იტალიასაზოგადოება

იტალიიდან სამშობლოში დაბრუნებულ ტაივანელ ტურისტებს კორონავირუსი დაუდგინეს

იტალია შიდა რეისების მგზავრების შემოწმებასაც იწყებს

ტაივანელ ცოლ-ქმარს, რომლებიც იტალიაში იმყოფებოდნენ, სამშობლოში დაბრუნებისას ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინეს. ამის შესახებ სააგენტო „ანსა“ იტყობინება.

წყვილი იტალიაში, კერძოდ, ტოსკანაში 26-იდან 29 იანვრამდე იმყოფებოდა, ხოლო ტაივანში დაბრუნებულების შემდეგ, 4 თებერვალს ისინი საავადმყოფოში მოათავსეს ახალი ვირუსის დიაგნოზით, თავიანთ 2 შვილთან ერთად.

ტაივანელი ტურისტები იტალიაში მოგზაურობისას ფლორენციას, სიენასა და პიზას ესტუმრნენ.

ტოსკანის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამინისტროს გაფრთხილების შემდეგ  ASL-ს დაუკავშირდა, მათ ოპერატორები გაგზავნეს დაწესებულებაში ფლორენიის ცენტრში, სადაც ტურისტები გაჩერდნენ (რა თქმა უნდა, სასტუმროს დასახელება არ კონკრეტდება) იმის დასადგენად, სარეგისტრაციო დახლის რომელ თანამშრომლებს ჰქონდათ შეხება ტურისტებთან. გამოცემის ცნობით, წყვილის გამგზავრებიდან 10 დღის შემდეგ რეგისტრატორების ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის 2 შემთხვევის შემდეგ (ჩინელი ტურისტები, ცოლ-ქმარი) ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეჩერდა. მოგვიანებით ახალი ვირუსი დაუდგინდა იტალიის მკვიდრს, 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც 2020 წლის იანვარში უჰანში იმყოფებოდა. 66 და 67 წლის ცოლ-ქმარი ისევ რეანიმაციაში იმყოფება რომის სპალანცანის სახელობის  ჰოსპიტალში. მათი კლინიკური მდგომარეობა უცვლელია, „სტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებლებით“ და ანტივირუსული მკურნალობა გრძელდება.

იტალიის აეროპორტებში უკვე ტარდება საერთაშორისო რეისების ყველა მგზავრის შემოწმება კორონავირუსზე, უახლოეს მომავალში კი შიდა რეისების მგზავრების შემოწმებასაც დაიწყებენ. ამის თაობაზე დადგენილება მთავრობამ დღეს, 10 თებერვალს მიიღო. პირველ რიგში, იმ მგზავრების შემოწმებას დაიწყებენ, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში რომის ფიუმიჩინოს აეროპორტიდან ჩადიან.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა იტალიას, გააუქმოს შეზღუდვა და განაახლოს ჩინეთთან პირდაპირი რეისები. იტალიის მთავრობის თქმით, ჩინეთს მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა შეზღუდვის მოხსნას ჯერჯერობით არ აპირებს. „რეისები არ აღდგება მანამ, სანამ სამეცნიერო საზოგადოება არ გვაცნობებს კორონავირუსის გავრცელების შენელების შესახებ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close