
ბაქოში დასრულდა „ეშმაკების განდევნის“ დროს ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმის სასამართლო მოსმენა, იუწყება „SPUTNIK-აზერბაიჯანი“.
მკვლელობა ორი წლის წინ, 2018 წლის შემოდგომაზე მოხდა.
ქალაქ შაბრანის მცხოვრების, 25 წლის მურად სოლთანოვის მკვლელობის საქმეში ექვსი ადამიანი ფიგურირებდა. ხუთ ბრალდებულს 9,5 წლით პატიმრობა შეეფარდა, მეექვსეს კი -10 წლით.
ბრალდებულებმა ახალგაზრდა მამაკაცი „ეშმაკის განდევნის“ მეთოდით მკურნალობის პროცედურის შედეგად მოკლეს. პოლიციამ დაადგინა, რომ ჯგუფი სხვადასხვა დაავადებას ხალხური მეთოდებით მკურნალობდა. ერთ-ერთი სამკურნალო პრაქტიკა ითვალისწინებდა ეშმაკების განდევნას – ბროწეულის ხის წნელებით გაროზგვას.
გარდაცვლილმა სოლთანოვმა მხოლოდ ერთი ასეთი პროცედურა გადაიტანა. მეორის დროს, როდესაც ექვსი ზრდასრული მამაკაცი „პაციენტს“ მთელი 40 წუთის განმავლობაში როზგავდა, მან ვერ გაუძლო მკაცრ „მკურნალობას“ და გარდაიცვალა.




