როგორი იქნება ქობულეთის ნახევარმილიარდიანი „მწვანე ქალაქი“ (ვიდეო)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „მწვანე ქალაქის“ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი უკვე დაამტკიცა. განაშენიანების გეგმის თანახმად, კომპლექსის ტერიტორიის 70%-ს რეკრეაციული ზონა დაიკავებს.
აჭარის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტია და სრულად ფინანსდება ევროპული კაპიტალით. უმსხვილესი ინვესტიცია აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. პროექტის მშენებლობისას და შემდგომ ოპერირებისას 500 ადამიანი დასაქმდება.
„მწვანე ქალაქის“ პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები. ასევე აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში. პროექტი ასევე სავაჭრო ცენტრს, 500 ავტომობილისთვის პარკირებას და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილის მოწყობას მოიცავს.
სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მართვას საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს. მშენებლობისას ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები იქნება გამოყენებული. ტერიტორია ელექტრომობილების დასამუხტი სადგურებით, მზის ენერგიის პანელებით და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.
კომენტარები