რას არ გაიგებ/ფაქტებიფსიქოლოგიაშეუცნობელი

როგორ ვიცხოვროთ გარემოს განადგურების შემდეგ? – მამა ალექსანდრე მენი მსმენელთა შეკითხვებს პასუხობს

ალექსანდრე ვლადიმირის ძე მენი (1935-1990 წწ.) – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ღვთისმეტყველი, მოძღვარი, წიგნების ავტორი ქრისტიანული თეოლოგიის, ისტორიისა და სხვა რელიგიების შესახებ.

წიგნში „მამა ალექსანდრე მენი მსმენელთა შეკითხვებს პასუხობს“ თავმოყრილია მამა ალექსანდრეს პასუხები ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე იესო ქრისტეს, სიკეთისა და ბოროტების, აღდგომისა და უკვდავების საიდუმლოებების, ქრისტიანული სიყვარულისა და სიწმინდის შესახებ; აგრეთვე, დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა ბიბლიის ყველაზე რთულად გასაგები ადგილების ინტერპრეტაციებს.

გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ძალიან საინტერესო წიგნიდან (გაგრძელება. წინა სტატიები: მამა ალექსანდრე მენი მსმენელთა შეკითხვებს პასუხობს;  რა ხდება ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? თვითმკვლელობის თემა; პიროვნება და ბრბო).

რა არის სულიერების კონკრეტული მნიშვნელობა?

აზროვნების ისტორიაში სულიერების შემეცნების გზამ განაპირობა ადამიანის განსაკუთრებული მისიის, როლისა და ადგილის გაგება. გამოდის, რომ ადამიანი, ასახავს რა საკუთარ თავში სამყაროს ბუნებას, ამავე დროს, თავის შინაგან სულიერ არსებაში ასახავს გამოუთქმელის, შეუცნობლის, აღუწერელის (ავტორს ეს სიტყვები მთავრულით უწერია, ე.ი. ნაგულისხმევი ჰყავს ღმერთი. იგივე ეხება ტექსტში ყველგან მუქად გამოყოფილ სიტყვებს – რედ.) მარადიულ ბუნებას. ამრიგად, ჩვენ ორ უფსკრულს შორის ვდგავართ: ხილულ სამყაროსა და სულიერ სამყაროს შორის. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ყოფნის სირთულე ასე თავისებური, ამდენად წინააღმდეგობრივი და, მე ვიტყოდი, ზოგჯერ ასე ტრაგიკულიც.

ერთხელ ერთ შეხვედრაზე მკითხეს: შეგიძლია ერთი წინადადებით ჩამოაყალიბო, რა არის ადამიანისა და კაცობრიობის მიზანი?

მხოლოდ ერთი პასუხი ვიპოვე (ჩვენი ქრისტიანული თვალსაზრისით): ბიბლია ამბობს, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. რაც უფრო ახლოს არის ადამიანი მის პირველსახესთან, მით უფრო ახლოა მისი მიზანი, უფრო ლამაზი და ჰარმონიული ხდება მისი ცხოვრება, მიუხედავად შესაძლო სირთულეების, ბრძოლების, ცხოვრებისეული ტრაგედიების, კატასტროფებისა და მათი დაძლევებისა. უფრო მეტიც, დაძლევის პროცესი, თავად ბრძოლის პროცესი ხდება არა ჩვენი ცხოვრების ჩრდილში მდგარი მხარე, არამედ ძალზე მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისათვის, რომ ადამიანმა გადალახოს საკუთარი თავი, როგორსაც ახლა წარმოადგენს, ამაღლდეს მასზე. ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს იდეალი, ცოცხალი და რეალური იდეალი. ეს კი მას ეძლევა მხოლოდ უსასრულო რეალობასთან უშუალო შეხვედრისას, როდესაც ჩვენი აზროვნებისა და ცნობიერებისთვის მიუწვდომელიც კია სამყაროს სიდიადის წარმოდგენა! ჩვენ შეგვიძლია ციფრებში გამოვხატოთ სამყაროს უსასრულობა, მაგრამ ჩვენი სული იბნევა, ისევე როგორც ფაუსტი, დედამიწის სულის წინაშე, რომელიც მან თავად გამოიწვია და რომლის წინაშეც იგი შიშითა და საშინელებით მოცული დაეცა. შესაძლებელია კი ეს?

ქრისტიანობა ამ კითხვას ასე პასუხობს. ნათქვამია, რომ რეალურ ისტორიაში არის მომენტი, როდესაც თავად მარადიულობა დაგველაპარაკა და ის კვლავაც განაგრძობს ჩვენთან საუბარს. არსებობს ისტორიული კვეთა უსაზღვრო, მარადიული და უკვდავისა მოკვდავთან. მას ბერძნულად „სახარებას“ უწოდებენ.

სახარების გარეშე არაფერი იქნებოდა; ყველაფრის უკან ღმერთკაცის საიდუმლო დგას! აი, ის შეხვედრა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ გააოგნა ჩვეულებრივი ადამიანები – უბრალო გლეხები, მეთევზეები, იესოს მოწაფეები, რომლებმაც ასე უპასუხეს მას, როდესაც იესომ ჰკითხა: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა? იქნებ ჩემი სიტყვები თქვენთვის ძალიან იდუმალი და გამოუცნობია?“ და მათ თქვეს: „უფალო! ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს“. და ამიტომ ქრისტემ არ დაგვიტოვა არცერთი წიგნი, მაგალითად, ყურანი, ან რაიმე ქვის ფიქალი, როგორც მოსემ, არც პლატონის მსგავსად ფილოსოფიური სისტემები და დიადი ნაწარმოებები დაუტოვებია, – მან საკუთარი თავი დაგვიტოვა: „მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე”.

ხედავთ ჩვენი ხალხის ჭეშმარიტი სულიერების აღდგენის რაიმე შესაძლებლობას?

ქრისტიანისთვის მხოლოდ ერთი პასუხია: ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ტრადიციულ სულიერ ღირებულებებს, რომლებზეც გაიზარდა კულტურა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოს ყველა მოწინავე ქვეყნის კულტურა. ამ საფუძვლების გარეშე ჩვენ ქვიშაზე ვაშენებთ. მე არ ვამბობ, რომ რელიგიის პროპაგანდა უნდა მოხდეს. სიტყვა „პროპაგანდა“ ჩემთვის მიუღებელია. ის სანახევროდ ტყუილშია აზელილი. ჩვენ მხოლოდ ჩვენი აზრის გამოხატვა შეგვიძლია, თითოეული ადამიანი კი ნებაყოფლობით მიიღებს რაიმეს ან უარყოფს რაიმეს. არანაირი თავსმოხვევა! იმიტომ, რომ ღმერთი არის თავისუფლება, სული არის თავისუფლება, სულიერება არის თავისუფლება, სიყვარული არის თავისუფლება. დაძალებული სიყვარული არავის სჭირდება. და არც თქვენ გინდათ ასეთი სიყვარული. ჩვენ არც ასეთი რწმენა გვჭირდება. ყველაფერი ლამაზი და თავისუფალი უნდა იყოს.

როგორ გავიგოთ ადამიანის შექმნა ღვთის ხატად და მსგავსად?

ჩვენ არ ვიცით, თვით ღვთის ხატება როგორია, მაგრამ მას ვხვდებით ადამიანში. ადამიანი არის შემოქმედებითი არსება, რაც ნიშნავს, რომ ღმერთი არის შემოქმედი. რაციონალური არსება – ნიშნავს, რომ ღმერთი სუპერგონებაა. ეთიკური არსება, რომელსაც ესმის, რა არის სიკეთე და ბოროტება, რაც ნიშნავს, რომ ღმერთი არის ზნეობრივი საწყისი. თავისუფალი არსება, შესაბამისად, ღმერთი ასევე თავისუფალია. დაბოლოს, ადამიანში მთავარია მისი სულიერება, უხილავი, არამატერიალური, რაც ნიშნავს, რომ ღმერთი ასევე არამატერიალური საწყისია.

ადამიანის მიზანი ღმერთთან ერთიანობაა. ეს არის საბოლოო მიზანი! მაგრამ ის ეტაპებად ხორციელდება. ადამიანთა მშვიდობა ერთმანეთთან, ბუნებასთან ურთიერთობა – ეს ასპექტები და ეტაპებია. ჩვენ ყველანი, გარკვეულწილად, შემოქმედისთვის მეორე „მე“-დ, თანამოსაუბრედ  უნდა ვიქცეთ. თანამოსაუბრედ!

ლეონ ბლუა, ჩვენი საუკუნის (XX საუკუნის – რედ.) დასაწყისის მწერალი, ავითარებდა მოსაზრებას, რომ ღმერთი მარტოობაში გლოვობს. ის მარტოა და ამიტომაც ქმნის მეორეს – ღმერთკაცს. ეს თითქოს მითოლოგიურად ჟღერს, მაგრამ არის მასში რაღაც ძალიან ღრმა რამ. ბერდიაევი პირადად იცნობდა ბლუას და ამ აზრმა ძალიან იმოქმედა მასზე.

თუ უმაღლესი საწყისს ზედმეტად აბსტრაქტულად კი არა აღვიქვამთ, არამედ ჩვენს არსებობასთან მიახლოებულად  წარმოვიდგენთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ აზრს აქვს არსებობის უფლება. ტყუილად ხომ არ არის ადამიანი უბრალოდ მისი ხატება და მსგავსება, არამედ მისი თანამშრომელიცაა. „ღვთის შვილებო, – ამბობს იოანე მოციქული, – ნახეთ, რა მადლი მოგვცა მამამ, რომ ჩვენ ღვთის შვილები გავმხდარიყავით. ღმერთი კვდება ჩვენთვის!” რას ნიშნავს: „ღმერთი კვდება“? – იმას, რომ ჩვენი შემოქმედი განიცდის იმას, რაც მისთვის უჩვეულოა: დაცემული სამყაროს გამოცდილება, მახინჯი გამოცდილება.

როგორ ვიცხოვროთ გარემოს და ცხოვრების ყველა იდეალის განადგურების შემდეგ?

პირველ რიგში, ძალიან ჭკუის სასწავლებელი სანახაობაა. იფიქრეთ: ჩვენ ძალიან ბედნიერნი ვართ, რადგან ილუზიების გარეშე ვხედავთ, რად შეიძლება დაუჯდეს ადამიანებს, კაცობრიობას, საზოგადოებას, ქვეყნებსა და ხალხებს სულიერი ფასეულობების ხელყოფა. რა თქმა უნდა, ადამიანები წმინდანები არ არიან, ისტორია არ არის წმინდანთა ცხოვრება, მასში ყველაფერი ხდება, მაგრამ როდესაც ადამიანებს სულიერებას, რწმენას ართმევენ, ისინი ძალიან სწრაფად დეგრადირებენ. და ჩვენ ამ საკითხში დიდ წარმატებას მივაღწიეთ! ეს ყველაფერი გავლენას ახდენს როგორც ოჯახზე, ასევე გარემოზე, დანაშაულზე – ყველაფერზე. როგორ ვიცხოვროთ? სავსებით ნათელია: თუ ვხედავთ, რომ სწორედ სულიერმა კრიზისმა წარმოშვა ყველა ეს სირთულე, უნდა ვეძიოთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვეძიოთ სულიერი აღორძინების გზები. თუ სულიერად არ გარდავიქმნებით, თუნდაც მეტი საჭმელი და ტანსაცმელი გვქონდეს, ამ ყველაფრის ფასად არ ეღირება.

რუსულიდან თარგმნა თამარ ქავჟარაძემ

წინა სტატიები: მამა ალექსანდრე მენი მსმენელთა შეკითხვებს პასუხობს;  რა ხდება ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? თვითმკვლელობის თემა; პიროვნება და ბრბო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close