კორონავირუსი: იტალიაში სკოლები და უნივერსიტეტები 15 მარტამდე დაიკეტა
ბორელი: 2706 დაავადებული და 107 გარდაცვლილი, გამოჯანმრთელდა 276 ადამიანი
იტალიაში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებული 2706 პაციენტია, რაც გუშინდელ მონაცემს 443-ით აღემატება. 107-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი (გასულ დღე-ღამეში 28 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა), გამოჯანმრთელდა 276 ადამიანი. თუ ინფიცირებულთა რაოდენობას დავუმატებთ გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, გამოდის, რომ ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე იტალიაში მთლიანობაში ახალი კორონავირუსით 3089 ადამიანი დაინფიცირდა.
ასეთი ახალი მონაცემები გააცნო საზოგადოებას კომისარმა ანჯელო ბორელიმ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, გასულ დღე-ღამეში 116 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 276 შეადგინა. ამის შესახებ ANSA წერს.
დღეს დილით პრემიერ- მინისტრმა ჯუზეპე კონტემ კიჯის სასახლეში მინისტრები შეკრიბა კორონავირუსთან დაკავშირებით. მთავრობის გადაწყვეტილებით ხვალიდან, სულ ცოტა, 15 მარტამდე მთელ იტალიაში იკეტება სკოლები და უნივერსიტეტები (აქამდე მხოლოდ ჩრდილოეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყო დაკეტილი): „ეს არ იყო მთავრობისთვის იოლი გადაწყვეტილება, ჩვენ გადავწვიტეთ სასწავლო პროცესი 15 მარტამდე შევაჩეროთ“, – განაცხადა განათლების მინისტრმა ლუჩია აძოლინამ პალაცო კიჯიში გამოსვლისას.
„რატომ ვხურავთ სკოლებს? – იმიტომ, რომ ამ დროისთვის მთელი ყურადღება გვაქვს გადატანილი ყველა ზომის მიღებაზე, რათა პირდაპირ შევაჩეროთ ვირუსი ან შევანელოთ მისი გავრცელება, იმიტომ რომ ჯანდაცვის სისტემა, რა ეფექტიანი და შესანიშნავიც არ უნდა იყოს, გადატვირთვის რისკის ქვეშ დგას, განსაკუთრებით, ინტენსიური და სუბინტენსიური თერაპიის კუთხით“, – განაცხადა კონტემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით კი, მუშაობენ ნორმატიულ აქტზე, რომ სკოლების დახურვის შემთხვევაში ერთ-ერთ მშობელს შეეძლოს სამუშაოს გაცდენა, რათა მცირეწლოვან შვილებს მიხედოს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, იტალიის მთავრობის დადგენილების პროექტი საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვას, კინოსა და თეატრების დახურვას ითვალისწინებს, ასევე მოქალაქეებს ურჩევს, დაიცვან სულ მცირე ერთი მეტრის დისტანცია, უარი თქვან ხელის ჩამორთმევასა და ყველა სახის მჭიდრო ფიზიკური კონტაქტისგან თავი შეიკავონ. ამას გარდა, განკარგულებით, ყველა მასშტაბური სპორტული ღონისძიება მაყურებლების გარეშე გაიმართება.
დადგენილება სენატმა მიიღო 234 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, 5-მა სენატორმა თავი შეიკავა.
***
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს: ახალი კორონავირუსი გაცილებით უფრო მკვლელია, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი – მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები 3,4%-ს შეადგენს, მაშინ როცა გრიპის შემთხვევაში საშუალოდ დაავადებულთა 1% იღუპება.
***
ლომბარდიაში დაინფიცირებული „პირველი პაციენტის“ – 38 წლის მამაკაცის ორსული ცოლი სახლში დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს. როგორც ცნობილია, ორსულობის მე-8 თვეზე მყოფ ქალს კორონავიუსზე დადებითი პასუხი ჰქონდა, თუმცა სიმპტომები აქამდე არ გამოვლენია. ამის მიუხედავად მას მაინც მოუწევს სახლში საკარანტინო პერიოდის დასრულება. ულტრაბგერითი კვლევით დადგინდა, რომ დედის მუცელში თავს პატარაც კარგად გრძნობს.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები