პოლიციის ოპერაცია ათენში, ომონიაზე: 10 დაპატიმრებული, 96 დაკავებული (ვიდეო)
3 დღეში პოლიციამ ომონიაზე ორი რეიდი ჩაატარა და 226 ადამიანი დააკავა
კვირა საღამოს პოლიციამ რეიდი ჩაატარა ომონიაზე, მენანდრუს ქუჩაზე, 96 ადამიანი შეამოწმა და მათგან 10 დააპატიმრა სხვადასხვა სამართალდარღვევისათვის.
დაპატიმრებულთა ნაწილს ბრალი წარედგინა საბერძნეთში უსაბუთოდ ცხოვრების და უკანონო ვაჭრობისთვის, ნაწილი კი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებითაა დაკავებული.
პოლიციის ამგვარი გააქტიურება სისხლიანმა ინციდენტმა გამოიწვია, რომელიც გასულ კვირაში მოხდა ამავე რაიონში და რომლის დროსაც ერთი ავღანელი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, თვითმხილველთა თქმით, იგი დანით დაჭრეს მუცელში. პოლიციის ვარაუდით, ინციდენტი ამ რაიონის ქუჩის ბანდებს შორის ნარკოტიკებით ვაჭრობის ბაზრის განაწილებას უკავშირდება.
ინციდენტი მედიამ ფართოდ გააშუქა და დიდი გამოხმაურება პოვა ბერძნულ საზოგადოებაში.
სისხლიანი გარჩევა ომონიაზე – ახალი დეტალები (ვიდეო)
ამ დღეებში მედიაში მწვავედ განიხილებოდა კიდევ ერთი აქტუალური თემა – ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ კუნძულების მაცხოვრებელთა პროტესტი არალეგალებისთვის „საკონცენტრაციო ბანაკების“ მშენებლობის წინააღმდეგ.
პოლიციის ოპერაცია გასულ პარასკევსაც მოეწყო, მენანდრუზე სისხლიანი გარჩევის მეორე დღეს. ამ რეიდის დროს 130 ადამიანი დააკავეს, მათგან 110 გაათავისუფლეს; 5 ადამიანი დააპატიმრეს საბერძნეთში ლეგალური ცხოვრებისთვის საჭირო დოკუმენტების არქონის გამო, კიდევ 15-ს კი ბრალი წაუყენეს უკანონო ვაჭრობისთვის.
მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა მიხალის ხრისოხოიდისმა სატელევიზიო ინტერვიუში პირობა დადო, რომ მარტის ბოლომდე ათენის ცენტრში წესრიგს დაამყარებს.
კომენტარები