მსოფლიოპოლიტიკა

მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს

ახალი ტიპის კორონავირუსთან – COVID-19-თან საბრძოლველად მსოფლიო ბანკმა 12 მილიარდი დოლარის გამოყოფა გადაწყვიტა.

„COVID-19-თან ბრძოლაში დახმარების პაკეტი მოიცავს 12 მილიარდ დოლარამდე დაფინანსებას, საიდანაც 8 მილიარდი საჩქარო წესით გამოიყოფა“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში, რომელსაც მედია ავრცელებს.

მსოფლიო ბანკი აპირებს დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის, ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში მათი ეპიდემიისგან დაცვის მიზნით, რათა გაძლიერდეს დაავადებების ეპიდზედამხედველობა, გააქტიურდეს ღონისძიებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით და თანამშრომლობა კერძო სექტორთან ეკონომიკაზე ზეგავლენის შემცირების მიზნით. ფინანსური პაკეტი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე სახელმწიფოებს გრანტებითა და დაბალპროცენტიანი კრედიტებით უზრუნველყოფს. საუბარია 60-ზე მეტ ქვეყანაზე.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, დევიდ მალპასის განცხადებით, არსებობს მრავალი კითხვა, რომელიც ვირუსის სწრაფად გავრცელებას ეხება და ამიტომ შეიძლება ბევრად მეტი დახმარება  გახდეს საჭირო.

მან  მოუწოდა ქვეყნებს,  კოორდინაცია გაუწიონ  თავიანთ ქმედებებს  რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე და აღნიშნა, რომ რეაგირების სისწრაფე და დიაპაზონი გადამწყვეტი იქნება ადამიანთა  სიცოცხლის გადასარჩენად.

ამ დროისათვის მთელ მსოფლიოში ახალი ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვმა 93 100-ს მიაღწია (აქედან ჩინეთზე მოდის 80 270 შემთხვევა), 3198 (2981 – ჩინეთში) პაციენტი გარდაიცვალა, 50690 (49 853 – ჩინეთში) გამოჯანმრთელდა.

ევროპაში ყველაზე რთული ვითარება იტალიაშია, სადაც ვირუსის „გამოჩენიდან“ დღემდე ინფიცირების შემთხვევებმა 2500-ს გადააჭარბა, გარდაიცვალა 80 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 160.

რაც შეეხება საბერძნეთს, ამ დროისთვის ინფიცირების 8 შემთხვევაა დაფიქსირებული – თესალონიკსა და ათენში. კიდევ 300-ზე მეტი ადამიანი კი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო. თესალონიკში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ერთი სკოლა დაიკეტა, ათენში კი – 8 სკოლა, სადაც ინფიცირებულთა ოჯახის წევრები დადიოდნენ. თავად პაციენტების მდგომარეობა ნორმალურია და მათ დაავადების მცირე კლინიკური ნიშნები აქვთ.

რაც შეეხება საქართველოს, გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა და, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეისათვის სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა პოლონეთმა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close