იტალიასაზოგადოება

იტალიაში ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა

დაფიქსირდა ინფიცირების 428 ახალი შემთხვევა, კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიის ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტი (ISS) კორონავირუსის გავრცელების  „წითელი ზონის“ გაფართოებას განიხილავს ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური, გეოგრაფიული და ტექნიკურ-ეკონომიკური კრიტერიუმის საფუძველზე, – ამის თაობაზე ინსტიტუტის პრეზიდენტმა სილვიო ბრუსაფერომ რომში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საუბარია ბერგამოზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე აანალიზებენ დაავადების ახალ შემთხვევებს და ვირუსის გავრცელების მაჩვენებლებს და ამ მონაცემების საფუძველზე განიხილავენ ბერგამოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის „წითელ ზონაში“ შეყვანის საკითხს. ამის შესახებ ANSA იუწყება.

ბრუსაფეროს ინფორმაციით, ლომბარდიაში ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა. „იგი მართვით სუნთქვაზე არ არის, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაავადების კლინიკური განვითარება ნორმალურია“, – განაცხადა მან.

სამოქალაქო დაცვის სამსახურმა კორონავირუსის ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა: ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიაში 2263-ია – 428-ით მეტი, ვიდრე გუშინ საღამოს. 79 ადამიანი გარდაიცვალა – გასულ დღე-ღამეში კიდევ 27 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. 160 პაციენტი გამოჯანმრთელდა (გასულ დღე-ღამეში – 11). გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, იტალიაში მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევებმა 2500-ს გადააჭარბა.

დღეს მილანში ორ მოსამართლეს კორონავირუსი დაუდგინდა. სასამართლოს შენობებს, სადაც მათ უწევდათ ყოფნა, დეზინფიცირება ჩაუტარდა, არასასწრაფო სასამართლო მოსმენები კი აპრილში გადაიტანეს პერსონალის უკმარისობის გამო: როგორც ცნობილია, 30-მდე ადამიანი – მოსამართლეები და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები, რომლებსაც ინფიცირებულ მოსამართლეებთან უწევდათ კონტაქტი – თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამასთან, კორონავირუსის შემთხვევების პროგრესირება შენელდა – დღეს გამოქვეყნებული ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ უკონტროლო ზრდა არ არის და რომ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიღებულ ზომებს უკვე მოაქვს შედეგი, – ასეთია თეორეტიკოსი ფიზიკოსის, პაოლო კასტორინის შეფასება (კატანიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის კატანიის სექციიდან და კატანიის უნივერსიტეტიდან).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close