ერთი წლის განმავლობაში იტალიის მოსახლეობა 116 ათასით შემცირდა
სამაგიეროდ გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა და საშუალო ასაკი
2019 წელს იტალიის მოსახლეობა 116 ათასით შემცირდა და 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 60 მლნ 317 ათასს შეადგენს. ამის თაობაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (ISTAT) მონაცემებზე დაყრდნობით 11 თებერვალს „კორიერე“ წერს.
გარდაცვალების შემთხვევებმა დაბადების შემთხვევებს 212 ათასით გადააჭარბა ანუ თითქმის 1,5-ჯერ ნაკლები (435 ათასი) ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა (647 ათასი), შესაბამისად, ყოველ 100 გარდაცვალებულზე მხოლოდ 67 ახალშობილი მოდის. ქვეყანაში 143 ათასი ახალი მიგრანტი გამოჩნდა, 48 ათასმა კი იტალია დატოვა.
მოსახლეობის რაოდენობის კლება ზედიზედ უკვე მეხუთე წელია აღინიშნება და უმეტესად ქვეყნის სამხრეთ რაიონებს ეხება. ეკონომიკურად უფრო უზრუნველყოფილ ჩრდილოეთ პროვინციებში კი, პირიქით, შიდა და გარე მიგრაციის შედეგად მოსახლეობის რიცხვის მატებაც კი შეინიშნება.
დაბადების მომენტისთვის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 2019 წელს (2018 წელთან შედარებით) ერთი თვით გაიზრდა და მამაკაცებში შეადგენს 81 წელს, ქალებში – 85,3 წელს. აგრეთვე, გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და 2020 წლის პირველი იანვრისთვის ეს მაჩვენებელი 45,7 წელია.
შემცირდა იტალიაში შესულ უცხოელ მიგრანტთა ნაკადიც – 2019 წელს იტალიაში 25 ათასით ნაკლები ახალი მიგრანტი ჩავიდა, ვიდრე 2018 წელს, ხოლო 34 ათასით ნაკლები – ვიდრე 2017 წელს. ზოგადად კი, უცხოელ მოქალაქეთა წილი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში 8,9%-ია.
რაც შეეხება თავად იტალიელებს: ქვეყნიდან ემიგრაციაში წასულ იტალიის მოქალაქეთა რიცხვი დაბრუნებულთა რიცხვს აჭარბებს, შესაბამისად, 2019 წელს იტალიის მიგრაციული ბალანსი უარყოფითია და 77 ათასს ადამიანს შეადგენს.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები