fbpx
პოლიტიკასაქართველო

მარგველაშვილი და კვირიკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდებიან

რომელ პარტიაში ვიხილავთ ექსპრეზიდენტს და ექსპრემიერს?

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო აშკარა საფრთხის წინაშე დგას და ის მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ქვეყანამ დასავლური კურსი არ შეცვალოს.

„მოვუწოდებ ყველას, გიორგი კვირიკაშვილი იქნება, ირაკლი ალასანია თუ სხვები, ყველას, ვინც ერთად ვიდექით 2012 წლამდე და შევქმენით 1-ლი ოქტომბერი. მოვუწოდებ ყველას, ვინც 1-ლი ოქტომბერი მოიტანა, როგორც პროგრესული და ახალი ნაბიჯი ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. დღეს იგივე პრობლემები დგას ჩვენ წინაშე, რაც სავალალო და ტრაგიკულია. ეს მძიმეა იმ ადამიანებისთვისაც, ვინც კოალიციაში ვიყავით. მე არ მეგონა, რომ ამ წერტილამდე მივიდოდა ეს ყველაფერი. ყველა ვალდებული ვართ ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომ საქართველო შედგეს, როგორც პროდასავლური დემოკრატია“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ის კონსულტაციებისთვის მზად არის.

როგორც ინფორმირებული წყაროები ამტკიცებენ, მარგველაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის უკვე აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს იმის გასარკვევად, თუ რა პოზიციას დაიკავებს მარგველაშვილი „ლელოში“.

ყოფილი პრეზიდენტის გარდა, როგორც ამბობენ, პოლიტიკაში დასაბრუნებლად ემზადება გიორგი კვირიკაშვილიც.

პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ, „ოცნების“ კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირიკაშვილი ახალი პარტიის შექმნას აპირებს და შეიძლება სწორედ ეს პარტია მოგვევლინოს ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალად. ასევე, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლაზეც. ამბობდნენ, რომ ამას სწორედ კვირიკაშვილი უწყობდა ხელს. იმ პერიოდის პრესაში იწერებოდა, არ არის გამორიცხული, რომ ხაზარაძე ყოფილი პრემიერის პარტიაში ვიხილოთო.

სხვათა შორის, პრემიერის თანამდებობიდან ჩამოშორების რეალურ მიზეზად მაშინ სწორედ კვირიკაშვილი-ხაზარაძის მეგობრობას ასახელებდნენ, რომელიც ნელ-ნელა პოლიტიკურ სარჩულს იძენდა.

თუმცა ვითარება შეიცვალა და პოლიტიკაში შემოსვლა კვირიკაშვილს ხაზარაძემ დაასწრო და შექმნა კიდეც პარტია „ლელო“.

პრესაში განიხილებოდა ასევე ვერსია, რომ პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში ყოფილი პრემიერი ეკა ბესელიას პარტიას შეუერთდებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2018 წლის ზაფხულში გადადგა. როგორც მაშინ კვირიკაშვილმა განმარტა, მასა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან.

გადადგომიდან პირველი საჯარო განცხადება გიორგი კვირიკაშვილიმა 21 ივნისს, ე.წ. „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით გააკეთა, სადაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო და ბიძინა ივანიშვილს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისკენ მოუწოდა.

ვის აირჩევს კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტნიორად – ეკა ბესელიას თუ მამუკა ხაზარაძეს, თუ მართლაც შექმნის საკუთარ პარტიას, ამას დრო და მოვლენების განვითარება გვიჩვენებს. ფაქტია, რომ ორი მძიმეწონიანი (ექს)პერსონის, მარგველაშვილის და კვირიკაშვილის პოლიტიკაში „მეორედ მოსვლა“ ახალ კონფიგურაციას შექმნის ქართული პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close