fbpx
ქართველები უცხოეთშისპორტი

ნიკო შერაზადაშვილმა პარიზის გრან სლემზე ესპანეთს ოქროს მედალი მოუტანა (ვიდეო)

ვინ არის ნიკო შერაზადაშვილი და რატომ ასპარეზობს ესპანეთის სახელით?

9 თებერვალს პარიზის გრან სლემის ტურნირზე ძიუდოისტმა ნიკო შერაზადაშვილმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ჩემპიონობისკენ გზაზე 5 ბრძოლა მოიგო. ახალგაზრდა ძიუდოისტი ფინალში იაპონელ კენტა ნაგასავას შეხვდა და ბრწყინვალე იპონით დაამარცხა.

ნახეთ ნიკო შერაზადიშვილის იპონები პარიზის გრან სლემზე.

ვინ არის ნიკო შერაზადაშვილი და რატომ ასპარეზობს ესპანეთის სახელით?

ნიკო შერამ, როგორც მას ხშირად ეძახიან ესპანეთში, 2018 წელს ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ის გახდა პირველი ესპანელი ძიუდოისტი, რომელმაც ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. დაფასების და აღიარების ნიშნად ქალაქ ბრუნეტეში ერთ-ერთ ქუჩას ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელი მიენიჭება.

ნიკოლოზ შერაზადიშვილი 1996 წლის 19 თებერვალს დაიბადა თბილისში. 10 წლის ასაკიდან, მამის გავლენით, ძიუდოში დაიწყო ვარჯიში (მამამისი – ზაზა შერაზადაშვილიც ძიუდოისტი იყო, საქართველოს ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის მედალოსანი). ნიკო ძიუდოს ცურვას უთავსებდა, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც ძიუდოზე შეაჩერა. იგი 14 წლის იყო (დაახლოებით 10 წლის წინ), როდესაც ესპანეთში, მადრიდში ჩავიდა, რადგან, გარემოებათა გამო, მის მშობლებს საქართველოდან ემიგრირება მოუხდათ. ნიკომ სპორტდარბაზის ძებნა დაიწყო, მალე კი მადრიდიდან 35 კილომეტრის მოშორებით მდებარე პატარა ქალაქის, ბრუნეტეს ძიუდოს სკოლაში ჩაეწერა. ნიკოლოზის მწვრთნელი ცნობილი ესპანელი ძიუდოისტი კუინო რუისი გახდა, რომელმაც ქართველში დიდი პოტენციალი დაინახა. სწორედ აქედან იწყება დიდი წარმატების ისტორია.

„გარკვეული პერიოდი ნიკო შერაზადიშვილი მხოლოდ შიდა პირველობებზე ასპარეზობდა, 2014 წელს კი ესპანეთის მოქალაქე გახდა და საერთაშორისო ასპარეზზე გაეხსნა გზა. იქამდე, ნიკოს საქართველოს სახელით სთავაზობდნენ გამოსვლას, მაგრამ მას ესპანეთის სახელით უნდოდა ასპარეზობა. მოქალაქეობის მიღებიდან რამდენიმე დღეში მადრიდში ევროპის ღია პირველობაზე იჭიდავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შემდეგ იყო ვერცხლის მედალი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. 2017 წელს ნიკომ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა უფროსებს შორის და ეს მნიშვნელოვანი მოვლენა აბუ დაბიში მოხდა. შერამ ეს გამარჯვება მამის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც იმ წელს გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ძიუდოისტმა არაერთი მედალი მოიპოვა სხვადასხვა ტურნირზე, ამ გზის გვირგვინი კი ბაქოში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულია. ნიკო ყოველთვის ამბობდა, რომ მისი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის და ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მოპოვება იყო. პირველი მიზანი მიღწეულია, წინ კი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია”, – წერდა ნიკო შერაზადიშვილის 2018 წლის ისტორიული გამარჯვების შემდეგ გამოცემა „მარკა“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close