რუკა, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელებას რეალურ დროში გვიჩვენებს (ვიდეო)
ჩინეთის ქალაქ უჰანიდან წამოსული ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 132 ადამიანს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 6000-ს გადააჭარბა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს რუკა, რომელიც ვირუსის გავრცელების შესახებ მონაცემებს აღრიცხავს და ვიზუალურად, რეალურ დროში გვიჩვენებს. ამისათვის რუკა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ჩინეთის ჯანდაცვის კომისიისა და სხვა წყაროების მონაცემებს იყენებს.
მეცნიერთა აზრით, ახალი კორონავირუსი ადამიანებში ღამურებისგან გავრცელდა. ეპიდემიის ეპიცენტრის და ახლა კარანტინში მყოფი ქალაქის – უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ სწრაფად გავრცელებადი ვირუსი იმავე ოჯახებში დაფიქსირდა, რომლებშიც 2003 წელს მწვავე რესპირატორული სინდრომი; ამ ვირუსმა მაშინ თითქმის 800 ადამიანი იმსხვერპლა.
ახალი მონაცემების გამოქვეყნებისთანავე, რუკა დაუყოვნებლივ აახლებს ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა ოდენობას, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვს. წითელი წერტილებით აღნიშნულია გავრცელების ზონები; წერტილის ზომა შეესაბამება გავრცელების შედარებით ზომას. დაკლიკების შემთხვევაში ნახავთ ინფორმაციას რეგიონის შესახებ.
ვირუსის გავრცელებას ხშირად თან ახლავს პანიკა და დაბნეულობა, ყალბი ინფორმაცია კი ყველაზე სწრაფად ვრცელდება. დაბნეულობას კიდევ უფრო ამძაფრებს ისიც, რომ როგორც ჩანს, ჩინეთმა დაავადების პირველად გამოჩენისას მის შესახებ ინფორმაცია დამალა.
ჩინეთში დაკავებულია, სულ მცირე, რვა ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედებათ კორონავირუსის შესახებ ინტერნეტში არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნება ან გავრცელება.
რუკის ერთი გრაფიკი ძალიან თვალნათლივ გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად გავრცელდა ვირუსი ჩინეთში დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით.
ვირუსის გავრცელების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა მსოფლიოს 13 ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, ავსტრალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და იაპონიაში.
ექსპერტთა აზრით, ინფიცირებულ ადამიანთა რეალური რაოდენობა იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები მეტყველებს.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ახალი კორონავირუსი გაცილებით სუსტი იქნება, ვიდრე 2003 წელს გავრცელებული მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS). ამჟამად კარანტინია მთლიანად უჰანში, სამოგზაურო შეზღუდვებია შემოღებული ჰუბეის პროვინციის კიდევ 12 ქალაქში, რის გამოც იზოლაციაშია 33 მილიონი ადამიანი.
წყარო: tv9news.ge
რუკაზე გადასვლა შეგიძლიათ ამ ლინკზე: https://gisanddata.maps.arcgis.com/apps/opsdashboard/index.html#/bda7594740fd40299423467b48e9ecf6
„უჰანი მოჩვენებათა ქალაქი“ – ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში დაცარიელებული ქალაქის ვიდეო ვრცელდება.
Wuhan, China, the epicentre of the #coronavirus outbreak, is a ghost town as authorities rush to stop the epidemic from spreading. Euronews.com
Gepostet von Euronews English am Dienstag, 28. Januar 2020
სახლში მყოფმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ერთმანეთი გაემხნევებინათ. მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ასახავს, როგორ ამხნევებენ ადამიანები ერთმანეთს. ფანჯრებიდან ისმის შეძახილები: „უჰანო, გამაგრდი!“.
კომენტარები