fbpx
შეუცნობელი

თვითმკვლელობის თემა – მამა ალექსანდრე მენი მსმენელთა შეკითხვებს პასუხობს

ალექსანდრე ვლადიმირის ძე მენი (1935-1990 წწ.) – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ღვთისმეტყველი, მოძღვარი, წიგნების ავტორი ქრისტიანული თეოლოგიის, ისტორიისა და სხვა რელიგიების შესახებ.

წიგნში „მამა ალექსანდრე მენი მსმენელთა შეკითხვებს პასუხობს“ თავმოყრილია მამა ალექსანდრეს პასუხები ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე იესო ქრისტეს, სიკეთისა და ბოროტების, აღდგომისა და უკვდავების საიდუმლოებების, ქრისტიანული სიყვარულისა და სიწმინდის შესახებ; აგრეთვე, დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა ბიბლიის ყველაზე რთულად გასაგები ადგილების ინტერპრეტაციებს.

გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ძალიან საინტერესო წიგნიდან (გაგრძელება. წინა სტატიები: მამა ალექსანდრე მენი მსმენელთა შეკითხვებს პასუხობს;  რა ხდება ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? – მამა ალექსანდრე მენი მსმენელთა შეკითხვებს პასუხობს)

რა განსხვავება იქნება სიკვდილის შემდეგ ბოროტმოქმედის, უბრალოდ, კარგი ადამიანისა და წმიდანის  ცხოვრებას შორის?

თითოეული ხსნის თავის წილს მიიღებს, მხოლოდ წმიდანი – სრულად, ბოროტი კი, როგორც ჩანს, მის მინიმალურ დოზას იღებს, სანამ სიავისგან არ დაიცლება.

რა ემართებათ სიკვდილის შემდეგ ისეთ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ ჰიტლერი და სტალინი?

პირობითად რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც მათში სიბილწეა, იწვის. მაგრამ თუ სიბილწე ძალიან ბევრია, მაშინ არაფერი რჩება.

რატომ გმობს ქრისტიანობა თვითმკვლელობას? სიკვდილი ხომ ყოველივე ყოველგვარი მატერიალურისგან გათავისუფლება და ღმერთთან შეერთებაა?

ღმერთთან შეერთება თვითმკვლელობის გზით რომ ყოფილიყო შესაძლებელი, მაშინ სახარება თვითმკვლელობას იქადაგებდა. ღმერთი გვაძლევს სიცოცხლეს და ჩვენი ძალაუფლება მასზე არ ვრცელდება. სიცოცხლე წმიდათაწმიდაა! თქვენი, ან ბავშვის, ან ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე – აქ არანაირი გამონაკლისი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათი გამონაკლისები არსებობს. მაგალითად, ეკლესიამ მოწამეებად შერაცხა გოგონები, რომლებიც ეკლესიის დევნის დასაწყისში, მე-3 საუკუნეში, იმის შიშით, რომ მათზე იძალადებდნენ, რომში ფანჯრებიდან ხტებოდნენ. მაგრამ ეს ექსტრემალური სიტუაციაა.

როგორია ეკლესიის დამოკიდებულება თვითმკვლელობისადმი?

რა თქმა უნდა, ეს ტრაგიკული მოვლენაა. იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს, ჩვენ მას ვასაფლავებთ და პანაშვიდსაც ვუხდით (მართალია, დაუსწრებლად). ზოგადად, აქ არანაირი ბრალი არ არის. მე უნდა გითხრათ, რომ თვითმკვლელთა 90 პროცენტი – როგორც ერთმა მაღალმა სასულიერო პირმა მითხრა, და მას ჰქონდა ამის თქმის საფუძველი, რადგან მანამდე იგი ექიმად მუშაობდა – ფსიქიკურად არანორმალურია, ამა თუ იმ ხარისხით, მაგრამ ისინი, რომლებიც შეგნებულად თითქოს სახეში ახლიან ღმერთს სიცოცხლის წმინდა საჩუქარს – ისინი რაღაც დროის მარყუჟში ემწყვდევიან, ისინი ცხოვრებისეულ ხაზებს არღვევენ და ეს აუცილებლად  გამოიღებს საშინელ შედეგს.

რა უნდა გააკეთო ცხოვრების იმ მომენტში, როდესაც გინდა, რომ საკუთარ სიცოცხლეს წერტილი დაუსვა?

ორმოცდაათჯერ წარმოთქვი იესოს ლოცვა, ყოველ ჯერზე მიწამდე თაყვანისცემით. და ეს სურვილი გაქრება… ეს ნაცადი და ქმედითი მეთოდია.

თქვენ შეძლებდით, გეპატიებინათ თვითმკვლელისთვის?

რა თქმა უნდა, მე შემიძლია მისთვის მხოლოდ ვიტანჯო. ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ თვითმკვლელებზე, მაგრამ ამისათვის მღვდელმა მმართველი ეპისკოპოსის კურთხევა უნდა მიიღოს. მე უკვე დიდი ხანია მაქვს ნებართვა ჩემი ეპისკოპოსისაგან, რომ თვითმკვლელებისთვის ვილოცო, ოცდახუთი წლის წინ მივიღე.

ორი კითხვა ერთ თემასთან დაკავშირებით: 1. როგორია თქვენი დამოკიდებულება სასიკვდილო განაჩენთან მიმართებაში? 2. რატომ უნდა დაისაჯოს მკვლელი, როცა ნათქვამია: „ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ?

სიკვდილით დასჯის საკითხზე ეკლესიაში მსჯელობა მიდის და ამ თემაზე ცალსახად მიღებული ქრისტიანული შეხედულება არ არსებობს. მაგრამ თუ პირადად მე მეკითხებით, მე სიკვდილით დასჯის პრინციპული მოწინააღმდეგე ვარ. რამდენიმე მიზეზის გამო.

მიზეზი წმინდად გარეგნულია: ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი სახელმწიფოსა და ხალხის იურისპრუდენცია არ შეიძლება იყოს შეუმცდარი. შეიძლება შეცდომა მოხდეს და ეს შეცდომა შეუქცევადია. ადამიანს, რომელიც ციხეში ზის, თუნდაც სამუდამო პატიმრობამისჯილი, თუნდაც მარტოდმარტო საკანში, მაინც რჩება მზის შუქზე გამოსვლის შანსი, თუ აღმოჩნდება, რომ მართლმსაჯულებამ შეცდომა დაუშვა. სიკვდილით დასჯა კი ამას გამორიცხავს.

მეორე: ღრმად მწამს, რომ ყველაზე სერიოზულ კრიმინალსაც კი შეუძლია მონანიება. და მჯერა, რომ სიკვდილით დასჯა მას ამ უფლებას, ამ შესაძლებლობას ართმევს. ადამიანს შეიძლება ღრმა შინაგანი რყევა დაემართოს, რაც მას ჩადენილზე თვალებს აუხელს. აქედან გამომდინარე, იურიდიული მკვლელობა ჩემთვის გაუმართლებელია.

დაბოლოს, მესამე: ისტორია და ჩვენი თანამედროვეობა გვიჩვენებს, რომ სიკვდილით დასჯა არ ამცირებს დანაშაულების რაოდენობას და არ წარმოადგენს დანაშაულის შემაკავებელ ფაქტორს. ეს დასტურდება ამ სფეროს ყველა სპეციალისტის მონაცემებით. და საერთოდ, დამნაშავე „პატივს არ სცემს სისხლის სამართლის კოდექსს“.

რაც შეეხება მცნებას – „ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ“ – ქრისტე გვეუბნება შინაგანი, პირადი, სულიერი მიტევების შესახებ. მისი ეთიკა, უპირველეს ყოვლისა, პიროვნების ეთიკაა, სულიერი ეთიკა. საზოგადოება კი ქრისტიანული ეთიკით არ ხელმძღვანელობს; საზოგადოება ჰგავს ორგანიზმს, რომელმაც საკუთარი თავი უნდა დაიცვას. თუ დედაჩემი მომიკლეს, მე შემიძლია უზარმაზარი ძალისხმევა მოვახდინო საკუთარ თავზე და მკვლელს ვაპატიო, მაგრამ საზოგადოებას და მართლმსაჯულებას ამის უფლება არ აქვთ. მათ ყველაფერი კანონის შესაბამისად უნდა გააკეთონ. თუ საზოგადოებაში კანონი არ იარსებებს, მაშინ ყველაფერი ქაოსში გადაიზრდება. მაშასადამე, იურიდიული სამართალი არ არის სახარებაში მოხსენიებული განსჯა. ეს სრულიად განსხვავებული რამაა.

რატომ არსებობს ადამიანისთვის მხოლოდ ორი ადგილი სიკვდილის შემდეგ: სამოთხე და ჯოჯოხეთი?

ეს გამარტივებული სქემაა. და ეს საერთოდ არ არის „ადგილი“. ადგილი სივრცეშია. სამოთხე და ჯოჯოხეთი კი სულიერ განზომილებაშია. მდგომარეობა კი მრავალია. მათ, ვისაც დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ წაუკითხავს, ეხსომებათ, რომ იქ აღწერილია ჯოჯოხეთის, განსაწმენდელისა და სამოთხის მრავალი წრე. რატომ? იმის გამო, რომ ადამიანების სიკვდილისშემდგომი მდგომარეობა არ არის ერთგვაროვანი.

როგორია ჯოჯოხეთის შესახებ თანამედროვე მართლმადიდებლური კონცეფცია?

არცერთი რელიგიური სწავლება არ დაბადებულა, როგორც თეორია. ჯოჯოხეთის ცნება შინაგანი, სულიერი ცხოვრების პრაქტიკისგან იშვა. ჯოჯოხეთი პირველად იმ ადამიანის სამშვინველმა წარმოშვა, რომელიც უკვე აქ განიცდიდა სასოწარკვეთილებასა და სიბნელეს. მან გააცნობიერა, რა მოხდებოდა, თუ ეს სიბნელე მარადისობაში გადაჰყვებოდა.

სიავით გაჯერებული ადამიანი, ვისი მეხსიერებაც უმეტესწილად ბოროტებას აუვსია, ამ მეხსიერებითვე გადადის მარადისობაში. არა მგონია, გვეყოს იმდენი ფანტაზია, რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად მწარე შეიძლება იყოს იქ მისი არსებობა. შუასაუკუნეების მცხოვრები, რომელიც ამის სიმბოლურად წარმოდგენას ცდილობდა, ხატავდა ცეცხლს, ფიზიკურ ცეცხლს, მაგრამ ეს მხოლოდ სიმბოლო იყო. დარწმუნებული ვარ, რომ შუასაუკუნეების დროინდელი ნამდვილი, ღრმა მოაზროვნეები არ ფიქრობდნენ, რომ იქ იყო ტაფები და ცეცხლი. მათ მშვენივრად ესმოდათ, რომ ეს სულიერი რეალობის საკითხია. როგორც ერთ-ერთმა ბრძენმა თქვა, ჯოჯოხეთი – სიყვარულის შეუძლებლობაა. ეს არის სინათლის დაკარგვა და ჯოჯოხეთი აქვე იწყება და არა მხოლოდ სიკვდილის კარიბჭის მიღმა.

როგორ შევუთავსოთ ქრისტიანული ჰუმანიზმი ჯოჯოხეთის არსებობას? სამუდამოდ ჯოჯოხეთში წასულს ხომ ხსნის არანაირი შანსი არ აქვს?

მარადიულობას ამ შემთხვევაში არაფერი აქვს საერთო დროსთან. მარადიული ცხოვრება – ეს სიხარულის სისრულეა, მარადიული ტანჯვა კი – ტანჯვა, რომელსაც ცხოვრების მეორე მხარეს განვიცდით. გაიგეთ, ეს უსასრულო (დროში დაუსრულებელი) ტანჯვა კი არაა, არამედ ტანჯვა, რომელიც მარადისობის სფეროს განეკუთვნება. ნათქვამია, რომ დროთა განმავლობაში, როდესაც სამყარო სხვაგვარი იქნება, ღმერთი ყველა ცრემლს მოწმენდს, სამყაროში ყველანაირი ბოროტება გაქრება.

აღდგომა ყველას შეეხება, ვინც ოდესმე დედამიწაზე ცხოვრობდა? რის საფუძველზე მოხდება საშინელი სამსჯავრო?

კითხვა დაახლოებით ამის მსგავსია: რომელი სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე? თქვენ იცით, თუ რას გვიწოდებენ ქრისტე და მოციქულები, როცა მსგავს კითხვებს ვსვამთ და ვინტერესდებით – „ამ საუკუნის მაძიებლებს“. უამრავი კითხვაა, რომლებზეც ქრისტეს პასუხი არ გაუცია, რადგან ეს კითხვები… მე მათ უქმს არ ვუწოდებდი, მაგრამ ისინი ჩვენი სამშვინველისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის სულაც არ არის.

ერთადერთი რაც ვიცით, ისაა, რომ საბოლოო ჯამში, სინათლე და სიკეთე იმარჯვებს. წიგნი, რომელიც ბიბლიას აბოლოებს, ბიბლიის ბოლო წიგნი – აპოკალიფსი; წიგნი, რომლსაც „საშინელს“ უწოდებენ – ის მართლაც საშინელია, რადგან მსოფლიოს კატასტროფას ასახავს, მაგრამ, ამავდროულად, ეს ბიბლიის ყველაზე ოპტიმისტური წიგნიცაა, რადგან ასახავს რა ისტორიის შავ სიბნელეს, საბოლოოდ ყველაფერს კრავის (უფლის) ტრიუმფით აგვირგვინებს.

საშინელი სამსჯავრო იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც ქრისტე დედამიწაზე მოვიდა. მან თქვა: „სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი“. გამოდის, რომ სამსჯავრო მუდმივი მოვლენაა, ის გრძელდება. და დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას შორის, როდესაც არჩევანის წინაშე ვდგავართ – ეს არის სამსჯავრო. მთელი ერები გადიან მას. მთელი ცივილიზაციები ზოგჯერ გადიან სამსჯავროს და განაჩენს ღებულობენ. აქედან გამომდინარე, არ უნდა ვიფიქროთ, რომ სამსჯავრო მხოლოდ ისტორიის დასასრულს იქნება.

რაც უფრო სულიერი და სრულყოფილი იქნება ჩვენი ცხოვრება აქ და ახლა, უფრო მშვიდი და თავისუფალი შევეგებებით იმას, რაც „მხოლოდ თვალსაჩინო წამია სამშვინველის გარდასახვისა მარადიული აღმაფრენისკენ“. ადამიანი თავის თავში ატარებს მარადიულობის შეგრძნებას და მკვდრეთით აღდგომა უკვე აქ, ჩვენს ცხოვრებაშია დაშიფრული, და როდესაც ჩვენი ბოლო ჟამი დადგება, თუ სული საკმარისად ძლიერია, ის ადვილად გადალახავს იმ დაბრკოლებას, რომელიც მას სხვა სამყაროებისგან ყოფს.

ჩვენი სიკვდილის იქით მარადიულობა იხსნება. მე ვიცნობდი ადამიანებს, რომლებსაც სიკვდილის ნამდვილად არ ეშინოდათ, რადგან ყველა მათგანი შეიგრძნობდა, რომ დედამიწაზე თავიანთი ვალი აღასრულა. მათ გაიღეს ყველაფერი, რისი გაღებაც შეეძლოთ და ამან მათში წარმოქმნა სიმწიფის, მზადყოფნის განცდა იმ ნაყოფის მსგავსად, რომელიც ხეს უნდა მოსწყდეს. ამ შრომის, სიკეთის, შემოქმედების, თავგანწირვის ფონზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიკვდილი სინამდვილეში არც არებობს, რადგან თუ ჭეშმარიტად, სულიერად ვშრომობთ ამ მატერიალურ სამყაროში, მარადისობისთვის ვმშრომობთ. რასაც არ უნდა ფიქრობდეს ადამიანი ამის შესახებ, ისეთი სასწაული, რასაც ადამიანის პიროვნება ჰქვია, ვერ გაქრება უზარმაზარ კოსმოსურ მეურნეობაში, ყველანი მონაწილეობას მივიღებთ უმაღლეს ქმნადობაში, ყველას ექნება თავისი განვითარება.

„მომავალი საუკუნის ცხოვრება“ – ეს ჩვენი შორეული შთამომავლები კი არ არიან, ჩვენგან გამომავალი ძაფები, რომლებიც მომავლისკენ მიემართებიან, არამედ ეს ყველა ჩვენგანია, მთელი კაცობრიობა.

რუსულიდან თარგმნა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close