კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: პოლიციელმა 11 წლის ბავშვს სცემა (ვიდეო)

ათენში პოლიციელმა პატრულირების დროს 11 წლის ბიჭს სცემა. საზოგადოებრივი რეზონანსის შედეგად, პოლიციის ხელმძღვანელობამ პოლიციელს და მის სამ კოლეგას, რომლებიც პატრულირებისას მასთან ერთად იყვნენ, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა.

შემთხვევა, რომელიც შაბათს, 25 იანვარს მოხდა ათენის მენიდის რაიონში, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ვიდეოში ჩანს, როგორ აჩერებს DIAS-ის სპეცრაზმის 4 პოლიციელი (2 მოტოციკლით) ბავშვს ქუჩაში და საუბრის დროს როგორ ურტყამს ერთ-ერთ ბიჭს ორჯერ – სახეში და თავში.

ფაქტის შესახებ newsit.gr წერს და სათვალთვალო კამერის ჩანაწერსაც აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციელებმა ბიჭებს ჰკითხეს, სად მიდიოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა უპასუხა, რომ მამამისის მაღაზიაში მიდიოდა.

როდესაც ნაცემმა ბავშვმა წასვლა დააპირა, მეორე პოლიციელმა იგი მოაბრუნა. სამმა „წესრიგის დამცველმა“, რომლებიც ხედავდნენ, როგორ მოიქცა მათი კოლეგა, არაფერი იღონეს. მას შემდეგ, რაც ქუჩაში ავტომობილი გამოჩნდა, პოლიციელები მოტოციკლეტებს მოასხდნენ და წავიდნენ.

შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა საავადმყოფოს თანამშრომლის წყალობით, სადაც ნაცემი 11 წლის ბიჭი მამამისმა მიიყვანა.

„ბიჭი საშინელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, ძალიან შეშინებული. მენიდიში ოჯახის მეზობელმა გამოგვიგზავნა უსაფრთხოების კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ჩართულია“, – წერს გამოცემა.

პოლიციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ არასრულწლოვანის მიმართ პოლიციელის სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას ჩაატარებს. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შემთხვევის მონაწილე პოლიციის 4-ვე თანამშრომელი დროებით გათავისუფლებულია სამსახურიდან.

„გადაწყდა, რომ ატიკის პოლიციის სამმართველოს უფროსი ბავშვის ოჯახს დაუკავშირდება და ფსიქოლოგის მომსახურებას შესთავაზებს, რათა გვერდში დაუდგეს, თუ ოჯახი თანახმა იქნება“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მოტოციკლეტისტ პოლიციელთა ჯგუფები (DIAS, ბერძნულად ΔΙΑΣ) 2010 წლის მარტში შეიქმნა დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის და აღსაკვეთად, როგორიცაა: ძარცვა, გაუპატიურება, შეტაკებები, მკვლელობა… DIAS-ის შემადგენლობაში 2500 პოლიციელია. ყველა მათგანი რეგულარულად გადის სპეციალურ მომზადებას და სწავლებას. DIAS-ის შექმნის პოლიტიკური ინიციატივა მოქალაქეთა დაცვის მაშინდელ მინისტრს, მიხალის ხრისოხოიდისს ეკუთვნის, რომელიც 2019 წლის ივლისიდან ისევ ჩაუდგა სათავეში მოქალაქეთა დაცვის სამინისტროს.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, 21 იანვრიდან ათენის პოლიციის რიცხოვნობა ორჯერ და მეტად გაიზარდა (თითქმის 2 ათასამდე) და საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩებში დამატებით ΔΙΑΣ-ის 1183-მა პოლიციელმა დაიწყო 24-საათიანი პატრულირება.

მსგავს თემაზე: მიცოტაკისი დანაპირებს ასრულებს: ათენში დანაშაულთან მებრძოლ პოლიციელთა რიცხვი გაორმაგდა

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close