fbpx
იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი: მეოთხე გარდაცვლილი იტალიაში, 219 ინფიცირებული

84 წლის მამაკაცი ბერგამოს Giovanni XXIII-ის სახელობის საავადმყოფოში გარდაიცვალა

 

მესამე ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსისგან ლომბარდიის რეგიონში, საერთო ჯამში, ეს მეოთხე მსხვერპლია იტალიაში. გარდაცვლილი 84 წლის მამაკაცია, რომელიც ბერგამოში ჯოვანი XXIII-ის სახელობის საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

„ხანდაზმული ადამიანი სხვადასხვა დაავადებით“, – განმარტა ლომბარდიის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ და დასძინა, რომ ამ დროისათვის ლომბარდიის რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი 165-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ანსა“ იუწყება.

„ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, – განაცხადა მან. – მოდით დაველოდოთ, რა შედეგებს გამოიღებს გუშინ მიღებული ზომები, რომლებმაც ვირუსის გავრცელების შენელება და შეჩერება უნდა უზრუნველყონ… არავინ ელოდა, რომ ასეთი აგრესიული გავრცელება იქნებოდა, თუმცა საკვების მომარაგებაში სიჩქარეს აზრი არ აქვს, მოწოდება უზრუნველყოფილი იქნება… ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ისეთივე უნდა გავხადოთ, როგორიც იყო“, – განაცხადა მან.

ვენეტოში კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა, რაც მთლიანობაში რეგიონში 27 ინფიცირებულს ნიშნავს.

ემილია-რომანიაში 7 ახალი შემთხვევაა და თითქმის ყველა შემთხვევა ლომბარდიას უკავშირდება – 4 პაციენტი ლოდის პროვინციის მცხოვრებია, 2 – კოდონიოში იმყოფებოდა. ისინი პარმის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში იზოლირებულ პალატებში მოათავსეს. მათი მდგომარეობა ნორმალურია. ამრიგად, ემილია-რომანიის რეგიონში შემთხვევათა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

ევროკომისიამ 230 მილიონი ევრო გამოყო კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გლობალური ბრძოლისთვის. ეს თანხა დაიხარჯება საჭირო პრევენციული და სხვა ზომებისთვის როგორც ევროკავშირის წევრ, ისე არაწევრ ქვეყნებში, დაფინანსდება კვლევები და პროფილაქტიკისთვის საჭირო მასალების შესყიდვა – ამის თაობაზე ჯანდაცვის და კრიზისების მართვის სფეროების ევროკომისრებმა განაცხადეს. მათ აღნიშნეს, რომ იტალიამ ყველა საჭირო ზომა მიიღო ვირუსის გავრცელების სურათის დასადგენად და ინფიცირების შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათ იტალიის ხელისუფლება შეაქეს „სწრაფი და პროფესიული რეაქციისთვის“ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ.

Football Italia-ს ცნობით, იტალიის ჩემპიონატის სერია A-ს 26 თებერვლის და ევროლიგის მატჩები შესაძლოა მომავალ კვირაში გადაიტანონ კორონავირუსის გამო, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კონტემ განაცხადა.

მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ საოპერო თეატრში – მილანის „ლა სკალაში“ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. თეატრის ხელმძღვანელობამ დაგეგმილი სპექტაკლები მოხსნა და მუშაობა შეაჩერა. ინფორმაცია „ლა სკალას“ ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

დაიკეტა მილანის კათედრალი – დუომოც.

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ევროპაში შეშფოთებულები არიან, განსაკუთრებით კი მეზობელ ქვეყნებში – საფრანგეთი, შვეიცარია და ავსტრია ყურადღებით აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას, მოცემულ მომენტში პანიკის გარეშე, თუმცა თუ სიტუაცია გაუარესდა, კონტრზომების მიღებას არ გამორიცხავენ. უკვე გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც იტალიასთან საზღვრების დაკეტვას ითხოვს, მაგალითად, საფრანგეთში ულტრამემარჯვენეთა ლიდერი მარინ ლე პენი, თუმცა ოფიციალური სფრანგეთი აცხადებს, რომ იტალიასთან საზღვრების დაკეტვის აუცილებლობას ვერ ხედავს.

გუშინ რუმინეთმა სავალდებულო კარანტინი დააწესა ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებიდან ჩასული ყველა ადამიანისთვის, ან იმ რუმინელებისათვის, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ ორ იტალიურ რეგიონში იმყოფებოდნენ.

გუშინვე ავსტრიის ხელისუფლებამ დაბლოკა ბრენერში მატარებლის გადაადგილება, 2 იტალიელი მგზავრის კორონავირუსით ინფიცირების ეჭვის გამო. ამჟამად მატარებლები ისევ მოძრაობენ. „მგზავრებს შეუძლიათ იმოგზურონ, მაგრამ ვისაც აღარ სურს იტალიაში წასვლა, შეუძლია ბილეთი დააბრუნოს და თანხას ავუნაზღაურებთ“, – აცხადებს ავსტრიის რკინიგზის ხელმძღვანელობა.

ნიკო აბაშიშვილი

p. s. ახლახან ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსისგან იტალიაში მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა – კაზელე ლანდის (ლომბარდია) მცხოვრები 88 წლის მამაკაცი. იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 219-ს აღწევს.

მსგავს თემაზე: იტალიაში საქართველოს საელჩო ქართველებს მიმართავს

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close