fbpx
ლეგალიზაცია და კანონმდებლობასაბერძნეთი

თვითმარქვია ადვოკატების პრობლემა საბერძნეთში

ლიცენზირებული ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

საბერძნეთში მოღვაწე ადვოკატის, ნანა აბულაძის ფეისბუქგვერდზე 27 იანვარს გავრცელდა განცხადება, რომელსაც ხელს საბერძნეთში მოღვაწე ქართულენოვანი ადვოკატები აწერენ. განცხადებაში საუბარია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მოქალაქეებს საადვოკატო მომსახურებას უწევენ, თუმცა ასეთი საქმიანობის წარმოების უფლება არ გააჩნიათ.

ადვოკატების განცხადებით, ეს პრობლემა უკვე წლებია არსებობს. ასეთი ადამიანები კლიენტებს სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში „ეხმარებიან“, თუმცა რეალურად პრობლემებს უქმნიან მათ. განცხადების ავტორები პოტენციურ კლიენტებს მოუწოდებენ, გადაამოწმონ ხოლმე ინფორმაცია იმ პირის შესახებ, რომელიც საადვოკატო მომსახურებას სთავაზობს.

 

უცვლელად გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

„ვინ არის ადვოკატი და ვინ თვითმარქვია?

თვითმარქვია „ადვოკატების“ ბიზნესი არის საკმაოდ შემოსავლიანი საბერძნეთში. მის წინააღმდეგ გაბრძოლება ნიშნავს გააზრებულ ნაბიჯს, რადგან ისინი ხშირად იგონებენ ათას ცილისწამებას და ტყუილს, რომ კეთილსინდისიერ ადვოკატებს თავს დაესხნენ და ამით შური იძიონ. თუმცა ის რაც ამ ტექსტში დაიწერა აუცილებლად უნდა თქმულიყო, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია და შესაბამისად სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება.

წინა კვირის დასაწყისში საქართველოს საკონსულომ თესალონიკში გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს ფრთხილად მოეკიდნენ არალიცენზირებული პირების მხრიდან საადვოკატო მომსახურების გაწევას. ეს პრობლემა უკვე წლებია არსებობს ზოგადად საბერძნეთში და მისი მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეულ პირებს თავი მოაქვთ ადვოკატებად და მოქალაქეებს პირდებიან სხვადასხვა იურიდიულ საკითხებზე დახმარებას. ამ ეგრეთ წოდებულ „ადვოკატებს“ არათუ საადვოკატო ლიცენზია, არამედ თითქმის ყველა შემთხვევაში, საეჭვოა საერთოდ რაიმე სახის იურიდიული განათლება თუ აქვთ.

როდესაც ასეთი ადამიანები „იღებენ“ უბრალო ადმინისტრაციულ საქმეებს, ისეთს მაგალითად, როგორიც ბინადრობის უფლების შესახებ განაცხადის გაკეთება ან პოლიტიკურ თავშესაფარზე მოთხოვნის გაკეთებაა, არაკვალიფიციურობის საფრთხე და მისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების რისკი შედარებით დაბალია თუმცა ასეთ შემთხვევებშიც ხშირად გვინახავს მოქალაქეები რომლებსაც უამრავი თავგადასავლები გამოუვლიათ და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევებზე ბრალდებულებიც აღმოჩენილან. ასევე ძალიან ხშირია მოქალაქეებზე ისეთი საბუთების გაცემა რომელიც მათ დეპორტაციიდან არ იცავს თუმცა ამას მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ როდესაც უკვე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

მეორეს მხრივ, როდესაც ეს თვითმარქვია „ადვოკატები“ საკუთარ თავზე იღებენ ისეთ საკითხებს, როგორიც სისხლის სამართლის საქმეებია ყველაფერი ბევრად უფრო საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს. გარკვეულ სისხლის სამართლის დანაშაულზე პირის დაკავების შემთხვევაში, თითოეულ სიტყვას და თითოეულ ნაბიჯს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ დაშვებულ შეცდომებს ადვოკატის გამოცვლით ვერ გამოასწორებთ. ყველაფერი რაც ითქვა, ითქვა არა ვიღაც სხვა პირის მიერ, არამედ თქვენს მიერ, ბრალდებულის თუ ეჭვმიტანილის მიერ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქმის დასაწყისშივე საქმე ანდოთ კვალიფიციურ ადვოკატს და არა ისეთ ადამიანს, რომელსაც ერთის მხრივ აქვს ნიჭი, რომ დაგარწმუნოთ მის სანდოობაში, მაგრამ მეორეს მხრივ არა აქვს არანაირი კვალიფიკაცია იმისთვის, რომ გამოგიყვანოთ მოცემული რთული მდგომარეობიდან და არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომლებსაც სამომავლოდ ყველაზე კარგი ადვოკატის აყვანითაც კი ვეღარ გამოასწორებთ.

იქედან გამომდინარე, რომ თვითმარქვია ადვოკატების არსებობა ბერძნული საზოგადოებისთვის დიდი ხნის პრობლემა იყო, სახელმწიფომ შექმნა რამდენიმე მექანიზმი რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს მიიღონ სწორი ინფორმაცია.

საბერძნეთში საადვოკატო ლიცენზია დაკავშირებულია ადვოკატთა ასოციაციის წევრობასთან.თუ გარკვეული პირი არ არის ასეთი ასოციაციის წევრი ე.ი. ის ადვოკატი არ არის. შეიძლება ის იყვეს ადვოკატი საქართველოში ან სხვა ქვეყანაში მაგრამ საბერძნეთში მას არანაირი იურისდიქცია არა აქვს. შესაბამისად, როდესაც ეჭვი გიჩნდებათ გარკვეული პირი მართლაც ადვოკატია თუ არა, პირველი რაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ არის ის, რომ შეხვიდეთ ინტერნეტში, შესაბამის ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე, ჩაწეროთ ადვოკატის გვარი მოცემულ ველში და ნახოთ ნამდვილად არის თუ არა ის ადვოკატი. თუ სწორად ჩაწერეთ გვარი და ის ვერ მოიძებნა ე.ი. საქმე გაქვთ მორიგ თვითმარქვიასთან. ასევე ყველა ადვოკატს რომელიც რომელიმე ადვოკატთა ასოციაციის წევრია აქვს ამის დამადასტურებელი სპეციალური ბარათი, რომელზეც მისი სურათი, პირადი მონაცემები და ადვოკატების ასოციაციის პირადი ნომერია განთავსებული და ის ფლობს ბარათს ზუსტად იმ მიზეზის გამო, რომ დაადასტუროს მისი ადვოკატობა ნებისმიერი სტრუქტურის ან კერძო პირის მიმართ. საბერძნეთში ყველა დიდ ქალაქს თავისი ადვოკატთა ასოციაცია აქვს და თუ გარკვეული პირი გეუბნებათ, რომ არის მაგ. პირეოსის ადვოკატი, მაშინ ინფორმაციის სინამდვილე უნდა გადაამოწმოთ შესაბამის ასოციაციის ვებ-გვერდზე. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე დიდი ქალაქის ადვოკატთა ასოციაციების ვებ გვერდები:

http://www.dsa.gr/αναζήτηση-μελών

https://www.dsth.gr/telephona-melon

http://www.dspeiraia.gr/member_list.asp

გაითვალისწინეთ, რომ საადვოკატო ლიცენზიის და კვალიფიკაციის თვალსაზრისით მნიშვნელობა არა აქვს ათენის საადვოკატო ასოციაციის წევრია ესა თუ ის ადვოკატი თუ რომელიმე სხვა ქალაქის, მთავარია რომ იყვეს საბერძნეთში მოქმედი საადვოკატო ასოციაციის წევრი. შესაბამისად ჩვენს კოლეგებს, რომლებიც პირეოსის ან სალონიკის ან სხვა ქალაქის საადვოკატო ასოციაციის წევრები არიან, თავისუფლად შეუძლიათ დაგიცვან და იყვნენ თქვენი წარმომადგენლები ათენის ან სხვა ქალაქის ადმინისტრაციულ ორგანოებში ან სასამართლო პროცესებზე.

აღწერილი მექანიზმით შეგიძლიათ გადაამოწმოთ არა მხოლოდ გარკვეული პირი არამედ საადვოკატო კომპანიებიც. ამისათვის უნდა შეიყვანოთ საადვოკატო კომპანიის დასახელება შემდეგ კატეგორიაში „Αναζήτηση Δικηγορικής Εταιρείας“. ბოლო დროს ძალიან გახშირდა თვითმარქვია „საადვოკატო კომპანიები“ თუ „ოფისები“, რომლებიც ასევე არ არიან კანონით რეგულირებული საადვოკატო ოფისები. ასეთი ოფისები რომლებიც თითქოს ადამიანებს პირდებიან უფასო იურიდიულ კონსულტაციას, იღებენ მათ ტელეფონის ნომერს და შემდეგ ჩვეულებრივი მარკეტინგული გაყიდვების წესით, დაჟინებით ცდილობენ მიყიდონ მათ სხვადასხვა სერვისი.

ზოგადად, საადვოკატო ინსტიტუტი არის მკაცრად რეგულირებული საბერძნეთში. ის რეგულირდება კანონით და როგორც საადვოკატო კოდექსს ასევე ადვოკატთა ეთიკის კოდექსს აქვს კანონის ძალა. ეს ყოველთვის იმას არ უზრუნველყოფს რომ ყველა ადვოკატს ექნება იდეალური ქცევა მისი კლიენტის მიმართ, ისევე როგორც ყველა კლიენტს არა აქვს შესაფერისი ქცევა ადვოკატის მიმართ, თუმცა ყველა ადვოკატის წინააღმდეგ არსებობს მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია უზრუნველვყოთ მისი ეთიკის თუ კანონის ჩარჩოებში დაბრუნება.

ლიცენზირებულ ადვოკატს აქვს მთელი რიგი ვალდებულებები და მოვალეობები მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის წინაშე. მას არ შეუძლია გასცეს ინფორმაცია მისი მარწმუნებლის გარეშე, არამედ პირიქით, მას აქვს ვალდებულება ჯეროვნად შეინახოს ყველა დოკუმენტი, რომელსაც მას ანდობენ ან რომელსაც მისი საქმიანობის შედეგად მოიპოვებს. ადვოკატს რომ “რამე დაემართოს” ან საადვოკატო კომპანია რომ დაიხუროს ადვოკატის ვალდებულებაა მის ხელთ არსებული კლიენტების დოკუმენტაცია კვლავ ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის, ვისაც ეს ინფორმაცია ეხება. როცა თქვენს დოკუმენტაციას ანდობთ თვითმარქვია ადვოკატებს ან თვითმარქვია საადვოკატო ფირმებს გიფიქრიათ თუ რა მოხდება ასეთი ადამიანები ერთ დღესაც რომ „აორთქლდნენ“ ან ასეთი კომპანიები რომ დაიკეტნენ?! ეს არის ერთ ერთი იმ ათასობით მიზეზთაგან, რის გამოც გმართებთ მეტი პასუხისმგებლობა როდესაც ირჩევთ ვის ანდოთ თქვენი საქმე.

ადვოკატად თავის წარმოჩინება ან საადვოკატო საქმის აღება იმ პირების ან კომპანიების მიერ რომლებიც არ არიან ადვოკატები ან არ წარმოადგენენ საადვოკატო ფირმებს არის სისხლის სამართლის დანაშაული. თუმცა თუ რომელიმე თქვენგანი იქცა ასეთი არაკეთილსინდისიერი ხალხის მსხვერპლი, საჭირო იქნება პირველ რიგში თქვენ იყვეთ დაინტერესებული იმით რომ ასეთი პირების წინააღმდეგ სამართალწარმოება მოხდეს. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ლიცენზირებულ ადვოკატებს და გაიგოთ თქვენი უფლებების შესახებ. თუ საერთოდ არ მიიღებთ ზომებს თავისთავად დარჩებით მოტყუებულები და დაუცველები. ეს კი თვითმარქვია არაკეთილსინდისიერ ადამიანებს კიდევ უფრო აძლიერებს და რიგში კიდევ მეტ პოტენციურ მსხვერპლს აყენებს. თუ თავად არ გამოიჩენთ სურვილს საკუთარი უფლებების დასაცავად სხვები თქვენს გარეშე უბრალოდ უძლურები იქნებიან რომ დაგეხმარონ.

ზემოდხსენებულს ხელს აწერენ ადვოკატები:

დიმიტრის ტატარიდის ათენის ადვოკატების ასოციაციის წევრი

ელენე ბეგიაშვილი თესალონიკის ადვოკატების ასოციაციის წევრი

ლეონიდას პავლიდის ათენის ადვოკატების ასოციაციის წევრი

მარა ხიმსიადუ ათენის ადვოკატების ასოციაციის წევრი

ნანა აბულაძე ათენის ადვოკატების ასოციაციის წევრი

ნიკოლაოს დიმიტრიადის ათენის ადვოკატების ასოციაციის წევრი

პაატა სიმსივე ათენის ადვოკატების ასოციაციის წევრი“

განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქზე, შემდეგ ლინკზე:

https://www.facebook.com/nana.ioanna/posts/10221444789570204

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close