იტალიასაზოგადოება

მილანში 2 მოსამართლეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა

სასამართლოს 30-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია

მილანში ორი მოსამართლე კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა – ერთი მეექვსე სამოქალაქო განყოფილებიდან, მეორე – „პროფილაქტიკური ღონისძიებების“ განყოფილებიდან. ისინი ამ დროისთვის იზოლირებულად არიან მოთავსებულნი. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

„მოსამართლეები თავს კარგად გრძნობენ“, – განაცხადა მილანის სასამართლოს თავმჯდომარემ რობერტო ბიჩიმ. მისი განმარტებით, ამჟამად სპეციალური ბრიგადები იმ გარემოს დეზინფექციას ატარებენ, სადაც ამ მოსამართლეებს ხშირად უწევდათ ყოფნა, ხოლოდ დაახლოებით 30 ადამიანი – მოსამართლეები და ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებთანაც ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ – თვითიზოლაციაში იქნება. აუცილებელია ამ მოსამართლეების ნებისმიერი სხვა კონტაქტების კონტროლირება, – განაცხადა მან.

დღეს კომპანია Rai-მ თავისი ერთი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ განაცხადა. მისი პირველი ტესტის პასუხი დადებითია. პაციენტი სპალანცანიში მოთავსეს, იგი თავს კარგად გრძნობს. კომპანიის ინფორმაციით, მათი თანამშრომელი „ყვითელ ზონაში“ იმყოფებოდა და 10 დღის განმავლობაში მათ ობიექტებთან შეხება არ ჰქონია.

დღეს სკოლები დაიკეტა სალენტოს (სამხრეთ იტალია, აპულიის რეგიონი) 4 კომუნაში – არადეოში, გალატინაში, გალატონესა და ნარდოში  (Aradeo, Galatina, Galatone e Nardò). ეს ფაქტი 58 წლის მამაკაცის ინფიცირების შემთხვევას უკავშირდება არადეოში. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს საქმიანი კონტაქტები ჰქონდა ჩრდილოეთ იტალიაში, კერძოდ, მილანში. სკოლების დაკეტვა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მისი ოჯახის წევრი ნარდოს სკოლაში დადის. ნარდოს გარდა ზემოაღნიშნული სამი კომუნის მერებმაც მიიღეს დღეს და ხვალ სასწავლო დაწესებულებების დაკეტვის და იქ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება.

გუშინდელი საღამოს მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 2036-ს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ ინფიცირების შემთხვევები კიდევ გაიზარდა. ახალ მონაცემებს კომისარი ბორელი დღის ბოლოს პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს.

მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 92 ათასამდეა, გარდაცვლილთა რიცხვმა 3100-ს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა  48 200-მდე ადამიანი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close