საქართველოსაზოგადოება

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, თბილისში დაბრუნდნენ

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთის ქალაქ იანგჭოუდან ჩამოსვლას ფრენების აკრძალვის გამო ვერ ახერხებდნენ, თბილისში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, საქართველოში მათი ტრანსპორტირება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უზრუნველყო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ლუკა ბუხრაშვილი, ნინო ვაშალომიძე და ანი ტატიშვილი პეკინიდან თბილისში „ფლაი დუბაის“ (Fly Dubai) რეისით ჩამოფრიდნენ.

ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს სამივე მოქალაქეს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, დადგინდა, რომ ცხელება არ აქვთ, მიეცათ რეკომენდაცია, ბუკლეტები, რჩევა-დარიგება.

ექიმის განცხადებით, ამ შემთხვევაში ნაცხის ანალიზი არ ჩატარებულა, რადგან საეჭვო გარემოება არ გამოკვეთილა.

„ნაცხის ანალიზი იმ შემთხვევაში კეთდება, როდესაც რაღაც საეჭვო არის, მაშინ ხდება იზოლირება, გადაყვანა, ნაცხის და სისხლის ანალიზის აღება“, – აღნიშნა ექიმმა.

მისი თქმით, საქართველოს სამ მოქალაქეს მიეცა რეკომენდაცია, ორი კვირის განმავლობაში არ გავიდნენ ხალხმრავალ ადგილებში.

„იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც ინფექცია იყოს, სხვას რომ არ გადასდონ და უნდა დაიცვან რეჟიმი. თუ რაიმე სიმპტომი, კომპლექსი ჩამოყალიბდა, აქვთ ნომერი და მიმართავენ შესაბამის დაწესებულებას“, – განაცხადა ექიმმა დავით კუჭავამ.

მისივე თქმით, აეროპორტში შემოწმებისას რაიმე საეჭვო სიმპტომი რომ გამოვლენილიყო, საქართველოს მოქალაქეები იზოლირებულნი იქნებოდნენ.

საქართველოს სამივე მოქალაქე პეკინში რამდენიმე დღით იმყოფებოდა და იქიდან გადმოფრინდნენ დუბაის გავლით საქართველოში. ისინი ქალაქ უჰანთან ახლოს არ ყოფილან.

შეგახსენებთ, საქართველოში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 29 იანვარს ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.

მომზადებულია 1tv.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close