მე ვხედავ „აპოკალიფსის ოთხ მხედარს“… ჩვენი პლანეტა იწვის! – გაეროს გენერალური მდივანი
„აპოკალიფსის ოთხი მხედარი“, რომლიც ამჟამად ყველაზე მეტ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს, არის გეოპოლიტიკური დაძაბულობა, კლიმატის ცვლილება, გლობალური უნდობლობა და ახალი ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენება“, – ამის შესახებ 22 იანვარს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გენერალურ ასამბლეაზე ისაუბრა, სადაც წარადგინა ანგარიში ორგანიზაციის 2019 წლის მუშაობის შედეგებისა და 2020 წლის ამოცანების შესახებ.
მისი თქმით, მსოფლიოს 7,7-მილიარდიანი მოსახლეობა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას.
„ჩვენი სამყარო შეუქცევადობის წერტილს (point of no return) უახლოვდება. ჩვენს შორის მე ვხედავ „ბნელეთის ოთხ მხედარს“ – ოთხი მოახლოებული საფრთხე, რომელიც 21-ე საუკუნის პროგრესსა და პოტენციალს ემუქრება: პირველი „მხედარი“ უკიდურესი გეოპოლიტიკური დაძაბულობის სახით გვემუქრება – დამანგრეველი კონფლიქტები გაღატაკებას იწვევს, ტერორისტულმა აქტებმა უმოწყალო სიკვდილიანობა გამოიწვია, იზრდება ბირთვული საფრთხე. ვიდრე ოდესმე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მეტი და მეტი ადამიანი, ომებისა და დევნის გამო, იძულებული ხდება საკუთარი სახლი დატოვოს“, – განაცხადა გუტიერეშმა.
მან ყურადღება გაამახვილა „კლიმატის კრიზისის ეგზისტენციალურ საფრთხეებზეც“ და განაცხადა, რომ ეფექტიანი თანამშრომლობის გარეშე უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტა ვერ მოხდება.
„მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ოკეანის ტემპერატურა სწრაფად იმატებს, რაც წამში ხუთი ჰიროსიმას ბომბის ეკვივალენტია. მილიონობით სახეობა გადაშენების პირასაა. ჩვენი პლანეტა იწვის!“ – განაცხადა გუტიერეშმა.
„მესამე „მხედარი“ მზარდი „გლობალური უნდობლობაა“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. – როგორც ჩვენივე დასკვნები აჩვენებს, სამი ადამიანიდან ორი ცხოვრობს იმ ქვეყნებში, სადაც უთანასწორობა გაიზარდა. პოლიტიკურ ინსტიტუტებში საიმედოობა იკლებს. ქალები მოითხოვენ თანასწორობას და დისკრიმინაციისგან გათავისუფლებას”, – აღნიშნა მან.
გაეროს მეთაურმა „ციფრული სამყაროს ბნელ მხარეს” მეოთხე გლობალური საფრთხე უწოდა: „ტექნოლოგიური წინსვლა უფრო სწრაფია, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობა, შესაბამისად შევიცვალოთ, ან თუნდაც გავიაზროთ და შევიმეცნოთ ეს სიახლეები“, – აღიარა მან.
„მიუხედავად უზარმაზარი სარგებლისა, რაც ახალ ტექნოლოგიებს მოაქვს, მათ ბოროტად იყენებენ დანაშაულის ჩასადენად, სიძულვილის გასაღვივებლად, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ადამიანების დაჩაგვრისა და ექსპლუატაციისათვის, ტექნოლოგიები აგრეთვე სულ უფრო ხშრად არღვევენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას“, – განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა მსოფლიოს უმაღლესი ტრიბუნიდან.
ცნობისთვის, ბიბლიის მიხედვით, ოთხი მხედარი ეპიდემიას, ომს, შიმშილს და სიკვდილს აღნიშნავს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები