fbpx
მედიცინამსოფლიოსაზოგადოება

ჰონკონგელმა მეცნიერებმა უჰანის ვირუსის ვაქცინა შექმნეს, ამასობაში ერთ დღეში კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა

ჰონკონგელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ უჰანის ვირუსის ვაქცინა შექმნეს. გასულ ერთ დღე-ღამეში კი ვირუსისგან კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა და 1804 დაავადდა.

ჰონკონგელი მკვლევარების მიერ ახალი ჩინური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნის შესახებ ინფორმაცია South China Morning Post-მა გაავრცელა ინფექციური დაავადებების სპეციალისტის, პროფესორ იუენ კვოკ-იუნგის განცხადებაზე დაყრდნობით. ვაქცინის გამოყენება მხოლოდ მისი კლინიკური გამოცდის შემდეგ დაიწყება.

„ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, თუმცა ცხოველებზე მისი ტესტირება ბევრ დროს წაიღებს“, – განაცხადა პროფესორმა და დააზუსტა, რომ ცხოველებზე ვაქცინის გამოცდას რამდენიმე თვე დასჭირდება, ადამიანებზე გამოცდას კი – ერთი წელი“. უფრო კონკრეტული ვადები მეცნიერს არ დაუსახელებია.

ვაქცინის შექმნაში ჩინელი (მატერიკული ნაწილიდან) და ამერიკელი (აშშ) მეცნიერებიც მონაწილეობდნენ.

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავება აშშ-სა და რუსეთშიც მიმდინარეობს. როგორც ცნობილი გახდა, ნოვოსიბირსკის ოლქში მეცნიერებმა, აგრეთვე, დაიწყეს ახალი ვირუსის საწინააღმდეგოდ 2 ვაქცინის შემუშავება. ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო ცენტ „ვექტორის“ დირექტორის თქმით, ამ ვაქცინების პროტოტიპების პირველი ტესტირება ივნისში ჩატარდება.

ცნობილია, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, თუმცა პირველი პაციენტის ინფიცირება ცხოველისგან მოხდა – ჩინელი მეცნიერების ვარაუდით, ვირუსის პირველწყარო შესაძლოა ღამურები იყვნენ. ინფექციის ძირითადი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, უღონობა და ოდნავ სველი ხველა. ახალი ვირუსით ინფიცირებულთა უმეტესობა ქალაქ უჰანში დაფიქსირდა, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

29 იანვრის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ოფიციალურად დადასტურებული რიცხვი ბოლო 24 საათში  მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის თაობაზე თავის Twitter-ის გვერდზე CGTN წერს.

კერძოდ, კორონავირუსით დაავადებულთა მთლიანი რაოდენობა გასული ერთი დღე-ღამის გამავლობაში თითქმის 1/3-ით გაიზარდა (1804 ადამიანი) და 5997-ს მიაღწია. გასული ერთი დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 26 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 45. გარდაცვლილთა მთლიანმა რაოდენობამ 132-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 103-ია.

ჩინელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დაავადების პიკი ჯერ კიდევ წინაა და ვირუსის გავრცელება პიკს 7-10 დღეში მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავიდან ახალი ვირუსის შესახენ აცხადებდა, რომ ის გლობალურ დონეზე „ზომიერ“ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა 26 იანვარს თავისი შეცდომა გაასწორა და 2019-nCoV-ს „მაღალი საფრთხის“ კვალიფიკაცია მისცა.

ვირუსი წარმოადგენს „ძალიან მაღალ საფრთხეს ჩინეთში, მაღალს – რეგიონულ დონეზე, მაღალს – გლობალურ დონეზე“, – აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 26 იანვრის ანგარიშში. 

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close