ფსიქოლოგიარას არ გაიგებ/ფაქტებიჯანმრთელობარჩევები

ქრონიკული სტრესი: 6 სიგნალი, რომლითაც სხეული გვაფრთხილებს

შეიძლება სწორედ ახლა ქრონიკული სტრესის მდგომარეობაში იმყოფებოდეთ და არც კი იცოდეთ ამის შესახებ. მძიმე სამუშაო გარემო, ურთიერთობის რთული პერიოდი, გაჭიანურებული დაავადება, გამოტოვებული შვებულება ან დაუსრულებელი ზამთარი – ეს ყველაფერი შეიძლება გახდა მიზეზი იმისა, რის გამოც თქვენს სხეულში სტრესის ჰორმონი – კორტიზოლი დაგროვდა. ის, თავისთავად, საშიში არ არის, თუ თქვენთან დიდხანს არ დარჩება, მაგრამ თუ კორტიზოლის დონე მუდმივად მაღალია, შესაძლოა დაზიანდეს ორგანიზმის მნიშვნელოვანი სისტემები: ენდოკრინული, გულსისხლძარღვთა, ნერვული.

მომატებული კორტიზოლი გავლენას ახდენს ინსულინის რეზისტენტობაზე და ზრდის მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს, ის ანელებს ჩვენს მეტაბოლიზმს და შედეგად  ზედმეტ ცხიმს ვაგროვებთ, ამასთან, ყველაზე მეტად – წელის მიდამოში.

კორტიზოლი აუარესებს ჩვენს ძილს, რაც ზრდის მრავალი სერიოზული დაავადების (მათ შორის, ავთვისებიანი სიმსივნის) რისკს. ერთი სიტყვით, ძალიან მნიშვნელოვანია ქრონიკული სტრესის რაც შეიძლება მალე ამოცნობა და მასთან ბრძოლის დაწყება. მოგიყვებით რამდენიმე სიგნალის შესახებ, რომლითაც ჩვენი სხეული სტრესის არსებობაზე გვაფრთხილებს:

ტკივილი მუცლის არეში

ტვინის ნერვული სისტემა და ნაწლავები უფრო მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ვიდრე გგონიათ: მაგალითად, ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ნაწლავის ცუდი ფუნქციონირება და დეპრესიის მომატებული რისკი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. სტრესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობაზეც, გამოიწვიოს დიარეა, ყაბზობა, გულისრევა და ღებინებაც კი, ასევე მუცლის ტკივილი. თუ გასტროენტეროლოგმა ვერ გამოავლინა რაიმე პათოლოგია და კვლავ დისკომფორტს გრძნობთ, ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდად შეიძლება ფიზიკური ვარჯიშები გამოგადგეთ: ენდორფინები, რომლებიც სპორტული ვარჯიშის დროს წარმოიქმნება, არა მხოლოდ განწყობას აუმჯობესებს, არამედ ნაწლავების მუშაობასაც და ამცირებს სტრესს.

თმის ცვენა

დღეში 80-იდან 100 ღერ თმას ვკარგავთ – ეს ნორმალურია. თუ შენიშნეთ, რომ თქვენს სავარცხელზე გაცილებით მეტი რაოდენობით თმა რჩება, უნდა გაიხსენოთ – ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სერიოზული სტრესი ხომ არ განგიცდიათ? სტრესის დროს იზრდება მამრობითი სასქესო ჰორმონების – ანდროგენების გამოყოფა, რომლებიც თმის ფოლიკულებს ანადგურებს და თმის ცვენას იწვევს. საბედნიეროდ, სტრესის შემცირების შემდეგ თმის ცვენა ჩერდება.

ქუთუთოს უნებლიე ხამხამი

ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ქუთუთო უეცრად ხამხამს იწყებს და მისი შეჩერება არანაირად არ ხერხდება. ექიმები თვლიან, რომ ამ ხამხამის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სტრესია. მას რომ გავუმკლავდეთ, თვალები დახუჭეთ, შეეცადეთ დაისვენოთ და ღრმად ისუნთქოთ. შეისუნთქეთ ოთხი წამის განმავლობაში, შეაჩერეთ სუნთქვა შვიდი წამის განმავლობაში, შემდეგ ამოისუნთქეთ რვა წამის განმავლობაში (სხვათა შორის, ეს სუნთქვითი ვარჯიში მაშინავ გამოგადგებათ, როცა დაძინება გიჭირთ). გაიმეორეთ ეს პროცესი ოთხჯერ, პარალელურად თითი ქუთუთოზე გქონდეთ მიჭერილი. თუ უნებლიე ხამხამი განმეორდა, სავარაუდოდ, უნდა იფიქროთ ქრონიკულ სტრესთან გამკლავების გზებზე.

აკნე

აკნეს ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მამრობითი ჰორმონების გაზრდილი კონცენტრაცია, რომლის გამოშვება სტრესის დროს გააქტიურებულია. რა თქმა უნდა, მუწუკები შეიძლება კვების დარღვევის, იმუნიტეტის დაქვეითების, არასათანადო კოსმეტიკური საშუალებებისა და გარკვეული მედიკამენტების გამოყენების გამოც წარმოიშვას, მაგრამ თუ გამონაყარი ისევ და ისევ ბრუნდება, შესაძლოა ეს იყოს სიგნალი: თქვენი სხეული მუდმივად ებრძვის სტრესს და უკვე იწყებს ძალებს კარგავს.

ზურგის ტკივილი

სტრესი ზრდის არტერიულ წნევას, გულისცემას და კუნთების დაძაბულობას, რათა ორგანიზმი მზად იყოს გასაქცევად ან საბრძოლველად. თუ სტრესი გადის, ჰორმონები ნორმაში დგება, ხოლო კუნთები მოდუნდება, ცუდი არაფერი ხდება; მაგრამ თუ სტრესი ქრონიკულად იქცა, კუნთები ყოველთვის დაძაბულია, რამაც შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ ტკივილი ხშირია და ასევე შეეცადეთ ყოველდღე გამონახოთ დრო მარტივი ვარჯიშებისთვის: გაჭიმვები, დახრები და ჩაჯდომები.

გამონაყარი

გამონაყარი ქავილის თანხლებით ასევე შეიძლება იყოს სტრესის სიმპტომი. კორტიზოლის ჭარბი რაოდენობა ასუსტებს ჩვენს იმუნურ სისტემას, უფრო რთული ხდება ვირუსებთან ბრძოლა – მათ შორის, იმ ვირუსებთან, რომლებიც კანის ინფექციებს იწვევენ. იმუნიტეტის დაქვეითებამ შეიძლება ეგზემის გამწვავება გამოიწვიოს – ეს არის კანის კიდევ ერთი დაავადება, რომელიც გახანგრძლივებული სტრესის ერთგვარი ინდიკატორია.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close