საქართველომედიცინამსოფლიოსაზოგადოება

სამშაბათიდან კორონავირუსის დიაგნოსტირება ლუგარის ცენტრში იქნება შესაძლებელი

ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ მსოფლიო მოსახლეობას ანტისხეულები გამომუშავებული არ აქვს, არც ვაქცინა არსებობს და განსაკუთრებულ საფრთხეს სწორედ ეს ქმნის, – ამის შესახებ ლუგარის ცენტრის გრიპისა და რესპირატორული ვირუსების ლაბორატორიის უფროსმა ანა მაჩაბლიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის დადგენის შესაძლებლობა ლაბორატორიას სამშაბათიდან ექნება.

მაჩაბლიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩინური კორონავირუსი სიმძიმის მიხედვით საგანგაშო არ არის.

„თეორიები იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პირველადი წყარო იქნებოდა ღამურა, რჩება. ვირუსის წყარო, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო რომელიმე შუალედური ველური ცხოველი, რომელშიც მოხდა გარკვეული გენეტიკური ცვლილებები, ისეთი, რომ ადამიანი ღამურის ვირუსის მიმართ მიმღები გახდა.

გრიპი სხვა რესპირატორული ვირუსებისაგან განსხვავებით ასევე აგრესიულია და მისგან გამოწვეული ლეტალობა ანუ სასიკვდილო შედეგი მთელ მსოფლიოში 1-2% არის ხოლმე. ასე რომ, სიმძიმის მიხედვით ეს ვირუსი განსაკუთრებული და საგანგაშო არაა. უბრალოდ, ეს არის ახალი დაავადება, მოსახლეობას მის მიმართ არ აქვს ანტისხეულები, არ არსებობს სპეციფიკური მკურნალობა და ვაქცინა, სწორედ ეს ქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს, იმ კუთხით, რომ ჯანდაცვის სისტემები დახვდნენ მომზადებული, თუმცა ჩვენ სადიაგნოსტიკო ნაკრებები შეკვეთილი გვაქვს, ისინი 4 სხვადასხვა წყაროდან ჩამოგვივა და, სავარაუდოდ, სამშაბათისთვის დიაგნოსტიკის საშუალება ადგილზე გვექნება“, – განაცხადა ანა მაჩაბლიშვილმა გადაცემაში „ახალი კვირა“.

დღეს არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. ისინი ჩინეთიდან ახლახან დაბრუნდნენ. ორი მათგანის ანალიზის შედეგი როტერდამის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ლუგარის ლაბორატორიაში არსებული 22 ვირუსის შტამს მათ ორგანიზმში აღმოჩენილი ვირუსის შტამი არ დაემთხვა.

ამ დროისთვის გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფილიპინებზე, დანარჩენი კი ჩინეთში ფიქსირდება. სხვა ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი არ დაღუპულა. გარდაცვალების რისკი იმ პაციენტებში იკვეთება, რომელთაც ქრონიკული დაავადებები ან სუსტი იმუნური სისტემა აქვთ. რისკჯგუფში შედიან ხანდაზმულებიც.

ამ დროისთვის (3 თებერვალი, 1:00 სთ) ოფიციალური მონაცემები ასეთია: ახალი ტიპის კორონავირუსი 14 637 ადამიანს დაუდგინდა, 305 პაციენტი გარდაიცვალა, 443 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი პირველად 1960-იან წლებში ფრინველში აღმოაჩინეს. მიკროსკოპში პათოგენს გვირგვინისებრი ფორმა ჰქონდა, რის გამოც მეცნიერებმა ლათინური სიტყვა „კორონა“ – „გვირგვინი“ უწოდეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close