მიწისძვრას თურქეთში, სულ ცოტა, 8 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
ირანში, თურქეთის საზღვართან დღეს გამთენიისას მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად თურქეთის ვანის პროვინციაში, სულ ცოტა, 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 ბავშვი, კიდევ 21 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
თურქეთის შს მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, 5,7 (სხვა მონაცემებით – 5,9) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა ირანში, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია ხოიში (Khoy), რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა ირანის მოსაზღვრე, თურქეთის ვანის პროვინციის სოფლებში – კლაშკოლში, გიუვენლიკში, გელენლერსა და ოზპინარში, ბაშკალის რაიონში.
მინისტრის თქმით, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოსაყვანად.
„წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრას ჩვენი 8 მოქალაქე ემსხვერპლა, რომელთა შორის 3 ბავშვია. 6 ადამიანი ოზპინარში დაიღუპა, კიდვ ერთი – გიუვენლიკში, – განაცხადა მინისტრმა. – 5 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება“.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კიდევ 8 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
მიწისძვრის ეპიცენტრი მიწის ზედაპირიდან 5 კმ-ის სიღრმეში მდებარეობდა.
თურქეთი და ირანი ერთ-ერთი ყველაზე სეისმური ზონებია. გასულ თვეში თურქეთის აღმოსავლეთში მომხდარ მიწისძვრას 40 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები