ფსიქოლოგიაშეუცნობელი

პიროვნება და ბრბო – მამა ალექსანდრე მენი მსმენელთა შეკითხვებს პასუხობს

„აი, ჩემო მეგობრებო, სად ქრება ადამიანური სულიერება – მასაში! როდესაც ადამიანი მასად იქცევა, მაშინ მისი უნიკალურობა იკარგება. ის კარგავს სიტუაციის ობიექტურად შეფასების უნარს. მასის ვინმეზე მიქსევა კი ძალიან მარტივია – ჯერ ერთი, შემდეგ კი სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით…“ – ფრაგმენტები მამა ალექსანდრე მენის ძალიან საინტერესო წიგნიდან (გაგრძელება. წინა სტატიები: მამა ალექსანდრე მენი მსმენელთა შეკითხვებს პასუხობს;  რა ხდება ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? თვითმკვლელობის თემა)
თემა 2. ადამიანის სულიერება

მსოფლიო რელიგიების გამოცდილება, სულიერი ტრადიციები, რომელთაც საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში კაცობრიობის საუკეთესო წარმომადგენლები აღზარდეს – ეს წმინდა გამოცდილება ხელს უწყობდა ადამიანში მისი სულიერი საწყისის ჩანერგვასა და აღმოცენებას. თუ ჩვენ მას უარვყოფთ, მაშინ ის პროცესები, რომლებიც უკვე ჩვენ თვალწინ დაიწყო და მიმდინარეობს, უსწრაფესად, საშინელი აჩქარებით განვითარდება. ადამიანმა შეიმეცნა სიკეთე და ბოროტება – თქვენ ყველას გახსოვთ ბიბლიური გადმოცემა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა გადაწყვიტა სიკეთე და ბოროტება საკუთარი სტანდარტებით გაეზომა. არა ისე, როგორც ამას უმაღლესი, წმინდა ღვთიური კანონი წყვეტს, არამედ, როგორც თავად მოესურვება: სიკეთე ისაა, რაც პირადად მე, ჩემს ოჯახს, ჩემს კლანს, კლასს, პარტიას და ა. შ. გამოადგება. ეს დასასრულია! აქ იწყება დასასრული.

ამრიგად, სულიერების პრობლემა კულტურული დასვენების დროს განხილული რიტორიკული საკითხი კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა. თუ ამას ვერ ვგრძნობთ, არ შევეცდებით მას სრული პასუხისმგებლობით მივუდგეთ, მაშინ უზენაესი მომართვის წინაშე გაკოტრებულები აღმოვჩნდებით.

არსებობს განსხვავება მორწმუნესა და რელიგიურ ადამიანს შორის?

არსებობს. ადამიანი, რომელსაც გარკვეული მოძღვრების, ვთქვათ, პოლიტიკურის სჯერა, შეიძლება მას მორწმუნე და ბრმად მორწმუნეც კი ვუწოდოთ, მაგრამ არა – რელიგიური. ყველა ადამიანი, რომელსაც ჰიტლერის გენიის ან სხვა მსგავსი პერსონაჟების სჯეროდა, მორწმუნე იყო, მაგრამ არა – რელიგიური. რელიგიური არის ის, ვისაც ღმერთი სწამს.

გვითხარით, რა არის სულიერება?

უნდა ვაღიაროთ, ეს სიტყვა ადრე ძალზე უარყოფით რეაქციას იწვევდა. აბსურდია, მაგრამ ფსიქოლოგიაც კი თითქოს განსაკუთრებული საგანი გახდა – მეცნიერება შესასწავლი ობიექტის გარეშე. ბერძნულიდან „ფსიქე“ ნიშნავს „სულს“, მაშინ როდესაც ამბობდნენ, რომ სული არ არსებობს, ამიტომ პრაქტიკულად იმას სწავლობდნენ, რაც არ არის.

იყო ასეთი უკიდურესი მდგომარეობა: სულიერებას ხაზი გადაუსვეს, როგორც ძველ, წარღვნამდელ კონცეფციას. შემდეგ მეორე უკიდურესობაში გადავვარდით: წაღმა-უკუღმა დავიწყეთ სიტყვა „სულიერების“ გამოყენება. თითქოს კბილებზე მოგვეკრო. გვაქვს ასეთი რეფლექსი – ყველაფერი საღეჭ რეზინად ვაქციოთ, მაგრამ მე მინდა საკითხი თავისი არსით დავაყენო.

სულიერება – ეს ისაა, რაც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს. ძალიან კარგად იცით, პალეონტოლოგიის სფეროში თანამედროვე აღმოჩენებმა აჩვენა, რომ ჩვენს ძალიან შორეულ წინაპრებს – ავსტრალოპითეკის ნათესავებს – უკვე ჰქონდათ მშვენიერი გამართული დგომა და, როგორც ჩანს, კარგი კომუნიკაციაც ერთმანეთთან. მათ არ ჰქონდათ განსაკუთრებული მაღალგანვითარებული ტვინი, მაგრამ დანარჩენ ცოცხალ არსებებზე მაღლა იდგნენ, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ ადამიანები.

როდის ჩნდება homo sapiens-ი – ადამიანი? იმ მომენტიდან, როდესც ვპოულობთ თავის ქალებს, რომლებიც თანამედროვე ანთროპოლოგიური სტრუქტურის იდენტურია და ამ ნაშთებთან ერთად ხელოვნებისა და რელიგიის კვალს ვაწყდებით. ანუ ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, ორი განზომილების ზღვარზე მდგომი: ერთ მათგანს შეგვიძლია პირობითად მატერიალური ვუწოდოთ, მეორეს კი – სულიერი. სულიერი განზომილება არცერთი ხელსაწყოთი არ იზომება, ის ყოფიერების განსხვავებულ სიბრტყეში იმყოფება.

როდესაც ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ხალხებს, რასებს, კლასებს შორის ბრძოლები, ომები და ა.შ., კაცობრიობის ისტორიის არსია, სინამდვილეში ავიწყდებათ, რომ ეს მოვლენები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვნის შთაბეჭდილებას ტოვებს, რეალურად ადამიანის მხოლოდ ცხოველურ მხარეს ასახავს – მზის ქვეშ ადგილისთვის ბრძოლას, უცხოსთან ბრძოლას, საკუთარი კერის დაცვას ან სხვის ტერიტორიაზე შეღწევის სურვილს, კვებისა და გამრავლების პრობლემას.

XX საუკუნის შუა პერიოდის გეოპოლიტიკა აგებულია ტერიტორიების პრობლემაზე. მაგრამ თუ ზოოფსიქოლოგიას მინიმუმ პრიმატოლოგიის დარგში მაინც განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ტერიტორიის გადანაწილების პრობლემა მაიმუნებსაც არანაკლებ აღელვებს. ადამიანური ყოფის ეს ცხოველური მხარეები ბოლო დრომდე გვეჩვენებოდა (ბევრ მათგანს კი დღემდე ეჩვენება) ფუნდამენტურ, ყველაზე მნიშვნელოვან მხარედ. წარმოგიდგენიათ, სანამდე დავეშვით? ჩვენ მივედით იქამდე, რომ ხალხის ისტორიაში, კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანური ფაქტორი უარვყავით! მართლაც, დაგვავიწყდა, სად და რატომ მივდივართ და რატომ ხდება ეს ყველაფერი. დავივიწყეთ, რა არის ადამიანი! ის, რომ მას სჭირდება საკვები, თავშესაფარი და ტანსაცმელი, – ეს არ არის მხოლოდ ადამიანის თვისება: ყველა ცოცხალ არსებას სჭირდება თავშესაფარი და საკვები, მაგრამ ადამიანის ფაქტორი, სპეციფიკური ფაქტორი დავიწყებულია. გამოდის, რომ გამოვტოვეთ ყველაზე მნიშვნელოვანი, ის, რასაც ჩვენი ცხოვრების გულისგული შეიძლება ვუწოდოთ.

ეს ტრაგიკული ხარვეზი ფატალურად აისახა როგორც ცხოვრების მატერიალურ მხარეზე, ისე სულიერსა და ზნეობრივზეც… ცხოვრების ყველა მხარეზე. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ თავი და თავი ყველა კრიზისისა, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას არყევს, არის ადამიანური ფაქტორის დავიწყება, უგულებელყოფა. ათწლეულებია, ადამიანის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს! შეიძლება ბუზებივით  დაიხოცოს ასობით, ათასობით და მილიონობით ადამიანი და ამას გულგრილად შევხედოთ! განვითარდა სრულიად უგულო ჯალათების ფსიქოლოგია, რომელთა უკან უამრავი მსხვერპლი დგას. მათ იმის შეგრძნებაც კი აღარ აქვთ, რომ რაღაც უკადრისი ხდება.

რა არის ადამიანი? როგორც მაიაკოვსკიმ თქვა: „ერთის ხმა წუილზე სუსტია“. სწორედ ამ იდეოლოგიით, იმით, რომ „ერთის ხმა წუილზე სუსტია“, იწყება ადამიანური ფაქტორის უგულებელყოფა. ადამიანთა საზოგადოებისთვის კი ეს დაუსჯელად ვერ ჩაივლის.

კაცობრიობის მთელი ისტორიის არსი ისაა, რომ ავმაღლდეთ, გადავლახოთ ცხოველური, ბიოლოგიური ბორკილები, რომლებიც გვზღუდავს და გვბოჭავს. გაიხსენეთ, რომ მეცნიერები, პოეტები, მხატვრები, მოაზროვნეები ძალიან ხშირად უგულებელყოფდნენ ელემენტარულ ნივთებს, რაც ხალხს მაგნიტივით იზიდავს. ისინი ხშირად სწირავდნენ საკუთარ დროსა და კეთილდღეობას – ბევრ რამეს იმის გამო, რომ მათი საქმიანობის სულიერი მხარე უპირატესი, უფრო არსებითი აღმოჩნდებოდა ხოლმე. რა თქმა უნდა, ცინიკოსს შეუძლია გვითხრას: ეს ყველაფერი იდეალიზმია, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს ელემენტარული ვნება (შიმშილი, სიცივე და ა. შ.) მართავს. დიახ, ასე საუბარი იოლია, მაგრამ ამას ეწოდება „თამაში გაუფასურებაზე“. ეს ნიშნავს მიზანთროპული ხედვით, ადამიანში ჭეშმარიტი საწყისის უგულებელყოფით, არ მივცეთ მის ნამდვილ „მე“-ს განვითარების შესაძლებლობა, ერთადერთისა, რაც მას ბუნებაზე აღამაღლებს.

დიახ, ჩვენ ბუნების შვილები ვართ და მისი ციკლიდან გამოსვლის შემდეგ, სხეულის გარდაცვალებით ისევ მის ციკლს ვუბრუნდებით, მაგრამ საკუთარ თავს სხვა შეკითხვა დავუსვათ: სად, ბუნების რომელი მხარიდან, მენდელეევის პერიოდული ცხრილის რომელი ნაწილიდან მომდინარეობს ცოდნის უანგარო წყურვილი, სიკეთის და ბოროტების ცნებები, თვითშეგნება, რომელიც ადამიანს ცხოველებისგან განასხვავებს? მაღალი აბსტრაქტული აზროვნების უნარი, მისტიკური გამოცდილების უნარი, სილამაზის აღქმა, რომელიც სულის უჩვეულოდ ძლიერ იმპულსად ყალიბდება? ასეთი რამეები ხომ ბუნებას არ ახასიათებს.

ჩვენი „მე“ განუმეორებელია, ჩვენი პიროვნება საჩუქარია, მაგრამ არა დედაბუნებისგან. ფაქტია, რომ პიროვნული საწყისი სპეციფიკურია და სულიერი თვალსაზრისით წამყვანი. სწორედ რომ პიროვნება ქმნის ყველა დიდ შედევრს პოეზიაში, ფილოსოფიაში, ფერწერასა და შემოქმედების სხვა სახეობებში. თქვენ მშვენივრად გესმით, რომ, ვთქვათ, პოეზიის ისტორია არ არის ბრბოს ისტორია, რომლებიც  შეიკრიბნენ და გუნდურად რაღაცის შეთხზვა მოინდომეს, ეს არის პიროვნების ისტორია, რომელმაც განიცადა, თავის თავში გაატარა მთელი სამყარო და ახალი სამყარო შექმნა. მხატვარი ტილოზე ან ქანდაკებაში ქმნის ახალ სამყაროს, საკუთარ სამყაროს. ის შემოქმედია! ამიტომაც ასე საჭიროა გვწამდეს, რომ ადამიანის პიროვნება ბუნებაში უმაღლესი რამაა. ადამიანის პიროვნებისადმი პატივისცემის გაღვივება და ჩანერგვა აუცილებელია არა უბრალოდ, აბსტრაქტული ეთიკური მოსაზრებებით, არამედ, როგორც ამას უკვე ვხედავთ, მთელი ჩვენი სოციალური და ზნეობრივი ცხოვრების გამო.

როგორ ფიქრობთ, ადამიანის პიროვნებისადმი პატივისცემის პირობებში წარიმართებოდა ისეთი ტრაგიკული, საშინელი, არაადამიანური პროცესები, რომლებზეც ახლა მედიასაშუალებები უსასრულოდ საუბრობენ? მათი არსებობა იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ პიროვნება გახდა საშუალება გარკვეული მიზნების მისაღწევად მათთვის, ვინც სიტუაციით ისარგებლა და ადამიანებით მანიპულირება მოახერხა და ამით პიროვნებები მასად აქცია. აი, ჩემო მეგობრებო, სად ქრება ადამიანური სულიერება – მასაში! როდესაც ადამიანი მასად იქცევა, მაშინ მისი უნიკალურობა იკარგება. ის კარგავს სიტუაციის ობიექტურად შეფასების უნარს.

მასის ვინმეზე მიქსევა კი ძალიან მარტივია – ჯერ ერთი, შემდეგ კი სავსებით საწინააღმდეგო მიმართულებით. მასა, უბრალოდ, ადამიანთა გროვა არაა. მხედველობაში მაქვს საზოგადოების განსაკუთრებული მდგომარეობა, განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც რეგრესიულ ხასიათს ატარებს. ნამდვილი ადამიანის წინაშე ყოველთვის დგას არჩევანის, პირადი გადაწყვეტილების პრობლემა – ამაშია მისი სიდიადე. მასა ერთი მიმართულებით მიდის, როგორც ლომისგან დამფრთხალი ანტილოპა გნუს ჯოგი. ის გზას ვერ არჩევს. ოჰ, რა ადვილია ასეთი მასების საჭირო ადგილამდე მირეკვა! ბედნიერებაა, თუ გამრეკი მეტ-ნაკლებად ჰუმანური აღმოჩნდება, მაგრამ, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ასე არ ხდება. ამრიგად, პრაქტიკულად, სასიცოცხლოდ, სოციალურად, ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ადამიანი სულიერი არსებაა და არ შეიძლება ამ ცენტრალური სპეციფიკის დამცრობა, უგულებელყოფა და მისი განხილვა მეორეხარისხოვან, ზედაპირულ ან სხვა რამე ამდაგვარ კონტექსტში.

რუსულიდან თარგმნა თამარ ქავჟარაძემ

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close