+18! – ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
მყინვარების დნობის გამო ოკეანის დონემ შესაძლოა აიწიოს და სანაპირო რეგიონებს საფრთხე შეუქმნას
ანტარქტიდაზე დაკვირვებების წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა – 6 თებერვალს ჰაერი +18 გრადუს ცელსიუსამდე გათბა და ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე შენარჩუნდება. ასეთი მონაცემები დაფიქსირდა ბაზა „ესპერანსაზე“, მატერიკის უკიდურეს ჩრდილოეთში. ამის შესახებ არგენტინის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ტვიტერში დაწერა.
#Antártida | Nuevo récord de temperaturas 🌡️
Este mediodía la Base #Esperanza registró un nuevo récord histórico (desde 1961) de temperatura, con 18,3°C. Con este valor se supera el récord anterior de 17,5°C del 24 en marzo de 2015. Y no fue el único récord… pic.twitter.com/rhKsPFytCb
— SMN Argentina (@SMN_Argentina) February 6, 2020
ამრიგად, მოიხსნა წინა, 2015 წლის 24 მარტის რეკორდი – +17,5 გრადუსი ცელსიუსი.
მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში (მმო) ვარაუდობენ, რომ რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაკავშირებული უნდა იყოს რეგიონულ ფიონურ ქართან, რომელიც სიმაღლიდან დაშვებისას სწრაფად თბება.
მმო-ს მონაცემებით, ანტარქტიდის სანაპიროზე ტემპერატურა საშუალოდ +10-იდან -76 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს.
ტემპერატურული დაკვირვება „ესპერანსას“ ბაზაზე 1961 წლიდან წარმოებს.
ანტარქტიდა სწრაფად თბება სათბური ეფექტის გამო, კვლევებმა აჩვენა, რომ ანტარქტიდის ბევრი მასიური მყინვარი დნება გლობალური დათბობის შედეგად და ეს საფრთხეს წარმოადგენს სანაპირო რაიონების მცხოვრებთათვის – ეს რაიონები შესაძლოა დაიტბოროს ოკეანის დონის მატების გამო.
ანტარქტიდის ყინულის საფარი, რომლის სისქეც ზოგიერთ ადგილას ხუთ კილომეტრს აღწევს, მსოფლიოს მტკნარი წყლის 90 პროცენტს შეიცავს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ზღვის გლობალური დონე 60 მეტრამდე გაიზარდოს.
ანტარქტიდაზე +18 გრადუსია, თბილისში კი – ამწუთას (14:30) პლუს ერთი გრადუსი, ღამით – მინუს ექვსი იყო. ზოგადად, წლევანდელი ზამთარი თბილია და ჰაერის საშუალო ტემპერატურა საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე დაახლოებით 1 გრადუსით მაღალია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები