იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა, 52 პაციენტი დაიღუპა

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გუშინდელთან შედარებით 258-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 1835-ს შეადგენს. ამას უნდა დავუმატოთ კიდევ 149 გამოჯანმრთელებული (მათგან 66 – გასულ ერთ დღე-ღამეში) და 52 გარდაცვლილი (გასულ ერთ დღე-ღამეში 18 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 15 – ლომბარდიაში), რაც ნიშნავს, რომ იტალიაში კორონავირუსის გამოჩენიდან ინფიცირებულთა რაოდენობამ მთლიანობაში 2000-ს გადააჭარბა და 2036-ს უდრის – ეს ახალი მონაცემები კომისარმა ანჯელო ბორელიმ დღეს სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. ამის შესახებ ANSA წერს.

რომსა და რომის პროვინციაში, სადაც ერთი პოლიციელიც დაინფიცირდა, ამ დროისთვის ახალი ტიპის ვირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა გამოვლენილი. სპალანცანის საავადმყოფოს ბოლო მონაცემებით, 7 ადამიანია ჰოსპიტალიზებული: ჩინელი ცოლ-ქმარი – ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ, თუმცა ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩებიან; გუშინ მოათავსეს პოლიციელი, ფიუმიჩინოების ოჯახი (დედა, მამა და მათი გოგონა) და კიდევ ერთი პაციენტი, რომლის ვირუსით ინფიცირება ვენეტოს რეგიონთან არის კავშირში. ამ რიცხვს უნდა დავუმატოთ ჰოსპიტალიზებული პოლიციელის ცოლი, ორი შვილი და რძალი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, თუმცა სახლში იმყოფებიან შინაიზოლაციაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან; აგრეთვე, ინფიცირებულია ერთი მეხანძრე.

როგორც ცნობილია, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევათა დიდი ნაწილი ლომბარდიაზე მოდის. დღეისათვის ამ რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1254-ს შეადგენს, მათგან 478 ჰოსპიტალიზებულია, მათ გარდა რეანიმაციაში კიდევ 127 ადამიანი იმყოფება. ვირუსზე დადებითი ტესტის 472 შემთხვევაში პაციენტებს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ; გარდაცვალების შემთხვევებმა ლომბარდიაში 38-ს მიაღწია (გასულ დღე-ღამეში 15 ადaმიანი გარდაიცვალა) – ამის თაობაზე მრCეველმა სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში, ჯულიო გალერამ განაცხადა. მან დააზუსტა, რომ გარდაცვალებულთა ასაკი 81-იდან 94 წლამდე იყო და ყველა მათგანს მანამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.

ლომბარდიის რეგიონული საბჭოს ყველა წევრი გაივლის ტესტს Covid-19-ზე მას შემდეგ, რაც მათი კოლეგა ალესანდრო მატინცოლი (ბრეშიდან) კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა. „ვისვენებ და სრულიად მშვიდად ვარ“, – ირწმუნება მატინცოლი.

ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა ემილია-რომანიის რეგიონი (324), მას მოსდევს ვენეტო (271). მთლიანობაში იტალიაში 23,3 ათასი ტესტი ჩატარდა, 91%-ზე მეტ შემთხვევაში ვირუსი არ დადასტურდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მოლიზეს რეგიონში (ინფიცირებულია 60 წლის ქალი), აგრეთვე, სარდინიაზე.

მარკეს რეგიონში პირველი გარდაცვლილია – 88 წლის მამაკაცი, რომელსაც სხვადასხვა დაავადება აწუხებდა.

საგანგებო სიტუაციის გამო ნაგებობების მოძებნის აუცილებლობის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე არსებობს დაახლოებით 80 ყაზარმა მთლიანობაში 6600 საწოლით.

* * *

დღეს კიდევ 7 ქვეყანაში „გამოჩნდა“ პირველად კორონავირუსი: საუდის არაბეთმა, ტუნისმა, ლატვიამ, სენეგალმა, იორდანიამ, ინდონეზიამ და პორტუგალიამ ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევების დაფიქსირების შესახებ განაცხადეს. გუშინ კი „ინფიცირების ზონაში“ ჩეხეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია და სომხეთი შევიდნენ.

ამ დროისთვის COVID-19 ჩინეთის გარდა კიდევ 68 ქვეყანაშია დაფიქსირებული, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს პანდემიად ჯერ არ აცხადებს და მიაჩნია, რომ სათანადო ზომების მიღების შემთხვევაში ჯერ კიდევ შესაძლებელია ვირუსის გავრცელების შეჩერება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close