რჩევებიჯანმრთელობა
4 მიზეზი, რის გამოც ავოკადოს კურკა არ უნდა გადააგდოთ
უამრავ პროდუქტს ვიცნობთ, მაგრამ მათ სასარგებლო თვისებებზე ჯერ ყველაფერი არ ვიცით. მაგალითად, ავიღოთ ავოკადოს კურკა. ერთ-ერთ სტატიაში ვწერდით მისი შინაგანი გამოყენების წესზე (ხილის კურკები/თესლები სამკურნალოდ და კოსმეტიკაში – მარტივი შინაური მეთოდები) სხვადასხვა დაავადების დროს, იქვე მივუთითეთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ კურკისგან ფხვნილი, დღეს კი გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ მის კოსმეტიკურ შესაძლებლობებზე.
ავოკადოს კურკაზე დამზადებულ საშუალებებს ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს და ამიტომაც გამოდგება სახეზე გამონაყრის წინააღმდეგ, ცხიმიანი თმისა და კანის მოვლისთვის, აგრეთვე, ქერტლის დროს.
ეს პროდუქტი კარგ ზეგავლენას ახდენს, საზოგადოდ, კანისა და თმის ტონუსსა და ფერზე.
რეცეპტები:
- სკრაბი. აურიეთ ავოკადოს გამხმარი კურკის ფხვნილი დაფქულ ნალექიან ყავას, დაუმატეთ ყავისფერი შაქარი და შეიზილეთ კანში. ნარევი ოდნავ რუჯის ფერს იძლევა, იმიტომ რომ ავოკადოს კურკა საღებავ ნივთიერებებს შეიცავს.
- კანის ანთებითი პროცესების დროს. თბილ წყალში ჩაამატეთ ავოკადოს კურკის იმდენი ფხვნილი, რომ კრემისებური მასა მიიღოთ. შეგიძლიათ ჩაუმატოთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი. წაისვით მუწუკებზე, 10 წთ გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- სახის ნიღაბი. შეურიეთ ავოკადოს დაფქული კურკა თიხას, გააზავეთ ნარევი წყლით ფაფისებრ მდგომარეობამდე და კანზე წაისვით (თვალების გარშემო არ წაისვათ). 15 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ და გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.
- თმის სავლები. 1 დაფხვნილი კურკა ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში და დაბალ ცეცხლზე დადგით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. დაწურეთ, შესაფერის ჭურჭელში ჩაასხით და გამოიყენეთ თმაზე გადასავლებად დაბანის შემდეგ.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები