მოდა/სილამაზერას არ გაიგებ/ფაქტებიჯანმრთელობა

ხილის კურკები (თესლები) სამკურნალოდ და კოსმეტიკაში – მარტივი შინაური მეთოდები

გახსოვთ ალბათ, როგორ გვაფრთხილებდნენ უფროსები ბავშვობაში, კურკა არ გადაგეყლაპოს, თორემ კუჭში გაიჭედებაო. თურმე არც მთლად ასე ყოფილა საქმე. ხშირად გვავიწყდება, რომ ბუნებამ ხილის და კენკრის კურკები შექმნა, როგორც მცენარეების გამრავლების საშუალება.

გარე ნაწილი, რომელსაც დიდი სიამოვნებით მივირთმევთ, ხშირად ყველაზე გემრიელი ნაწილია, მაგრამ თავისი დანიშნულებით – მეორეხარისხოვანი. მთავარი კი ხილში კურკაა, ან სამეცნიერო ენით რომ ვთქვათ – თესლი. სწორედ რომ მასშია თავმოყრილი სასარგებლო ნივთიერებების უდიდესი ნაწილი. ამ სტატიიდან შეიტყობთ, რომელი ხილის კურკები (თესლები) არ უნდა გადაყაროთ და როგორ გამოიყენოთ ისინი.

 

გოგრის თესლი

მათ შესახებ ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია (გოგრის თესლი მეხსიერებას აუმჯობესებს და კიდევ უამრავ რამეს უხდება). აქ კი იმას დავამატებთ, რომ გოგრის თესლი „ბედნიერების ჰორმონს“, სერატონინსაც შეიცავს. A და E ვიტამინების მაღალი შემცველობის გამო კი (რომლებიც კანის სიმკვრივესა და სიგლუვეზეა პასუხისმგებელი) გოგრის თესლისგან მიღებულმა ზეთმა დიდი პოპულარობა პოვა კოსმეტიკაში.

 

ავოკადოს კურკა

საკვების სახით ავოკადოს კურკა ჭარბი წონის, ათეროსკლეროზის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებს გამოადგებათ. ანთებითი პროცესები, გაციება, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა – ეს ის პრობლემებია, რომლის დროსაც ავოკადოს კურკა შეგიძლიათ დაიხმაროთ.

გამოყენებამდე კურკები ყავისფერი ძაფებისა და კანისგან გაათავისუფლეთ და გაახმეთ, შემდეგ დაფქვით და ჰაერღუმელში დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით 1 სთ-ის განმავლობაში გამოაშრეთ (კურკა შეგიძლიათ მთლიანადაც გამოაშროთ, ოღონდ 2 სთ დაგჭირდებათ. შემდეგ კი გააცალეთ კანი და დაფქვით – პირდაპირ, გახმობის გარეშე ავოკადოს კურკის გამოყენება რეკომენდებული არაა).

დაქუცმაცებული კურკები შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებს, სმუზებს და სხვა კერძებს. ამას გარდა, ისინი კოსმეტიკაშიც გამოიყენება და ავოკადოს კურკის რეცეპტები სახისა და თმის მოვლის შესანიშნავი საშუალებაა.

 

ასკილის თესლი

შემოდგომა შესანიშნავი დროა ასკილის შესაგროვებლად. რაში გინდა, რომ ეს კენკრა არ გამოდგეს – ჩაი, მურაბა, ჯემი, თმის კონდიციონერი და უამრავი სხვა. უშუალოდ ასკილის თესლის ნახარშს კი ჭრილობებისა და ნაკაწრების გარედან დასამუშავებლად, დერმატიტებისა და ღრძილების ანთებითი პროცესების დროს იყენებენ. ამ თითქმის მივიწყებული ხალხური საშუალებით გაისუფთავებთ სისხლს; ასკილის თესლს აქვს შარდმდენი ეფექტი და დაგეხმარებათ თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს.

 

ნესვის თესლი

ტკბილ, წვნიან და ჩაცივებულ ნესვს ზაფხულის ცხელ დღეს რა სჯობს, მაგრამ თურმე ნუ იტყვით და – მისი ყველაზე სასარგებლო ნაწილი თესლი ყოფილა, რომელსაც უმეტესობა ნაგავში ყრის. ნესვის რბილობი 95% წყლისგან შედგება, მაშინ როცა თესლები შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, როგორიცაა: ვიტამინები – A, B  და C, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა და უჯერი ცხიმოვანი მჟავები. შეინახეთ ნესვის თესლები, მოხალეთ გოგრის თესლივით და სალათებში დაამატეთ მთლიანად ან დაფქული სახით.

 

ვაშლის კურკები

ვაშლის არაშეჭმადი ნაწილი მთლიანად შეიძლება გამოიყენოთ ვაშლის პექტინისა და შინაური ვაშლის ძმრის მოსამზადებლად. გარდა ამისა, ვაშლის თესლი იოდით მდიდარია, ამიტომაც თქვენი ფარისებრი ჯირკვალი მადლობას გეტყვით, თუ დღეში 7 ცალ ვაშლის კურკას მიირთმევთ.

 

ყურძნის წიპწიპა

ყურძნის წიპწიპა იმდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომ ყველას აქ ვერც ჩამოვთვლით, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ აუცილებლად შეაგროვეთ ისინი, გაახმეთ და გამოიყენეთ ნახარშებში, კომპოტებისა და ჩაის მოსამზადებლად. ეს ხალხური საშუალება დაგეხმარებათ მოერიოთ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ქოლეცისტიტი, პოდაგრა, შარდკენჭოვანი დაავადება. წიპწიპა აგიმაღლებთ იმუნიტეტს, დაამშვიდებს ნერვულ სისტემას და გააუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

 

მანგოს კურკა

ამ ეგზოტიკური ხილის კურკის მირთმევა არ შეიძლება, მაგრამ იგი გადასარევად გამოგადგებათ შინაური კოსმეტიკური საშუალებების, სკრაბებისა და ნიღბებისთვის. სახისა და სხეულის სკრაბის დასამზადებლად კურკას გარე მაგარი გარსი უნდა მოაცილოთ და გაახმოთ, შემდეგ კი დაფქვათ.

კარგი იქნება, თუ ამ თესლების გამოყენებამდე რჩევას ჰკითხავთ თქვენს მკურნალ ექიმს, რადგანაც კურკა და თესლი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მიიღონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანებმა.

თამარ ქავჟარაძე

მსგავს თემაზე: აღარასდროს გადაყრით ლიმონის კურკებს, ამას რომ გაიგებთ!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close