fbpx
ქართველები უცხოეთშიიტალია

საქართველოს მოქალაქეზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იტალიური მედია წერს

სტუდენტთა სახლი ვიტერბოში, სადაც ქართველი გოგონა ცხოვრობდა, იქ მცხოვრებ სტუდენტებთან ერთად კარანტინშია

საქართველოს მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის გამო რომის სპალანცანის ინსტიტუტშია მოთავსებული, ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია. 23 წლის გოგონა ამერიკული სასწავლო პროგრამით იმყოფება იტალიაში. იგი ვიტერბოდან (ქალაქი ცენტრალურ იტალიაში, ლაციოს რეგიონი; რომის ჩრდილოეთით, დაახ. 105 კმ-ის მანძილზე) გუშინ დილით გადაიყვანა ARES-ის სამედიცინო ბრიგადამ რომის ლაზარიო სპალანცანის სახელობის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის კლინიკაში. საქართველოში იტალიის ელჩის, ენრიკო ვალვოს თქმით, საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზე არიან, როგორც თავად პაციენტთან, ასევე მის ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტალიური გამოცემა „ილმესაჯერო“ წერს, რომ გოგონა თავიდან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ეგონათ (ჯორჯიის შტატიდან). მათივე ცნობით, ვიტერბოში ყველა ღონისძიება ტარდება, რომ ვირუსის გავრცელება თავიდან აიცილონ.  იზოლირებულია სტუდენტთა საცხოვრებელი, სადაც ინფიცირებული ქართველი სტუდენტი ცხოვრობდა, სტუდენტები კარანტინში არიან და შესაბამისი ორგანოები მათთვის ყოველდღიურად საკვების მიწოდებას უზრუნველყოფენ.

სტუდენტთა საცხოვრებელი კარდარელის ქუჩაზე, სადაც ქართველი სტუდენტი ცხოვრობდა. tusciaweb.eu-ს ფოტო

ინტერნეტგამოცემა viterbonews24.it-ის ინფორმაციით, 23 წლის ქართველი სტუდენტი გოგონა, რომელიც გუშინ დილით რომის სპალანცანის ინსტიტუტში მოათავსეს კორონავირუსის სიმპტომებით, ვიტერბოში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. იგი ლაციოდისუს ორი სტუდენტური სახლიდან ერთ-ერთში ცხოვრობდა. გოგონა Unitus-ის სტუდენტია, მონაწილეობდა Usac-ის პროექტში, რომელსაც ვიტერბოს უნივერსიტეტში სასწავლო სივრცე აქვს გამოყოფილი. როგორც გამოცემა წერს, ქართველი გოგონა, სავარაუდოდ, ლექციებს არ დასწრებია, რადგან მეცადინეობები რამდენიმე დღეში უნდა დაწყებულიყო.

სტუდენტთა საცხოვრებელი კარდარელის ქუჩაზე, სადაც ქართველი სტუდენტი ცხოვრობდა. tusciaweb.eu-ს ფოტო

მათივე ცნობით, სტუდენტი გოგონა რამდენიმე დღის წინ ვენეციაში იმყოფებოდა. გუშინ, როდესაც სიცხემ აუწია და ხველა დაეწყო, 118-ს დაუკავშირდა და არესის სამედიცინო მუშაკებმა იგი პირდაპირ რომში, სპალანცანის ინსტიტუტში გადაიყვანეს.

ამასთან, კორონავირუსის გავრცელების გამო, USAC-ის (საზღვარგარეთ საუნივერსიტეტო სწავლების კონსორციუმი) ხელმძღვანელობამ იტალიიდან, მათ შორის, ვიტერბოდან თავისი ყველა სტუდენტი გაიწვია და Unitus-ში სწავლების სემესტრი შეაჩერა.

რაც შეეხება სპალანცანიში არსებულ სიტუაციას: ინსტიტუტის ცნობით, მათთან მოთავსებული პაციენტებიდან 11 სრულად განიკურნა (მათ შორის, ხანდაზმული ჩინელი ცოლ-ქმარი, რომლებსაც იტალიაში პირველებს დაუდგინდათ ახალი ტიპის ვირუსი). დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთების საფუძველს არ იძლევა, ორი პაციენტის გარდა, რომელთანაც ორმხრივი ინტერსტიციალური პნევმონია აღინიშნება. მათ ანტივირუსული მკურნალობა უტარდებათ და მართვით სუნთქვაზე არიან.

„დღემდე 248 პაციენტი მივიღეთ, – ამბობენ სპალანცანიში, – მათგან 203-ის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი იყო და გავწერეთ. 45 პაციენტი ჯერ ისევ საავადმყოფოში იმყოფება“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close