მსოფლიო

რა გავლენას იქონიებს უჰანის კარანტინი მსოფლიო ეკონომიკაზე?

ჩინეთში კორონავირუსის გამო გამოცხადებულ კარანტინს მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა ჯერ არ მოუხდენია. ეს იმიტომ მოხდა, რომ ახალი წლის დღეებში ჩინეთში ისედაც დასვენებაა და ეს პაუზა არავისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

ყველა მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ კარანტინი გაგრძელდება, ამიტომ, დიდი ალბათობით, დასავლეთის საბითუმო ვაჭრობა, რომელიც ჩინეთზეა დამოკიდებული, მაგალითად, ავტომშენებლობა, იმპორტირებული ნაწილების მარაგს მალე ამოწურავს და წარმოებაში შეფერხებები იქნება.

უჰანი, ჩინეთის ქალაქი, სადაც კორონავირუსმა იფეთქა, ავტოწარმოების ეპიცენტრშია. ქალაქი სხვა მეზობელ დასახლებებთან ერთად სრულ იზოლაციაშია. 50 მილიონზე მეტი ადამიანი სახლში რჩება და მათ შორის ისინიც, ვინც ფაბრიკა-ქარხნებში სამუშაოდ ვერ გადის.

იმპორტირებული ჩინური ნაწილების უკმარისობის გამო ჯერჯერობით ამერიკულ საავტომობილო ინდუსტრიას წარმოება არ შეუნელებია, მაგრამ ეკონომისტი დევიდ კლოსი, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ წამზომი ჩართულია…

უჰანის კარანტინი უკვე დაეტყო ტელევიზორების წარმოებას. სპეციალისტები ამბობენ, რომ ტელეეკრანების იმპორტის შეფერხებამ ტელევიზორების ფასები უკვე ასწია. უჰანში 5 საწარმოა, რომელიც ე. წ. „ელ-სი-დის“ ტიპის ეკრანებს ამზადებს. კვლევითი კომპანიის „აი-ეიჩ-ეს მარკეტის“ ანალიტიკოსის, დევიდ სეიჰის თქმით, ჩინეთზე ამ ტიპის გლობალური პროდუქციის 50 პროცენტზე მეტი მოდის.

უჰანში მობილური ტელეფონების მწარმოებელი ცნობილი კომპანიის, „მოტოროლას“ საწარმოცაა. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯერჯერობით კარანტინს მათზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ისინი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი თანამშრომლების ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა. „მოტოროლას“ მფლობელი ახლა ჩინეთის ელექტრონული ნაწარმის გიგანტი „ლენოვოა“.

„ეფლის“ პროდუქციის უმეტესი ნაწილი, მათ შორის ყველაზე პოპულარული „აიფონი“, ძირითადად ჩინეთში მზადდება. „ეფლის“ ხელმძღვანელი ტიმ კუკიც ამბობს, რომ ისინი ჩინური ახალი წლის შემდეგ, საწარმოების გახსნას არ იჩქარებენ. კუკის თქმით, კომპანია მიწოდებაში შეფერხებით მიყენებული ზიანის მინიმიზაციაზე მუშაობს. „ეფლის“ მთავარი საწარმოები ქალაქ ჰუბეიშია, რომელიც ასევე ეპიდემიის ეპიცენტრში მდებარეობს.

დღეს ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს კარანტინი და რა დონის ზიანს მოუტანს ეს მსოფლიო ეკონომიკას.

(შემოკლებული ვარიანტი)

წყარო: amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close