – 2-ზე მეტი დაავადება აწუხებდა. გარდაცვლილები უმეტესად მამაკაცები არიან.
რაც შეეხება რომის სპალანცანის ინსტიტუტის ბიულეტენს: ამ დროისთვის Spallanzani-ში 71 პაციენტია მოთავსებული, მათგან 37-ს SARS CoV-2-ით (ახალი ტიპის კორონავირუსის ოფიციალური სახელწოდება) ინფიცირება დაუდასტურდა, 26 პაციენტი დაკვირვების ქვეშაა. სპალანცანის ინფორმაციით, „ყველა სტაციონარული პაციენტი სტაბილურ კლინიკურ მდგომარეობაშია 8 პაციენტის გარდა, რომლებსაც ორმხრივი ინტესტიციალური პნევმონია აქვთ, უტარდებათ ანტივირუსული თერაპია და რესპირატორულ მხარდაჭერას საჭიროებენ“, თუმცა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „მათი კლინიკური მდგომარეობაც სტაბილურია, ან შესამჩნევად უმჯობესდება“.
რამდენიმე პაციენტს, რომელთა პასუხი კრონავირუსზე უკვე უარყოფითია, ანუ რომლებიც განიკურნენ, მალე გაწერენ. ამ დროისთვის უკვე გაწერეს 252 პაციენტი, რომლებმაც კლინიკური ფაზა გაიარეს და კორონავირუსის ტესტზე მათი პასუხი უარყოფითია. მომავალ კვირაში აპირებენ გაწერონ ჩინელი ტურისტები – ცოლ-ქმარი, რომლებიც იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტები იყვნენ. მათი მდგომარეობა რამდენიმე ხნის განმავლობაში საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა მათ დაავადება დაძლიეს და გამოჯანმრთელდნენ.
იტალიაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა შეგიძლიან ონლაინ რეჟიმში ნახოთ: online una mappa dei contagi di coronavirus in tutta Italia realizzata dalla Protezione Civile
როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, სპალანცანიშია მოთავსებული 23 წლის ქართველი სტუდენტი გოგონა, რომელიც 3 დღის წინ ვიტერბოდან გადმოიყვანეს და მისი ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. საავადმყოფოში შეყვანისას მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. იტალიაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების ინფიცირების შემთხვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა თავის ყველა მოქალაქეს ყურადღებას მიაქცევს.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები